Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვა პოზიციები არასამთავრობო სექტორში


დავით პაიჭაძე, თბილისი ნანა კაკაბაძის საუბრიდან ცხადი ხდება, რომ არასამთავრობო სექტორის აქტიურ ნაწილში გარკვეული უთანხმოებაა.

"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის მიერ ნახსენებ კოალიციას იგივე მიზნები აქვს არჩევნებთან მიმართებით, რაც საზოგადოებისათვის ცნობილ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ისინი ნანა კაკაბაძის ინიციატივით შექმნილ კოალიციაში არ შედიან. რას მოასწავებს მანამდელი მოკავშირეების გამიჯვნა? რამდენად შეუშლის ეს ხელს, საერთოდ, მესამე სექტორის ძალისხმევას, პოზიტიური გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო პროცესზე?

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომელმაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საზოგადოებისა და, სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლების დახმარება დაისახა მიზნად, არაერთხელ წარდგა მოქალაქეთა წინაშე კონკრეტული სამოქმედო წინადადებებით. შარშან ზაფხულში სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან დიალოგი თითქოს იმედისმომცემად დაიწყო, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან კანცელარიიდან არც ჯორბენაძესა და არც სხვა მოხელეებს აღარ გამოუხატავთ მზადყოფნა, გაეზიარებინათ სამოქალაქო საზოგადოების წევრთა მოსაზრებები. ნანა კაკაბაძესა და მის თანამოაზრეებს, შესაძლოა, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლებასთან პროდუქტიული თანამშრომლობა და ამ გზით სასიკეთო ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე შესაძლებელია. ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრძნობ ნაწილს ამის არც რწმენა შერჩა და არც სურვილი. თავიანთ არაფორმალურ გაერთიანებას ისინი არჩევნების ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს უწოდებენ. "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა ლევან რამიშვილმა ამ ორგანიზაციათა შორის მოიხსენია გაეროს ასოციაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტები, სამართლიანი არჩევნების საზოგადოება, "კმარა" და სხვები...

მე ვკითხე ლევან რამიშვილს, რისი გაკეთება აქვს განზრახული საკოორდინაციო საბჭოს წინასაარჩევნო პერიოდში. ერთ-ერთ სამუშაო მიმართულებად ლევან რამიშვილმა ამომრჩევლის სხვადასხვა ხერხით ინფორმირება დაასახელა. [რამიშვილის ხმა]: "ერთი მიმართულება იქნება სხვადასხვა დასახელებულ პუნქტში პარტიებისა და კანდიდატების მონაწილეობით დებატების გამართვა; ასევე იქნება მოხალისეთა მობილიზება ჩვენი აქტივობისათვის - მარტო თბილისში 1500 ადამიანი დაგვჭირდება. გვექნება სხვადასხვა აქციები ღია ცის ქვეშ - შეიძლება საპროტესტო, შეიძლება პოლიტიკური, საქველმოქმედო, მუსიკალური, თეატრალიზებული, კარნავალური - ყველანაირი. ერთი მხრივ, ეს ამომრჩევლის ინფორმირებისათვის არის კარგი, მეორე მხრივ, ცოცხალი აქცია ამომრჩევლის მოზიდვის საუკეთესო საშუალება გახლავთ. ტრადიციულად, დავაკვირდებით არჩევნებს, გვექნება პარალელური ხმის დათვლა, მედია-მონიტორინგი იმის დასადგენად, რამდენად სამართლიანად გაშუქდება წინასაარჩევნო პროცესი მედიაში. ჩვენ წამოვადგენთ ყოველკვირეულ შესაბამის ანგარიშებს. დაბოლოს, იქნება წმინდა საპროტესტო მოძრაობა "კმარას" სახით".

არჩევნებამდე დარჩენილი დრო აჩვენებს, მესამე სექტორის შიგნით განსხვავებული მიდგომები და ტაქტიკა (შეგახსენებთ, ოთხშაბათს არასამთავრობო ორგანიზაციათა კიდევ ერთმა გაერთიანებამ, საერთოდ, ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა სათავეში ჩადგომა) რამდენად მოიტანს საზოგადოებრივად სასარგებლო შედეგს.
XS
SM
MD
LG