Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო მარათონში პოლიტიკური ტერორის ნიშნები ჩნდება - აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე


ტერორი პოლიტიკაში საქართველოს რეალობისთვის უცხო ხილი არ არის. მას რამდენჯერმე გადაურჩა პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ტერორის ტრაგიკული შედეგებიც ახსოვს.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, - სწორედ მაშინ, როცა კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლად გართულდა, - პოლიტიკური ტერორის აღზევების ნიშნები იკვეთება. 25 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქება "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" აჭარა-გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნატო იმნაძის ბინასთან მოხდა. ბინასთან ნაპოვნია მუქარის წერილი, რომლითაც ნატო იმნაძეს ბათუმში ჩასვლა აუკრძალეს.

5 მაისს ბათუმში "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ყრილობის გამართვაა დაგეგმილი. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქების ადგილას ნაპოვნი მუქარის წერილით "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" აჭარა-გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნატო იმნაძეს ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმში ჩასვლას უკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნატო იმნაძე და მისი მეზობლები აფეთქებას ბედნიერი შემთხვევის გამო გადაურჩნენ. შემთხვევის ადგილას პოლიცია აფეთქებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ მივიდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავთა განმარტება ტრადიციულია და ასე ჟღერს: ეჭვმიტანილთა სავარაუდო წრე ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, დეტალები დგინდება. მოკლედ, რა ხასიათის იყო სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება და რა ძალები იდგნენ მის უკან, სამართალდამცავების გასარკვევია, თუმცა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მათ ვერც სხვა დროს გაურკვევიათ მაინცდამაინც ბევრი რამ. აფეთქების ხასიათთან დაკავშირებით პირველი მინიშნებები თავად "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. ვაჟა ლორთქიფანიძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა კი არა, პოლიტიკური ტერორი დაიწყო; დეპუტატმა დემურ გიორხელიძემ კი ივარაუდა, რომ ნატო იმნაძის ბინასთან მომხდარი აფეთქება წვრილფეხა პროვოკატორების მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული უნდა იყოს.

[დემურ გიორხელიძის ხმა] "მე არ მინდა რაღაც შორს მიმავალი ინტერპრეტაციები გავაკეთო და იმედს გამოვთქვამ, ეს წვრილფეხა ადამიანების პროვოკაცია იყო - ადამიანების, რომლებსაც მეტის არაფრის გაკეთება შეუძლიათ."

"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წარმომადგენლების მინიშნებებს "აღორძინების" თბილისის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. ცოტნე ბაკურიამ არ გამორიცხა, ნატო იმნაძის ბინასთან მომხდარი აფეთქება თავად "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ჩანაფიქრი ყოფილიყო, თვითრეკლამის მიზნით.

შეგახსენებთ: ნატო იმნაძის მამა, ნოდარ იმნაძე, 1991 წლის 30 აპრილს ასლან აბაშიძის კაბინეტში მოკლეს. ნოდარ იმნაძე, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იმავდროულად ასლან აბაშიძესთან დაპირისპირებული პირი იყო. აჭარაში ტერორის, დაშინების მეთოდებით მუშაობდნენ აბაშიძის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს მეთოდი თავის თავზე რესპუბლიკელებმა გამოსცადეს. 1992 წელს აფეთქება ბათუმში დავით ბერძენიშვილის სახლის სადარბაზოშიც მოხდა. ამას გარდა, როგორც დავით ბერძენიშვილი იხსენებს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ბევრი რაღაც იყო: იქ თამაზ დიასამიძე გაიტაცეს, აჭარის ჩვენი დეპუტატი რამდენჯერმე გაიტაცეს და სცემეს, ოფისი დაგვირბიეს. რაც შეეხება ნატო იმნაძის ბინასთან აფეთქებას, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" აჭარაში არ არის იმდენად გავლენიანი ძალა. ამდენად, ეს იყო დაშინება, გაფრთხილება და არა იმდენად ნატო იმნაძის."

დავით ბერძენიშვილი მომავალ პარლამენტში მისვლას აჭარიდან მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს.
XS
SM
MD
LG