Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოუტანს თუ არა პალესტინას მშვიდობას მაჰმუდ აბასი?


"უხილავი ფარდის" დღევანდელი თემა პალესტინელთა ახალ ლიდერს,

ახლო აღმოსავლეთის ამ რეგიონში პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის იმედს აბუ მაზენს, ანუ, როგორც მას კიდევ უწოდებენ, მაჰმუდ აბასს შეეხება.

ვისაც მშვიდობა სურს პალესტინაში, იქ, სადაც ისრაელის სახელმწიფო უკვე არსებობს და პალესტინელი არაბების სახელმწიფო უნდა აღმოცენდეს, იმედით შეხვდა ცნობას იმის თაობაზე, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტი იასირ არაფატი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი, მომავალი პრემიერი მაჰმუდ აბასი მორიგდნენ ახალი კაბინეტის საკადრო საკითხში. საქმე ის არის, რომ ახალი კაბინეტის შექმნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემოღება და შემდეგ თვითმმართველობის რეფორმირება, იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც სამშვიდობო გეგმას სთავაზობენ მხარეებს, ამ გეგმის განხორცილების პირობად დააყენეს. ჯერ აბასის მცირე პორტრეტს შემოგთავაზებთ.

ასევე აბუ მაზენად წოდებული მაჰმუდ აბასი ჩრდილოეთი პალესტინის პატარა სოფელ საფადში დაიბადა 1935 წელს, როცა მისი სამშობლო ბრიტანეთის მანდატქვეშ იმყოფებოდა. მისი ოჯახი იქიდან განდევნილ იქნა და სირიაში გადასახლდა 1948 წელს, როცა ისრაელის სახელმწიფო გამოცხადდა. აბასმა დამასკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო იურისპრუდენციაში. მოსკოვში, აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში კი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიანიჭეს. სადოქტორო დისერტაციის თემა სიონიზმი იყო. მოგვიანებით, 60-იანი წლების დასაწყისში, აბასი სანავთობო მრეწველობაში იყო დაკავებული, კატარში. ამავე პერიოდში პოლიტიკურ არენაზე მისი აქტიურობა იმით გამოიხატა, რომ არაფათთან ერთად ფათაჰის პარტია - პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ჩამოაყალიბა. ამ პარტიამ სულ მალე მოახერხა, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის უძლიერესი ნაწილი გამხდარიყო. აბასი 1965 წელს მათ რიგებში იყო, ვინც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის რევოლუციის მხარდამჭერებად ითვლებიან. ამ დროს ის პალესტინელთა განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანია და 1968 წლის შემდეგ - პალესტინელთა ეროვნული საბჭოს წევრი.

ამ უფლებამოსილებებით აღჭურვილმა პოლიტიკოსმა 1993 წელს პალესტინელებისა და ისრაელის სამშვიდობო პროცესის პრინციპების დეკლარაციას მოაწერა ხელი; 1995 წელს ისრაელთან საშინაო სამშვიდობო შეთანხმების გამფორმებელიც ის იყო. ოსლოში 1993 წელს გადაწყდა, რომ პალესტინელები ავტონომიას მიიღებენ, ეყოლებათ პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტი. ეს ყველაფერი მართლაც მიიღეს, მაგრამ არაერთი პრინციპი ოსლოს შეთანხმებისა არ ხორციელდება. ავტონომიის მართვა ძველებული პრინციპით ხდება: არაფათი რჩება მის ერთადერთ ლიდერად, რომელიც იმავე სტილით განაგრძობს ხელმძღვანელობას, როგორითაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას. ახლა ყველას - პალესტინელებს, პირველ რიგში, მათთან ერთად კი ისრაელებს და ამ ქვეყნის მთავრობას, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოებით და მშვიდობით დაინტერესებულ პირებს, სურთ რამე შეიცვალოს და ცვლილებები, პირველ რიგში, პალესტინის თვითმმართველობაში მოხდეს. აბასის პიროვნება, როგორც გითხარით, იმის იმედს იძლევა, რომ გარდაქმნა მოხერხდება. ის საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს, ენდობიან ვაშინგტონშიც და ისრაელშიც. ამიტომაც დაასახელეს პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

იასირ არაფატი, ისრაელთან გამოცდილი მებრძოლი და ერთპიროვნული ლიდერი, მოწინააღმდეგე მხარეს არ სურს იხილოს მოლაპარაკების მაგიდასთან, იმდენად დიდია ეჭვი, რომ არაფათი კვლავაც მფარველობს ტერორისტებს. აბასი კი კატეგორიული წინააღმდეგია შეიარაღებული ბრძოლისა. მისთვის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებია მისაღები. მას მერე, რაც აბასი ხელისუფლების სადავეს ხელში ჩაიგდებს, მოელიან, რომ ის პალესტინელთა შეიარაღებულ ჯგუფებს დაერევა და მათ განეიტრალებას შეეცდება. ცხადია, რომ "ჰამასი", პალესტინელთა ექსტრემისტული გაერთიანება, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების პასუხისმგებლად გვევლინება, აბასს ერთი ხელის აღებით ვერ მიემხრობა. ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ფრანს პრესის სააგენტოს საშუალებით გააფრთხილა აბასი, პალესტინელ ექსტრემისტებს არ შეეხოს.

ფრანს პრესისვე გზით შეუთვალა ჰამასმა, თუ ისრაელისეულ "ტერორიზმს" ბოლოს მოუღებ, მხარში ამოგიდგებით, თუ არადა ხალხი არამეგობრულ შეხვედრას მოგიწყობსო. საკმაოდ დაძაბული გამოდგა ერთი თანამდებობის გამო არაფატისა და აბასის კამათი, რამაც მთელი ეს პროცესი ლამის ჩაშლამდე მიიყვანა, რომ არა ამ ორ ლიდერს შორის მიღწეული გარიგება.

აბასს სურდა საშინაო უშიშროების მინისტრის თანამდებობა ჩაებარებინა 42 წლის მოჰამედ დაჰლანისთვის, რომელიც ადრე ღაზის სექტორში ედგა ამავე უწყებას სათავეში და უთანხმოება ჰქონდა არაფატთან, რომლის მიერვე იქნა მაშინ თანამდებობიდან მოხსნილი. ამასთან, არაფატს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კვლავ თავისი მიმდევრის, ჰანი ელ ჰასანის, დატოვება სურდა.

23 აპრილის გარიგებით, აბასმა უშიშროების უწყების მეთაურად თავისი კანდიდატი გაიყვანა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას თვითონ შეითავსებს. აბასის ხელისუფლებაში მოსვლით, ალბათ, ისრაელსაც სხვა აღარაფერი დარჩება, სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩაერთოს. პრემიერი არიელ შარონი აბასს მხარს უჭერს.

პალესტინელები კვლავ შეეცდებიან, მიაღწიონ თავიანთი ძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ისრაელის მიერ ოკუპირებულ მათ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეები განათავსონ, მათ რიგებში კი რეფორმები დაიწყოს. მანამდე თვითმმართველობის პარლამენტმა ახალი კაბინეტი უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გამოჩნდება, ძალიან ბევრს ხომ არ მოელიან მაჰმუდ აბასისგან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG