Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორად არგენტინელი იურისტი აირჩიეს


ჯერ არავინ იცის რა საქმეების განხილვით შეუდგება მუშაობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.

ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული სასამართლოს პირველ მთავარ პროკურორზე, რომელიც 21 აპრილს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე აირჩიეს. ლუის მორენო ოკამპო 50 წლის არგენტინელი იურისტია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელმა 78-ვე ქვეყანამ. ვინ არის ლუის მორენო ოკამპო და რა სახის საქმეები შევა ახალი სასამართლოს კომპეტენციაში.

ლუის მორენო ოკამპომ სახელი 1985 წელს არგენტინის სამხედრო ხუნტის წევრთა ბრალმდებლად ყოფნისას გაითქვა. 1992 წლიდან ის ბუენოს აირესში არსებული 12 იურისტისგან შემდგარი იურიდიული ფირმის მთავარი პარტნიორია. ეს ფირმა სისხლის სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეებსა და მსხვილ ორგანიზაციებში კორუფციის კონტროლის პროგრამებზე მუშაობს. მორენო ოკამპო არის აგრეთვე ჰარვარდის მიწვეული პროფესორი. მისი კონსულტაციებით სარგებლობენ გაერო, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის უპირველეს ამოცანას გამომძიებელთა და სხვა თანამშრომელთა გუნდის შედგენა წარმოადგენს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი ბრალმდებლის უწყება იქნება სრულიად დამოუკიდებელი, არ დაექვემდებარება არც მოსამართლეებს და არც სასამართლოს ადმინისტრაციულ სტრუქტურას. პროკურორი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებების საფუძველზე წამოიწყოს გამოძიება და გახსნას საქმე.

რაც შეეხება ახალი სასამართლოს იურისდიქციას, ამ სფეროში ჩვენთვის საყურადღებო რამდენიმე შეზღუდვა არსებობს, კერძოდ: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელთა განსჯაც არ მოხერხდა ქვეყანაში, სადაც დანაშაული მოხდა. გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ "რომის სტატუტის" წევრ ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის, ან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეკომენდირებული შემთხვევების განხილვა. და კიდევ ერთი, შეიძლება ყველაზე საყურადღებო ფაქტორი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ისააკ ფლატაუ მოგახსენებთ:

[ფლატაუს ხმა] "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის კიდევ ერთი შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია მხოლოდ იმ დანაშაულის განხილვა, რომელიც 2002 წლის 1 ივლისის მერე იყო ჩადენილი".

ეს შეზღუდვა ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ყველაზე აქტუალური აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულთა განხილვა ახალ სასამართლოზე შეუძლებელი იქნება. მასზე შეიძლება განიხილონ, მაგალითად, სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული. თუმცა, ვერ განიხილავენ ერაყში განხორციელებულ ღონისძიებათა გამო შეერთებული შტატებისთვის წაყენებულ ბრალდებებს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ "რომის სტატუტს" თავის დროზე ხელი მოაწერა ბილ კლინტონმა, შეერთებული შტატებს არ მოუხდენია ახალი სასამართლოს შექმნის მხარდამჭერი ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია.

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით პირველი საქმეები, რომლებითაც სასამართლოს მთავარი პროკურორი დაკავდება კოლუმბიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩადენილ დანაშაულებს შეეხება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG