Accessibility links

logo-print

ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება


ანდრო ეული, პრაღა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი საანგარიშო მოხსენების თანახმად, ეკონომიკის ზრდის ტემპით აღმოსავლეთი ევროპის ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოები

კვლავინდებურად უსწრებენ სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს. როგორც საანგარიშო მოხსენებაშია აღნიშნული, იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებენ, ინვესტორები რეგიონში თამამად აბანდებენ კაპიტალს; ხოლო ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეკონომიკის ზრდა ნავთობის შედარებით მაღალმა ფასმა განაპირობა.

საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც სამშაბათს, ლონდონში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ შარშან ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 3,7 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როცა შესაბამისი გლობალური მაჩვენებელი დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი ვილემ ბაუტერი, რომელიც საანგარიშო მოხსენების ავტორიცაა, მოელის, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში 4 პროცენტს მიაღწევს. ზრდას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. როგორც ვილემ ბაუტერი აღნიშნავს, ცენტრალური ევროპის შედარებით განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდას ისიც უწყობს ხელს, რომ ევროკავშირში მათს მოახლოებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უცხოელი ინვესტორები იქ კაპიტალის დაბანდებას არ ერიდებიან.

ხოლო ნავთობითა და გაზით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსეთის ჩათვლით, ეკონომიკის ზრდა, უწინარესად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მკვეთრმა გაძვირებამ გამოიწვია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტთა ვარაუდით, ნავთობის საბადოებით მდიდარ ყაზახეთში ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წელს 6,5 პროცენტს მიაღწევს.

ვილემ ბაუტერის თქმით, ცენტრალურ ევროპაში მთავრობებს ბიუჯეტებში დეფიციტი აქვთ, რამაც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების გაზრდა და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვიოს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა სერიოზულად დააზარალებს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს. წლის დასაწყისში, როცა ყველა ერაყთან ომის დაწყებას ელოდა, ნავთობის ფასმა თითქმის სარეკორდო დონეს მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ თანდათანობით ეცემა. ნავთობის განსაკუთრებით მკვეთრ გაიაფებას ეკონომისტები მას შემდეგ მოელიან, რაც ერაყი ამ საწვავის ექსპორტს განაახლებს.

როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტები აცხადებენ, პოლიტიკურ რეფორმებსა და ეკონომიკის ზრდას შორის უშუალო კავშირი არსებობს. ამის დასტურად ვილემ ბაუტერს მოჰყავს უზბეკეთის, ბელორუსიისა და თურქმენეთის მაგალითები, ქვეყნებისა, სადაც არ შეინიშნება ეკონომიკის ზრდა, რადგან მთავრობები პოლიტიკური რეფორმების გატარებას აყოვნებენ [ვილემ ბაუტერის ხმა]: "უზბეკეთს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გატარებულა პოლიტიკური რეფორმები და ეკონომიკის ზრდამ მხოლოდ ორნახევარი პროცენტი შეადგინა, რაც ერთობ დაბალია უზბეკეთის პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის. არ მოველით ეკონომიკის ზრდას ბელორუსიაში, სადაც საერთოდ არ გატარებულა რეფორმები, ხოლო თურქმენეთში, სადაც ანალოგიური ვითარებაა რეფორმების მხრივ, სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი, ვფიქრობთ, გაზის ექსპორტთან იქნება დაკავშირებული."

ბაუტერის აზრით, ბევრისთვის მისაბაძია ბალკანეთის რეგიონი და მოლდავეთი, სადაც პოლიტიკური ვითარების ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებამ ეკონომიკის სფეროში პროგრესის იმედი აღძრა [ვილემ ბაუტერის ხმა]: "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში აშკარად შეინიშნება პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია. რეგიონში აღდგა წესრიგი და კანონიერება. მილოშევიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ სერბია და ჩერნოგორია ისევ იქცნენ რეგიონის განუყოფელ ნაწილად. ყოველივე ეს მისასალმებელია. ამავე დროს, რეგიონში კვლავაც ძალზე უმნიშვნელოა უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მრავალ ინვესტორს აფრთხობს ინვესტიციებისთვის არასათანადო პირობები და ეროვნული ბაზრების შეზღუდულობა."

ვილემ ბაუტერი იმასაც აღნიშნავს, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა განახორციელონ უფრო მჭიდრო რეგიონული ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, საგრძნობლად გააუმჯობესებდა ბალკანეთში შექმნილ საინვესტიციო კლიმატს.
XS
SM
MD
LG