Accessibility links

logo-print

სასჯელი და ჯილდო თანამედროვე საქართველოში


საქართველოში სასჯელი დანაშაულის შესაბამისი იშვიათად არის. პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადოების წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ,

რომ საყოველთაო განუკითხაობა, თუნდაც, უკიდეგანო კორუფცია, მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს კანონის წინაშე.

შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანას, რომელსაც სასჯელი "არ უვარგა", კარგი და სამართლიანი ჯილდოები ჰქონდეს?

შესაძლოა, ძალიან შეუსაბამოდ ჟღერდეს, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც თანამედროვე საქართველოა, სამართლიანი ჯილდო არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანი სასჯელი.

ერთი მხრივ, სისტემის ცვლილებისა და, მეორე მხრივ, გლობალიზაციის პროცესში ყველაზე მეტად დაზარალდა საზოგადოების ის ფენა, რომელსაც ინტელიგენცია, განსაკუთრებით, შემოქმედებითი ინტელიგენცია ჰქვია. ჩვენს გვერდით მოღვაწე მეცნიერები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც, წარმატებული საქმიანობისთვის, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ჯილდოებს ანიჭებდნენ. თუმცა, მაშინდელი ჯილდოები, არცთუ იშვიათად, რეჟიმის მიმართ ლოიალობისთვის გაიცემოდა და ინტელიგენციას "პრივილეგირებულ" და "დანარჩენ" ნაწილად ყოფდა. ასეთივე უსამართლო იყო სასჯელი, რომელიც იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე წონას იცვლიდა.

დღეს სასჯელის მხრივ ზუსტად იგივე მდგომარეობაა, მაგრამ საქართველოში ჩნდება ახალი ჯილდოები, რომლებსაც აღარაფერი აკავშირებს ხელისუფლებასთან და რომლებიც, წესით და რიგით, საქართველოს კულტურული ცხოვრების აღმავლობას უნდა მოემსახუროს.

არის თუ არა შესაძლებელი, რომ ქვეყანას, რომელსაც სამართლიანი სასჯელი არ გააჩნია, სამართლიანი ჯილდო ჰქონდეს? ამ კითხვის პასუხი ქვეყნის შინაგან რესურსზეა დამოკიდებული.

ის ადამიანები, რომლებიც სასჯელს აწესებენ და მოქალაქეებს შეუფარდებენ, ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები არიან. მათში სამართლიანობის სულისკვეთების გაღვივება მთელი სახელისუფლო სისტემის შეცვლასთან არის დაკავშირებული. სულ სხვაა ჯილდო. ის ადამიანები, რომლებიც ჯილდოს აწესებენ და მოქალაქეებს მიაკუთვნებენ, საზოგადოების არასახელისუფლო ნაწილს წარმოადგენენ და ცოტანიც არიან. ეს ვითარება საშუალებას იძლევა, თავად ჯილდოებიც და მათი მინიჭებაც საზოგადოების საუკეთესო ნაწილის ხელში აღმოჩნდეს და ჯილდოს, სასჯელისგან განსხვავებით, ფასი დაედოს.

გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში მწერალი ტარიელ ჭანტურია ბრძანებს, რომ ჯილდო ჰეროსტრატეს კომპლექსის შეკავების მცდელობაა კულტურული კაცობრიობის მხრიდან: არ ვიცით, ვინ ააშენა წმინდა არტემიდეს ტაძარი, მაგრამ ვიცით, რომ ჰეროსტრატემ დაწვა. გამოდის, ჯილდო ის მალამოა, რომელიც სახელის ვნებას აცხრობს. შესაძლოა, სხვა დროსა და სივრცისთვის ეს შეფასება მართებულია, მაგრამ თანამედროვე საქართველოში სამართლიანი ჯილდოს არსებობა არა მხოლოდ მალამოა, ან კულტურის აღმავლობის სტიმული, არამედ წმინდა პოლიტიკური აქტია. ეს არის მკაფიო დასტური, რომ საზოგადოება გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG