Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საარჩევნო კანონპროექტის პრინციპებზე მსჯელობა დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 24 აპრილს პარლამენტმა პირველი წაკითხვით მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ,

რომლის ინიციატორი ფრაქცია "აღორძინება" კენჭისყრის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და სხვისი პულტებით მანიპულირების პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ მოგვარებას მოითხოვს. სავარაუდოდ, არანაკლებ ვნებათაღელვას გამოიწვევს საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი 24 აპრილს შეუდგა. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები პარლამენტში?

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი რამდენიმე წელია მუშაობს. თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, გაირკვა, რომ, შესაძლოა, პარლამენტს სულ სხვა კანონპროექტის განხილვა მოუხდეს.

საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით ამ ერთი წლის წინ მიიღო. მაშინაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იმ საკითხს შეხვდა, რომელიც ახლაც სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის დაპირისპირების ძირითად მიზეზად იქცა. შარშან მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული ფრთის წარმომადგენელთა ინიციატივას, ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულიყო, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ: პროფესიული ნიშნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში იგულისხმებოდა ხმების ორი მესამედით კომისიის წევრებად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დამტკიცება. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნაში მონაწილეობას მიიღებდნენ ის პარტიები, რომლებმაც ბოლო ორი არჩევნებისას 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. მათ დაემატებოდათ პრეზიდენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ინტერფრაქციული ჯგუფის მომზადებული ვარიანტით, საკმაოდ იკვეცება ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებიც. ამ სტრუქტურას, გარკვეულწილად, ტექნიკურ-ორგანიზაციული პრობლემების მოგვარება ეკისრება. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვეღარ გააუქმებს საოლქო უბნების მიერ აღიარებულ შედეგებს - ასეთ შემთხვევაში, პროცესში უკვე სასამართლოები ჩაერთვება.

სხვა პრინციპს გულისხმობს სახელისუფლებო ფრაქციების მიერ წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. ამ პროექტით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, 2-ს - ავტონომიური რესპუბლიკები, კომისიის შემადგენლობას უკვე პარლამენტი ამტკიცებს.

საპარლამენტო ოპოზიცია ამ ინიციატივას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს. ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრის ვასილ მაღლაფერიძის აზრით, ასეთი რამ არსად მომხდარა, რომ პრეზიდენტი, ერთი მხრივ, კონკრეტული საარჩევნო ბლოკის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდეს, მეორე მხრივ კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკომპლექტებდეს.

ამ საკითხების გარდა, სავარაუდოდ, კამათს გამოიწვევს ამომრჩევლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრაც. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ავტორის ვახტანგ ხმალაძის აზრით, ე.წ. კარუსელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამომრჩეველთა დამატებითი სიების აკრძალვა. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ იმავე თბილისში რეგიონებიდან ჩამოსულთა უდიდესი ნაწილი ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს, დიდია შანსი, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა, უბრალოდ, ვერ შეძლოს.
XS
SM
MD
LG