Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომმა კასპიის ენერგეტიკული პროექტების ვექტორი შეცვალა


ნავთობის ბაზარზე ერაყის ომის შემდგომი მოსალოდნელი ცვლილებები კასპიის ნავთობპროექტების სულისჩამდგმელებს აიძულებს ენერგეტიკულ მატარებელთა გასაღების ახალი მიმართულებები ეძებონ.

დანიშნულების ადგილამდე კასპიის ენერგორესურსების რაც შეიძლება იაფად მიტანა ერაყის ნავთობთან კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველო ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტის ინიციატივით გამოვიდა.

მარშრუტი, რომელიც კასპიის ენერგორესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე წლის წინ შეირჩა, პოლიტიკურად უფრო იყო გამართლებული, ვიდრე ეკონომიკურად. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, გაცილებით ხელსაყრელად და მომგებიანად კასპიური ნავთობისა და გაზის რუსეთის გავლით ტრანსპორტირება გამოიყურებოდა. დასავლეთის ძალისხმევამ ენერგიის მიღების ალტერნატიული მარშრუტი შეექმნა, რუსეთის წინააღმდეგობა დაძლია. თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სულ სხვა რეალობებმა იჩინა თავი, ერაყის ნავთობის ათვისების პერსპექტივის სახით.

ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ფუნქციას კარგავს პოლიტიკურად მიზანშეწონილი, მაგრამ ეკონომიკურად ნაკლებად კონკურენტუნარიანი პროექტები. სავარაუდოა, რომ შეიძლება ამითაც იყოს ნაკარნახევი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი უკრაინაში. შევარდნაძემ კიევში კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი პროექტების იდეა გამოთქვა.

ის, რაც გაცილებით ადრე შეიძლება ამუშავდეს, ვიდრე ერაყის ნავთობი შეაღწევს მსოფლიო ბაზარზე, აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირებაა.

ეს მარშრუტი ასე გამოიყურება: ბაქოს ნავთობი სუფსასთან დამაკავშირებელ მილსადენს გაივლის და საზღვაო ტანკერებით უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში მოხვდება. ოდესა კი მილსადენითაა დაკავშირებული პოლონეთის მახლობლად მდებარე ქალაქ ბროდთან.

ამ მარშრუტის ამოქმედებას წინ არაფერი უდგას, პოლონეთთან დამაკავშირებელი მილსადენის არარსებობის გარდა. ანუ საჭიროა ქალაქ ბროდისა და პოლონეთის საპორტო ქალაქ გდანსკის შემაერთებელი მილსადენის აშენება. პროექტის განხორციელებაზე უკრაინის თანხმობის მიღების შემდეგ სავარაუდოა, რომ ინტენსიური კონსულტაციები დაიწყება პოლონეთთან და ინვესტორ კომპანიებთან.

კიევში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მეორე პროექტის იდეაც გაახმოვანა. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას განცხადებით:

[ჭანტურიას ხმა] „საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო მზად არის უკრაინასთან ერთად განიხილოს წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობის საკითხიც, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი... ეს არის საქართველოსთვის ევროპის უმნიშვნელოვანესი გარანტიების შემუშავების საფუძველი."

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთში წყალქვეშა გაზსადენი გაიყვანა, შაჰდენიზი-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა საეჭვო გახდა. კასპიის ბუნებრივი აირის ათვისებისა და ტრანსპორტირების პროექტის გადარჩენა მხოლოდ უკრაინაში გაცხადებული ახალი მარშრუტით თუ არის შესაძლებელი.

ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობას კი ბუნებრივი აირისადმი ევროპის მოთხოვნილება წარმოადგენს. ამჟამად იგი მთლიანად რუსეთის გაზზეა დამოკიდებული და კასპიური ენერგორესურსების ალტერნატიული მარშრუტები როგორც ევროპის, ასევე კავკასიის უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
XS
SM
MD
LG