Accessibility links

logo-print

ტარეყ აზიზი - სადამ ჰუსეინის რეჟიმის რუპორი - ამერიკელთა ხელშია


ხუთშაბათს, 23 აპრილს, აშშ-ის არმიამ დაადასტურა, რომ მის ხელშია ერაყის დამხობილი მთავრობის ვიცე-პრემიერი ტარეყ აზიზი,

სადამის ხელისუფლების ერთადერთი ქრისტიანი წარმომადგენელი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ერაყის რეჟიმის სახეს და რუპორს წარმოადგენდა. აზიზის ჩათვლით, ახლა რეჟიმის თორმეტი წარმომადგენელია დაკავებული. ტარეყ აზიზი 43-ე ადგილზე იყო 55 ძებნილი ერაყელი პოლიტიკოსის სიაში.

ტარეყ აზიზი სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ის მიეკუთვნება იმ ქალდეურ ქრისტიანულ ეკლესიას, რომელიც ვატიკანთან არის დაკავშირებული. ამითაც იყო გამოწვეული, რომ აზიზმა ომამდე იტალიაში იმოგზაურა და წმინდა ფრანცისკ ასიზელის საფლავზე თავის ქვეყანაში მშვიდობისთვის ილოცა. აქვე გეტყვით, რომ ეს სახელი და გვარი აზიზს გვიან აქვს მიღებული, ის სინამდვილეში მიხაილ იუნანაა. ტარეყ აზიზი სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი უძველესი თანამებრძოლია. მისი გარეგნობისა და ქცევის ლიბერალური მანერის გამო, აზიზი ლამის ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, მაგრამ, ამასთან, ცნობილი იყო, რომ ამ გარეგნობის მიღმა იმალებოდა მტკიცე პიროვნება, რომელიც რეჟიმის პოლიტიკის ერთგული გამტარებელი იყო. ტარეყ აზიზს შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ თავისი განსხვავებული დამოკიდებულება არ ჰქონია. მას მიაჩნდა, რომ ვაშინგტონს ომი სწრაფად სჭირდებოდა, რათა არ გაგრძელებულიყო განიარაღების ინსპექტორების საქმიანობა. თორემ, განუცხადა ტარეყ აზიზმა მარტის პირველ რიცხვებში გერმანიაში გამომავალ გაზეთ " ველტს", ინპექტორები დაასრულებენ სამუშაოს და გამოაცხადებენ, რომ ერაყს არა აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და გამოვლინდება, რომ ამერიკელების მტკიცება სიცრუეა. აზიზი, როგორც ითქვა, 23 აპრილს დააკავეს. ეს მოულოდნელადაც კი შეიძლებოდა გვჩვენებოდა, მისი ადრინდელი გამონათქვამებისთვის რომ დაგვეჯერებინა. მას ბრიტანული "აი-ტი-ენ"-ისთვის უთქვამს იანვარში, ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომელიც დანებდება, სიკვდილი მიჯობს ამერიკელთა ციხეში მოხვედრასო. გაზეთ "ფაინენშელ ტაიმსის" გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, აშშ-ის მასმედიაზე დაყრდნობით, რომ ტარეყ აზიზი შუამავლის გზით დაუკავშირდა ამერიკელებს და შემდეგ ჩაბარდა ბაღდადის ქრისტიანებით დასახლებულ რაიონში. ბაღდადშია ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ზამირა ეშანოვა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორია რეაქცია ხალხში აზიზის ჩაბარების თუ დაჭერის გამო.

[ეშანოვას ხმა]: "ბაღდადში ბევრმა - თითქმის ყველამ - იცის დასავლეთის და არაბული მასმედიიდან, რომ აზიზი ჩაბარდა თუ დაიჭირეს. რეაქცია არაერთგვაროვანია. მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში მდგომნი ამბობენ: სულ ერთია, დაიჭირეს თუ არა. ჩვენ ის გვაწუხებს, რომ გვშია, არ გვაქვს დენი, ჩვენთან ქაოსია, ერაყი ერთ- ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა და რიგში ვდგავართ, როგორც უქონლები. ეს გვაწუხებს, ეს გვთრგუნავსო".

სხვა დამოკიდებულება აქვს აზიზის დაჭერისადმი უფრო განათლებულ შრეს. კვლავ ზამირა ეშანოვას მოუსმინეთ:

[ეშანოვას ხმა] "ინტელინგენციამ იცის, ვინ არის ტარეყ აზიზი და ამბობს, რომ არ აქვს მის მიმართ სიძულვილი. აზიზიც დააზარალა რეჟიმმა, მისი ვაჟიც დაუჭერიათ ერთ დროს. ასე რომ, იციან, რომ აზიზიც ერაყელია, რომელიც დაიჩაგრა რეჟიმისგან. ამავე დროს, იციან, რომ რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენელია და ამბობენ, თუკი რეჟიმს ემსახურებოდა, უნდა დაისაჯოსო".

ზამირა ეშანოვამ ბაღდადელებთან საუბრისას მათი ეჭვებიც შეიტყო [ეშანოვას ხმა]: "კვლავაც ეშინიათ, რომ ჰუსეინი აქ არის, ბაღდადში თუ სხვაგან, მას ამერიკელები იცავენ. ასეთი თეორია აქვთ, რომ ამერიკელები იცავენ მას და სადამს და ამერიკელებს შორის გარიგება მოხდა. ეს არის გავრცელებული ხმა, ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ დაიჭირეს ამერიკელებმა წვრილფეხობა და არა ისინი, ვინც უშუალო პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდებოდა ერაყში, განსაკუთრებით - სადამ ჰუსეინი".

ცხადია ერთი რამ: ტარეყ აზიზმა ბევრი იცის, მათ შორის, სადამ ჰუსეინის ასავალ-დასავალი. მასვე შეუძლია ამერიკელებისთვის უტყუარი ცნობების მიწოდება.
XS
SM
MD
LG