Accessibility links

logo-print

თბილისში ჩამოვიდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 აპრილს დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში. ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, დაგეგმილია ორი დისკუსიის მოწყობა

საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და შექმნილი პოლიტიკური ვითარების ქვეყნის უსაფრთხეობასთან კავშირის თაობაზე. პარალელურად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სიტუაციის გასაცნობად პანკისსაც ეწვევა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე ჩამოდის. თავდაპირველად იგულისხმებოდა თბილისში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტის მომხსენებლის მარკო მინნიტის ჩამოსვლა, მაგრამ, საბოლოოდ, თბილისში ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობა საკმაოდ მაღალი დონის აღმოჩნდა. საკმარისია იმის თქმა, რომ დელეგაციას ხელმძღვანელობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ვიგერსი. დეგელაციაში სრულად არის წარმოდგენილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტი.

პარლამენტარ გიორგი ბარამიძის განმარტებით, ქართული მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია აისახოს იმ რეზოლუციაში, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შემოდგომისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს. უპირველესად, იგულისხმება საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული სიტუაცია, კერძოდ, რუსეთის, როგორც შუამავლის, ორმაგი პოლიტიკა, რის შესახებაც ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრებზე. შესაბამისად, 4 დღის მანძილზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვდებიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არამედ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეროსა და ეუთოს ელჩებს საქართველოში, საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებს.

კვირას დელეგაცია გაემგზავრება პანკისში, სადაც ადგილზე გაეცნობა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებს. შეგახსენებთ: ამ წელიწადნახევრის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა პანკისში და ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებები დადებითად შეაფასა კიდეც.

საინტერესოა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში სტუმრობის წინ მოსკოვში მყოფმა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ არ გამორიცხა პანკისის ხეობაში რუსეთის მიერ ძებნილი აჩიმეზ გოჩიაევის ყოფნა. შეგახსენებთ: გოჩიაევს 1999 წელს მოსკოვში განხორციელებული საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზებაში ედება ბრალი. ქართველი მინისტრი, პანკისში წარმატებით განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის პარალელურად, არ გამორიცხავს პანკისში დევნილთა საფარქვეშ რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლის ყოფნის შესაძლებლობასაც.

სხვათა შორის, ამ ორიოდე დღის წინათ პარლამენტში გამოსვლისას ფრაქცია "ოცდამეერთე საუკუნის" ლიდერმა ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებლები აპროტესტებენ ქართველი სამართალდამცავების ქმედებებს, რომლებიც ბოევიკების გამოვლენის მიზნით მშვიდობიან მოსახლეობას ავიწროებენ. ამ განცხადების საპასუხოდ, შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე გამახარიას პანკისის ხეობაში ეპატიჟება იმისათვის, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობა საკუთარი თვალით იხილოს.
XS
SM
MD
LG