Accessibility links

საქართველო, შესაძლოა, ''შავ სიაში'' მოხვდეს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ევროსაბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველო, შესაძლოა, ე.წ. "შავ სიაში" მოხვდეს.

რამდენიმე კვირის წინ ევროსაბჭოს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც "შავი ფულის" წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას უწევს მონიტორინგს, საქართველოს უკანასკნელი გაფრთხილება მისცა. თუ ხელისუფლება უმოკლეს ვადაში ვერ მოახერხებს "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ კანონის მიღებას და არ შექმნის სპეციალურ სამსახურს, საქართველო იმ სახელმწიფოთა სიაში აღმოჩნდება, რომელიც კრიმინალური ფულის "გათეთრებას" უწყობს ხელს. რა სანქციები შეიძლება გამოიყენოს საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს მიმართ და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას ქართული ეკონომიკისათვის?

საქართველოს დიდი შანსი აქვს გვატემალის, ეგვიპტის, ინდონეზიის, ნიგერიის, ფილიპინებისა და მსგავსი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდროს ადგილი. ამ ქვეყნების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს ის სახელმწიფოებია, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც ევროსაბჭოს სპეციალური კომისიის მიერ არაკონტაქტურ, არაკოოპერირებადი იურისდიქციის მქონე სახელმწიფოთა რიგში არიან ჩაწერილნი და "შავი ფულის გათეთრების" საქმეში შემჩნეულნი.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის" ორგანიზაციამ, რომელიც 1989 წელს 26 ქვეყნის მიერ დაფუძნდა, საქართველოს ე.წ. მეხუთე გაფრთხილება მისცა. ეს ის სანქციაა, რომლის შემდგომ ქვეყანა "შავ სიაში" შეჰყავთ და რომლის მიხედვითაც ამ სტატუსის სახელმწიფო "ფულის გათეთრების" პოტენციურ ცენტრად ითვლება. "შავ სიაში", ანუ არაკონტაქტურ ქვეყნებად მიჩნეულთა სიაში, მყოფი სახელმწიფოსათვის წესდება ფინანსურ გარიგებათა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევის სანქცია, იზღუდება საგარეო ინვესტიციები და იქმნება მთელი რიგი ბარიერები. ცოტა ხნის წინ ამ სიაში მოხვდა უკრაინა და ეს მაშინ, როცა უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რადამ, მიიღო სპეციალური კანონი. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა კანონი არასათანადოდ მიიჩნია და დღეს ქვეყანას დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რომ სანქციებს დააღწიოს თავი.

გასული წლის ნოემბერში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა კანონპროექტი "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ", რომლის მიღებაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაციებში პერმანენტულად ფიგურირებს. პოლიტიკური კონიუნქტურით გართულმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ მისი პირველი მოსმენით მიღება მოახერხა.

პროექტის თანახმად, უნდა შეიქმანს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც, ძირითადად, ანალიტიკური ხასიათის იქნება და მონიტორინგს გაუწევს საეჭვო ფულის ბრუნვას. "შავი ფულის გარეცხვის" საწინააღმდეგო ღონისძიებები განსაკუთრებით აქტუალური 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნარკობიზნესიდან, იარაღის ვაჭრობიდან და პროსტიტუციიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ აქტუალური არ არის, აღნიშნული კანონის მიღება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ აღებული ვალდებულებაა და, მისი დროული რეალიზაციის გარეშე, ქვეყნის ისედაც არცთუ სასურველ იმიჯს, შესაძლოა, სერიოზული ჩრდილი მიადგეს.
XS
SM
MD
LG