Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ


ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, ჭიათურის მაჟორიტარ კანდიდატად მოგვევლინოს.

დღეისათვის იგი დამოუკიდებლობის პარტიის რომელიმე საარჩევნო ბლოკში გაერთიანების პრინციპული მოწინააღმდეგეა, რაც, თავის მხრივ, მისი და მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, დამოუკიდებლობის პარტია არჩევნების ბოიკოტის მომხრეთა რიგებში ვიხილოთ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დაძაბული თვე გვიჩვენებს. როგორც ირაკლი წერეთელი განმარტავს, მისი და მისი პარტიის საარჩევნო რეიტინგზე უარყოფითად არ ასახულა პარტიის ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტთან დავის ფაქტი.

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტ გიორგი ჭანტურიასთან ირაკლი წერეთლის დავის საგანია საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში არასაკმარისი დასაქმება. საქმე ეხება ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰ-დენიზის გაზსადენის მშენებლობას, რაშიც, გიორგი ჭანტურიას არაერთგზისი განცხადებისა და ჩარჩო დოკუმენტების მიხედვით, საშუალოდ 50 ათასიდან 70 ათასამდე ადამიანი უნდა ჩართულიყო. ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანიამ "სპიკა-ფაგ, პეტრო-ფაგმა", რასაკვირველია, საკუთარი გათვლები აწარმოა და მშენებლობაში მხოლოდ 2 500 კაცი დაასაქმა. რომ არა პირადი დაინტერესება, ეს ციფრობრივი შეუსაბამობა იქნებ არც კი გამხდარიყო ირაკლი წერეთლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი, მაგრამ დღეს მათი თავსატეხი ლამის კურიოზამდეა მისული - ნავთობის საერთაშორისო კორპორაციიის პრეზიდენტზე მეტად ათიათასობით ადამიანის დაუსაქმებლობაზე პაუხისმგებლობას ირაკლი წერეთელი გრძნობს და ეს პასუხისმგებლობა მას, რასაკვირველია, სერიოზულად ამძიმებს. საქმე ისაა, რომ გიორგი ჭანტურიას განცხადებების პასუხად, როგორც ირაკლი წერეთელი ამბობს, დიდი პატრიოტიზმისა და, ასევე, არცთუ მცირე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების იმედით, მან უმუშევართა დასაქმება განიზრახა. ამისათვის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით, ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმების მიზნით, გასული წლის ზაფხულში საგანგებოდ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ პრეტენზიული სახელწოდებით -საქართველოში სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაზე ეროვნული კონტროლისა და დასაქმების საზოგადოებრივი ცენტრი. ცენტრში რეგისტრაცია 32 000 ადამიანმა გაიარა. საფრანგეთის კომპანიამ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებს იგნორირება გაუკეთა, 2500 ვაკანსიაზეც კი. რეგისტრირებული ხალხის გამწბილებელი კი რეალურად ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია აღმოჩნდა.

[ირაკლი წერეთლის ხმა] "ეს 30 000 კაცის ანკეტებს რომ გვავსებინებდნენ, პირველი დღიდანვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ჭანტურია, რატომ არ გვითხრეს, რომ ნუ აკეთებთ ამ ანკეტების შევსებას. 3 500 ლარი გვიზის ამ ანკეტების შევსება - ეგრე ხომ არ არის." [სტილი დაცულია]

შექმნილი ვითარებიდან ირაკლი წერეთელი ერთადერთ გამოსავალს ხედავს: მის მიერ აფერისტად და დეზინფორმატორად წოდებულმა გია ჭანტურიამ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მიერ ლობირებულ დასაქმების ცენტრში რეგისტრირებულ 32 000 ადამიანს მორალური კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. მართალია, თანხა არ სახელდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ირაკლი წერეთელი მიუთითებს კომპენსაციის მატერიალურ წყაროზე - ბაქო-სუფსის განახლებული მილსადენის შემოსავლებზე.

არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლოშიც მოხვდეს, მაგრამ მანამდე ირაკლი წერეთელი თავს ვალდებულად თვლის, შექმნილი ვითარებისა და აბუჩად აგდებული ხალხის მგდომარეობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ამცნოს. ნავთობსადენსა და გაზსადენზე დასასაქმებელი მუშახელის რიცხვის ხელოვნურად გაბერვის გარდა, ირაკლი წერეთელი ჭანტურიას ტვირთების გადამზიდავი ფირმების ტენდერის გარეშე შერჩევასა და პროტექციონისტული ბიზნესის ხელშეწყობაშიც სდებს ბრალს. ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ბრალდებებს სერიოზულად არ აღიქვამს და თავის დაცვას არც კი ცდილობს.
XS
SM
MD
LG