Accessibility links

შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთი უწინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების შემყურე მოსკოვმა თავისი გულისყური შუა აზიისკენ მიმართა და ახლა ცდილობს, უწინდელი გავლენა აღიდგინოს ამ რეგიონის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების მომდევნო თვეებში, როცა, ავღანეთში ანტიტერორისტული ომის დაწყებასთან ერთად, შუა აზიაში ამერიკის ჯარის ნაწილები განთავსდა, რეგიონში რუსეთის გავლენა საგრძნობლად შესუსტდა. მაგრამ ახლა, როცა ვაშინგტონის მთელი ყურადღება ერაყისკენ არის მიპყრობილი, მოსკოვმა ისარგებლა ხელსაყრელი შემთხვევით და შუა აზიაში ძველი კავშირების აღდგენა დაიწყო, რასაც იქაური ლიდერებიც მიესალმნენ.

ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების: ნურსულთან ნაზარბაევისა და საფარმურად ნიაზოვის ვიზიტები მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი სტუმრობა ყირგიზეთში, და გასულ კვირაში, ომსკში გამართული მისივე შეხვედრა ნაზარბაევთან, აგრეთვე, პუტინის შაბათს დაწყებული ვიზიტი ტაჯიკეთში, და თუნდაც ის ფაქტი, რომ სულ მალე ყირგიზეთში გაიხსნება სამხედრო ბაზა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სწრაფი რეაგირების შენაერთისთვის, იმაზე მეტყველებს, რომ ურთიერთობა მოსკოვსა და შუა აზიის რესპუბლიკებს შორის უწინდელ ჩარჩოებს უბრუნდება.

როგორც ნიუ-იორკში მოქმედი ევრაზიის შემსწავლელი ჯგუფის მიმომხილველი ალექს ბრიდო აღნიშნავს, რუსეთმა ისარგებლა იმით, რომ აშშ-ის მთელი ყურადღება დღეს ერაყის ომისკენაა მიპყრობილი და შუა აზიაში დაკარგული გავლენის აღდგენას ცდილობს. ალექს ბრიდო დასძენს, რომ ომსკში პუტინმა და ნაზარბაევმა უკრაინასა და ბელორუსიასთან ახალი ეკონომიკური გაერთიანების შექმნაზეც იმსჯელეს.

მიმდინარე თვის დამდეგს, თურქმენეთის პრეზიდენტ ნიაზოვისა და პუტინის მოლაპარაკება მიეძღვნა რუსეთის კომპანიების შესაძლო მონაწილეობას თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაციასა და ამ ენერგომატარებლების ექსპორტში.

25-წლიანი კონტრაქტით, რომელსაც თურქმენეთმა და რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" მოაწერეს ხელი, აშღაბადმა მიიღო გაცილებით მეტი ფული, ვიდრე მოსკოვი მას უწინ სთავაზობდა.

თუმცა, რუსეთისა და შუა აზიის ხელახალი დაახლოება მარტო საქმიანი ინტერესებით არ უნდა იყოს განპირობებული.
შეერთებული შტატების ინიციატივით ავტორიტარული რეჟიმების შეცვლამ ერაყსა და ავღანეთში, როგორც ჩანს, განგაში გამოიწვია შუა აზიის ლიდერებში, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართავენ.

აი, რა თქვა ნიუიორკელმა ექსპერტმა ალექს ბრიდომ ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში [ალექს ბრიდოს ხმა]: "მეორე მიზეზი რუსეთისა და შუა აზიის დაახლოებისა, პოლიტიკური უნდა იყოს. ყველამ დავინახეთ, რა ცვლილებები მოხდა ავღანეთსა და ერაყში. და ერაყში აშშ-ის მიზნად გამოცხადებულ იქნა ახალი მთავრობის შექმნა, სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობა. ვფიქრობ, სწორედ ამან ჩააფიქრა შუა აზიის ლიდერები. ისინი ალბათ შიშობენ, ვაითუ ვაშინგტონმა მთავრობების ლიბერალიზაცია, ოპოზიციასთან დათმობებზე წასვლა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვოს მათ. ასე რომ, შუა აზიის ლიდერებს, როგორც ჩანს, მხარდაჭერის მიღება სურთ მოსკოვისგან."

მაგრამ შუა აზიის ყველა ლიდერს როდი სურს რუსეთთან უწინდელი კავშირების აღდგენა. უზბეკეთი შუა აზიის ქვეყნებიდან პირველი იყო, ვინც აშშ-ს მიემხრო ავღანეთის ომში და ამერიკელ ჯარისკაცებსაც პირველმა უმასპინძლა. და ამ ქვეყანას ჯერჯერობით არ გამოუხატავს მოსკოვთან ძველი კავშირების აღდგენის სურვილი.
XS
SM
MD
LG