Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესა ყველა იმ მოვლენას გამოეხმაურა, რითაც ასე მდიდარი აღმოჩნდა გასული დღეები

- იქნება ეს პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი კიევში, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, თბილისში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება თუ პარლამენტში სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნა. ამჯერად ყურადღებას იმ თემაზე შევაჩერებთ, რომელიც, ეტყობა, უახლოესი 6 თვის მანძილზე ყველაზე პოპულარული იქნება ქართულ პრესაში - ვგულისხმობთ საარჩევნო ვნებათაღელვას, რომელსაც გასულ კვირას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა.
25 აპრილის "მთავარი გაზეთის" ვარაუდით, ურთიერთობის დაძაბვა პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის ამ უკანასკნელის რეიტინგზე დადებითად აისახება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ხდებოდა: შევარდნაძესთან დაპირისპირების შემდეგ ერთიორად ამაღლდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილისა და პარლამენტის ექს-სპიკერის ზურაბ ჟვანიას რეიტინგი. სხვა საკითხია, რამდენად მზად აღმოჩნდება თავად პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ოპოზიციაში გადაბარგებისათვის - გაზეთის შენიშვნით, ნინო ბურჯანაძის ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით, საეჭვოა, ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილი და ბადრი ბიწაძის მეუღლე პრეზიდენტ შევარდნაძის შეურიგებელი ოპოზიციის რიგებში აღმოჩნდეს. გაზეთი წერს:

"ოჯახის ფაქტორი ნინო ბურჯანაძის კარიერაში ყოველთვის თამაშობდა გარკვეულ როლს და ეს ფაქტორი ბოლო დროს ერთგვარად ხელისშემშლელიც კი გახდა მისი კარიერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ორჯერ უკვე მოახერხა, პრეზიდენტთან მისი ოჯახის დამოკიდებულების მიუხედავად, წარმატებით მოერგო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსი. ნინო ბურჯანაძე, კახა ჩიტაიას და ზაზა სიორიძესთან ერთად, ორი წლის წინ საპარლამენტო უმრავლესობას, ანუ მოქალაქეთა კავშირს, აუმხედრდა. ბურჯანაძის მოქალაქეთა კავშირიდან გასვლის მიზეზი ბადრი ბიწაძესთან მმართველი პარტიის ერთი ნაწილის დაპირისპირება გახდა. პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნება შეძლო.
უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს კოლეგები ისევ მეუღლის გამო დაუპირისპირდნენ. ახალმა მემარჯვენეებმა ბადრი ბიწაძის გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშვნა გააპროტესტეს და პარლამენტში დემარშიც მოაწყვეს. ამ დაპირისპირებას გასულ წელს საკმაოდ მწვავე ხასიათი ჰქონდა: გენერალური პროკურატურა ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის კანონიერებას იძიებდა. საპარლამენტო არჩევნების სამზადისისა და პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფების პროცესში ახლებმა ტაქტიკა შეცვალეს - ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ უპირისპირდებიან.

გახდება თუ არა ბურჯანაძე ჯერაც არშემდგარი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ძნელი სათქმელია. არ არის გამორიცხული, მან ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ "დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის" გაგრძელებას პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ამ გზით აპირებს."

ოპოზიციის გაერთიანების იდეაში გასულ კვირას რაიმე სიცხადე არ შეუტანია. პირიქითაც კი - კვირის მოვლენებმა კიდევ უფრო საეჭვო გახადა ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობა. 23 აპრილის "დილის გაზეთის" ცნობით, ტრადიციონალისტების ლიდერის შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად მისვლამ ბევრ პოლიტიკოსში და საზოგადოებაშიც ქირქილი გამოიწვია. ეს ძალა ხომ პოლიტიკური პარტნიორების შერჩევაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმით გამოირჩევა. თუმცა, თავად ტრადიციონალისტთა ლიდერის განცხადებით, გარკვეულ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან თანამშრომლობა აუცილებელია. გაზეთის კითხვაზე, გაირკვა თუ არა ტრადიციონალისტთა საარჩევნო პარტნიორი, აკაკი ასათიანი აცხადებს:

"თავად ფრაქციაშიც ამასთან დაკავშირებით ხმები გაყოფილია. ზოგიერთი, მაგალითად, თედო პაატაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესაძლებელია. მე მიმაჩნია, რომ არა, რადგან მათი ნდობა არ შეიძლება. მე და რამდენიმე ადამიანს მიგვაჩნია, რომ ცალკე შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენს სათქმელს ვიტყვით. თუ მოვალთ პარლამენტში, მოვალთ, თუ არადა, ესეც არ იქნება ტრაგედია."

"რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა?" - ამ კითხვით მიმართა 21-27 აპრილის გაზეთმა "კვირის მიმოხილვა" გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციის გაერთიანების ხელშესაწყობად, მზად არის, საარჩევნო სიაში პირველი ადგილი დათმოს. ზურაბ ჟვანიას განცხადებით:

"თუ ოპოზიციის ისეთი გაერთიანება არ შედგება, რომელსაც მოსახლეობა პასუხისმგებლობის უნარის მქონედ ჩათვლის, რომელიც მოიცავს ზომიერ, რადიკალურ, მემარჯვენე, ცენტრისტულ და მემარცხენე ძალებს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალზე, არჩევნების შედეგი საქართველოსთვის ძალზე მძიმე იქნება. თუ არჩევნების შემდეგ ისეთი პარლამენტი მივიღეთ, როგორიც დღეს არის, ცხრა-ათი მწვავე დაპირისპირებული წვრილ-წვრილი ფრაქციით, რომელთაგან არც ერთს არ შეეძლება გადაწყვეტილების მიღება, ქვეყანაში წინსვლა არ იქნება. ეკონომიკური და სოციალური ვითარება უფრო დამძიმდება, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავი დავაღწიოთ დღევანდელ ძალზე მძიმე მდგომარეობას. დიდი გაერთიანების გარდა, სხვა გზას ვერ ვხედავ. ყველა უნდა მიხვდეს, რომ დღეს აღარ არის წვრილმანი კინკლაობის და პრეტენზიების დრო. ყოველივე ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ, რათა ძალების შეერთება მოხერხდეს."

25 აპრილის გაზეთ "ახალი თობის" ვერსიით, გამორიცხული არ არის, სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტი ოპოზიციის გაერთიანების პროცესის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესა და გაერთიანებულ დემოკრატებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერის გამო საყვედურობს. გაზეთი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს კარგი შანსი ეძლევა, ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთიანი ოპოზიციური ძალის ლიდერად სახელდება, ლიდერობიდან გვერდზე ჩააჩოჩოს და თავის ბანაკში არ მიიღოს იმ საბაბით, რომ პოლიტიკოსმა ქალბატონმა შევარდნაძისა და აბაშიძის თამაში დაიწყო. 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

"ნაციონალური მოძრაობა სოციალური ეკონომიკური ზონის შემოღებას არ უჭერდა მხარს, არც უჭერს და არც მომავალში დაუჭერს. მხარს არ დავუჭერთ დაქუცმაცების იმ გეგმას, რომელიც ამ კონკრეტულ კანონპროექტშია ჩადებული. ეს ყველაფერი შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ერთობლივი გეგმის ნაწილია. ასეთ დროს, ჩემთვის მოულოდნელად, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. მინდა მას მივმართო: ნინო, ძვირფასო, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდი სიმპათიით ვარ შენდამი განწყობილი, მაგრამ საქართველოს დაქუცმაცებისა და სეპარატისტულ კუთხეებად გადაქცევის შევარდნაძისა და აბაშიძის გეგმას ნურც შენ დაუჭერ მხარს და ეს ურჩიე სხვა შენს კოლეგებსაც."

ამ სიტყვებით მიმართა ბურჯანაძეს სააკაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილი მოძღვრავს ბურჯანაძეს და შეახსენებს, რომ არ შეიძლება კომპრომისების დაშვება საქართველოს მომავლის ხარჯზე, რადგან ეს ქმედება არც პოლიტიკურად არის მიზანშეწონილი. სააკაშვილი ამ ეტაპზე არ ართულებს ბურჯანაძესთან ურთიერთობას და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლება, მაგრამ მას იმაზეც მიანიშნებს, რომ ნაციონალურ ბანაკში ბურჯანაძისა და ჟვანიას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მისი განცხადებით:

"მე ჩემს მეგობრებთან გაერთიანებისკენ მივისწრაფი, სეზის საკითხი ჩვენს შორის კონსოლიდაციის პროცესს ვერ შეაჩერებს, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელიც ჩვენი მოძრაობის შიგნით სერიოზულ დისკუსიას გამოიწვევს, რადგან ჩვენს მოძრაობაში ათიათასობით წევრია და მხოლოდ თავმჯდომარით არ შემოიფარგლება. ჩვენი მოძრაობის წევრებისთვის საქართველოს დაქუცმაცების ზონები მიუღებელია."
XS
SM
MD
LG