Accessibility links

logo-print

რისთვის ჩამოვიდა თბილისში ვალერი ლოშჩინინი?


24 აპრილს თბილისს ეწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ვლადიმირ პუტინის პირადი წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინი.

ის საქართველოში შევარდნაძისა და პუტინის სოჭის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზების საკითხზე მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ლოშჩინინი თბილისის შემდეგ სოხუმში უნდა ჩასულიყო, თუმცა გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სოხუმში ვიზიტი მცირე ხნით გადადო. მიზეზი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ფორმირების პროცესი გახდა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი ლოშჩინინს აფხაზეთში ომში მონაწილე პირებით დაკომპლექტებულ მთავრობასთან მოუწევს მოლაპარაკება.

სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის ამოქმედება და მასთან აფხაზეთში დევნილთა ღირსეულად დაბრუნების სინქრონიზაცია, აგრეთვე, ენგურჰესის ქართულ-აფხაზურ-რუსული მხარეების მონაწილეობით რეაბილიტაცია - ასეთი იყო შეთანხმება, რომელსაც სოჭში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა მიაღწიეს. სოჭის შეხვედრაზე იმ სამუშაო ჯგუფების შექმნაც განისაზღვრა, რომლებმაც შევარდნაძისა და პუტინის შეთანხმებების რეალიზაციისთვის უნდა იმუშაონ. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელსაც ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის აწ უკვე ყოფილი პრემიერი ესწრებოდა, პირველ ნაბიჯად ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფების შექმნა განისაზღვრა.

აფხაზთა მხარეს, ამ მხრივ, ჯერ არაფერი გაკეთებულა, რადგან ბოლო ხანებში სოხუმის რეჟიმი ახალი მთავრობის ფორმირებით არის დაკავებული. თბილისში კი სოჭის შეხვედრას აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების გეგმის შემუშავებაც მოაყოლეს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმა სოჭის შეთანხმებებს ეხმიანება. სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენას თუ ენგურჰესის რეაბილიტაციას ის პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებათა განახლების, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის თაობაზე მსჯელობის დაწყების და, რაც მთავარია, დევნილთა დაბრუნების პარალელურად ითვალისწინებს. ამას გარდა, გულისხმობს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურებას. ამდენად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ჯემალ გახოკიძის თქმით, ამ გეგმის შემადგენელ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ ის საერთაშორისო კონფერენციაც, რომელიც აფხაზეთის პრობლემას დაუკავშირდება და უკრაინაში ჩატარდება. ამ კონფერენციის მნიშვნელობა ედუარდ შევარდნაძემ ახლახან კიევში ვიზიტისას აღნიშნა და, აი, რატომ უნდა იყოს ის მნიშვნელოვანი. ჯემალ გახოკიძის თქმით:

[ჯემალ გახოკიძის ხმა]" პრეზიდენტმა როგორც განმარტა, აქ არ იქნება რაიმე შეზღუდვა, მაგრამ იქნება უკრაინის ფაქტორის წამოწევა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში და, რაც ყველაზე მისასალმებელია, თვითონ უკრაინა გამოთქვამს ამისთვის მზადყოფნას, განსხვავებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებისგან. "

შევარდნაძის კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა გაეროს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის, როლი და გამოხატა მზადყოფნა იშუამავლოს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის. მაგრამ კიევში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დასრულებისთანვე თბილისში აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ვლადიმირ პუტინის პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა და ამ პროცესში რუსეთის განსაკუთრებული როლი შეგვახსენა. 24 აპრილს ლოშჩინიმა შეხვედრები საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში გამართა, მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ვიზიტის მიზანი ჩამოაყალიბა:

[ვალერი ლოშჩინინის ხმა] "ეს არ არის კონსულტაცია, ეს არის მოლაპარაკებების პროცესი, რაც ნიშნავს შეთანხმებებიდან პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლას ჟენევის ფორმატის ფარგლებში."

ვალერი ლოშჩინინმა განმარტა, რომ თბილისიდან სოხუმში ჩასვლას არ აპირებს, მაგრამ აფხაზეთს მალე ეწვევა. აფხაზეთში კი ჯერ აფხაზეთის ომში მონაწილე პირთაგან მთავრობის დაკომპლექტების პროცესია, რაც ამძაფრებს მოლოდინს იმისა, რომ სოხუმის რეჟიმი დათმობებზე არავითარ შემთხვევაში არ წავა. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის თქმით, არძინბას ახალი პრემიერის რაულ ხაჯიმბას უკან რუსეთის გენერალიტეტი დგას. რუსეთის ძალისხმევით აფხაზეთის პრობლემის მკვდარი წერტილიდან დაძვრისა ნადარეიშვილს ისევ არ სჯერა და, არსებითად, ამის მაინცდამაინც არც საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში უნდა სჯეროდეთ.

რუსეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოთხშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მას აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის უვადო გაგრძელების შესაძლებლობაზე ესაუბროს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას თამაზ ნადარეიშვილის საპროტესტო განცხადება მოჰყვა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ თემამ შევარდნაძის და პუტინის შეხვედრაზე გაიჟღერა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი დღის წესრიგში იდგეს.
XS
SM
MD
LG