Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძლიერდება შიიტ მაჰმადიანთა გავლენა


ანდრო ეული, პრაღა ამ კვირაში ასეულათასობით შიიტმა, განვლილი თითქმის 30 წლის მანძილზე პირველად, შეასრულა ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალი

და წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ აბუ აბდალა ალ-ჰუსეინის საფლავი მოინახულა ბაღდადის სამხრეთით მდებარე წმიდა ქალაქ ქარბალაში. ეს იყო დასასრული 40-დღიანი გლოვისა, რომელიც უკავშირდება აბდალა ალ-ჰუსეინის დაღუპვას ქარბალაში, დამასკოს ხალიფის ჯართან ბრძოლის დროს. ეს მეშვიდე საუკუნეში, 680 წელს მოხდა. ხსენებული რიტუალი სადამ ჰუსეინის ერაყში აკრძალული იყო.

მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო და დაიშალა მმართველი ბაათის პარტია, შიიტების რელიგიური ლიდერები მუჯაჰიდები და აიათოლები, წამყვან სოციალურ და პოლიტიკურ ძალად გვევლინებიან ისევ ქვეყნის სამხრეთში. შიიტების წმიდა ქალაქები: ქარბალა და ნაჯაფი სამხრეთში, ხოლო ალ-ყაზიმია ბაღდადის მახლობლად და სამარა - ჩრდილოეთში, უდიდეს როლს ასრულებდნენ სუნიტებით დაკომპლექტებული ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ შიიტების დარაზმვაში.

სუბი ტომა ერაყში დაბადებული სოციოლოგია, რომელიც სამ ათწლეულზე მეტია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. როგორც მან აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ერაყის წმიდა ქალაქები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რაც უადვილებდა შიიტებს დაპირისპირებას სუნიტებით წარმოდგენილ მთავრობებთან, ბაღდადში რომ გაბატონდნენ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ.

[სუბი ტომას ხმა]: "ხსენებული ქალაქების ოპოზიცია ცენტრალური მთავრობისადმი ფაქტობრივად შედეგი იყო იმ პრივილიგიებისა, ეს ქალაქები რომ სარგებლობდნენ ოსმალთა ოკუპაციის დროს; მაგალითად, წმიდა ქალაქებს არ ევალებოდათ აომალეთის არმიაში ჯარისკაცების გაგზავნა. ამ ქალაქების მკვიდრნი გათავისუფლებულები იყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, ხოლო როცა შეიქმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელშიც ყოველ მამაკაცს უნდა ემსახურა ჯარში, ეს, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა."

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ახალშექმნილმა ერთა ლიგამ ლონდონს მიანდო ყოფილი ოსმალეთის სამი პროვინციის: ბასრის, ბაღდადისა და მოსულის მართვა. სწორედ ეს სამი პროვინცია წარმოადგენს დღევანდელ ერაყს. უცხოეთის მანდატი 1932 წელს დამთავრდა ოფიციალურად, როცა ერაყმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰაშემიტების მონარქიის დროს.

სამხრეთში, ოპოზიციური მოძრაობა დაიწყო იმის წინააღმდეგ, რომ ერაყის ახალშექმნილ სახელმწიფოში სუნიტი უმცირესობა დომინირებდა. შიიტი რელიგიური ლიდერების მიერ მოწყობილი არაერთი საპროტესტო გამოსვლა თუ აჯანყება სისხლისღვრით დამთავრდა.

მას შემდეგ, რაც სამოციანი წლების მიწურულს ერაყში ბაათის პარტიის რეჟიმი დამყარდა, ბაღდადის დაძაბული ურთიერთობა თეირანთან საბაბი გახდა ერაყში მცხოვრები შიიტების წინააღმდეგ უფრო მკაცრი რეპრესიული ზომების გასატარებლად. ათასობით შიიტი მეზობელ ირანში გააძევა ერაყის მთავრობამ. ქვეყანაში დაიხურა შიიტური სკოლები და უნივერსიტეტები, სასულიერო პირებს ქონება ჩამოართვეს, აიკრძალა რელიგიური რიტუალები.

სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ და ბაათის მმართველი პარტიის დაშლამ მწვანე შუქი მისცა მეზობელ ირანში ხანგრძლივი ლტოლვილობის შემდეგ ერაყში შიიტი სასულიერო პირების დაბრუნებას. ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის, აიათოლა მოჰამედ ბაქირ ალ-ჰაქიმია, ერაყში ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს ლიდერი, რომელსაც თეირანი უჭერს მხარს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანდრო ეულის მიერ ნახსენები ბაქირ ალ-ჰაქიმი, რომელიც უკვე ოც წელიწადზე მეტია, ირანში ცხოვრობს, სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. ცნობილია, რომ იგი იმთავითვე მხარს უჭერდა სამხრეთ ერაყში ირანის ყაიდის ისლამური რესპუბლიკის დაარსებას.
XS
SM
MD
LG