Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინოგენული ვითარება დღითიდღე იძაბება - მინისტრ ნარჩემაშვილის იმპიჩმენტის საკითხი კვლავინდებურად აქტუალურია


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტის 24 აპრილის სამთავრობო საათზე ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო -

სპეციალური ეკონომიკური ზონების კანონპროექტსა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე ბჭობის შემდეგ კობა ნარჩემაშვილისათვის დეპუტატებს დრო ფიზიკურად აღარ დარჩათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში სტუმრობის ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების გართულების დინამიკით ვიმსჯელებთ, რაც უფრო შორს გადაიწევს თარიღი, მით უფრო გაუჭირდება მინისტრს პარლამენტარების შეტევებისაგან თავის დაცვა: მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა.

24 აპრილის კრიმინოგენურ კალენდარზე ერთდროულად აღინიშნა: აფეთქება, მანქანის გატაცება და ყაჩაღობა. ამ სამი მძიმე ინციდენტიდან ორი ცხელ კვალზე გაიხსნა, რაც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე. წარმატებით განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებები, დანაშაულის რიცხვისა და მასშტაბების ზრდის მიუხედავად, პოლიციამ აქტივში ჩაიწერა. თუმცა პოლიცია, ზოგადად, კომპრომეტირებულია თუნდაც იმის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიმინოგენური ქაოსია და ამ ქაოსის ინიცირებაში ხშირად თავად პოლიციელები სცოდავენ. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში პოლიციელთა მიერ მოქალაქეების ცემის რამდენიმე ფაქტი მოხდა. მოქალაქეებზე პოლიციელთა ძალადობა, არსებითად, მაინც სიახლეა იმ ლამის შეჩვეულ ჭირთან შედარებით, რასაც პოლიციელების დამნაშავეებთან კლანური შეკვრა და თანამშრომლობა ჰქვია. ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში ზედაპირზე დევს და რაც პირადად კობა ნარჩემაშვილის "დამსახურება" არ არის - თუმცა, სხვა მხრივ, პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს კობა ნარჩემაშვილის სისუსტედ მიაჩნია ის, რომ მან ვერ სძლია წინამორბედი მინისტრის, კახა თარგამაძის, ძლიერ ფრთას და მას საკუთარი გუნდი ვერ დაუპირისპირა. უფრო სწორად, ამგვარი გუნდი ვერც კი შექმნა. ამის შედეგია შინაგან საქმეთა მინისტრის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ისევ კოლეგების მხრიდან, რაც იმ მოხშირებული ინციდენტებით გამოიხატება, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. გავრცელებული აზრით, კობა ნარჩემაშვილის თანამდებობიდან ჩამოცილების კამპანიას გეგმაზომიერი ხასიათი აქვს. - პირადად ვისთვის გახდა ის მიუღებელი, სადავოა. - არ არის გამორიცხული,მისი იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტის დეპუტატებმა უახლოეს ხანში წამოიწყონ.

რაც შეეხება პრეზიდენტის კანცელარიას, მისი და სამინისტროს დღევანდელი ურთიერთობა უკვე წინასაპარლამენტო ჭრილში განიხილება: პოლიცია კვლავაც მხოლოდ პრეზიდენტის საარჩევნო ბლოკის სამსახურში რჩება და წინასაარჩევნო მითითებებს ღებულობს. მათგან ორ ძირითადს დავასახელებთ: ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პოლიციის 36 000-ვე თანამშრომელს ნაბრძანები აქვს საპარლამენტო არჩევნებში ხმა პრეზიდენტის ბლოკს მისცეს და, მეორე, პოლიციის თანამშრომლებს ევალებათ, საცხოვრებელი უბნების მიხედვით შემოიკრიბონ ნარკომანები და სხვა სახის დამნაშავეები, რომლებმაც, დაუსჯელობის საფასურად, პრეზიდენტის ბლოკის აგიტატორების ფუნქცია უნდა შეასრულონ, გარკვეულ შემთხვევებში, მოსახლეობაზე ზეწოლისა და მათი შეშინების გზით.

იმედია, არჩევანის თავისუფლების უფლებას მოსახლეობა არ დათმობს, მაგრამ ამგვარი ინსტრუქციის არსებობაც ფაქტია და ამას პარლამენტის დეპუტატებიც ადასტურებენ. დაიწყებენ თუ არა ისინი კობა ნარჩემაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას, - ვინაიდან იმპიჩმენტის თემის გააქტიურება პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ბოლოდროინდელ შემთხვევებს დაემთხვა, - მინისტრი კონტრღონისძიებებს იწყებს. 25 აპრილს მისი დავალებით ჩატარდა საგანგებო თათბირი, რომელზეც დედაქალაქის რაიონული პოლიციის უფროსებს დაევალათ პირად შემადგენლობაში დისციპლინის განმტკიცება უმოკლეს ვადაში. მინისტრის დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პოლიციის თითოეული თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელებს დაეკისრებათ.
XS
SM
MD
LG