Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრაცია - ადამიანის სწრაფვა, ეძიოს უკეთესი


განვითარებად ქვეყნებში დღეს ყოველი მეათე ადამიანი მიგრანტია. 1975 წლიდან დღემდე მსოფლიოში მიგრანტთა რაოდენობა გაორმაგდა.

ამის მიზეზები, გაეროს მოსახლეობის განყოფილების დირექტორის, ჯოზეფ შამის აზრით, ყოველთვის დრამატული კი არ გახლავთ, არამედ ადამიანის ბუნებით არის განპირობებული - ის მიდრეკილია, ეძიოს უკეთესი.

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით სამი პროცენტი - 175 მილიონი ადამიანი დღეს არ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა. მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა დღესაც იზრდება, თუმცა არა ორი პროცენტით, როგორც ეს მეოცე საუკუნეში იყო, არამედ 1,2 პროცენტით. მიგრაციის მასშტაბი კი ძალიან გაიზარდა, რასაც, როგორც ირკვევა, განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბოლო ოცწლეულის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმაც. ამან ბევრი შიდამიგრაციული პროცესი საერთაშორისო მიგრაციად აქცია.

განვითარებულ ქვეყნებში მიგრანტთა რაოდენობის ზრდა დიდი შვებაა ამ ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობის და, შესაბამისად, მუშახელის ნაკლებობაა. მიგრანტების რაოდენობის ზრდა განვითარებული ქვეყნების პენსიონერთა იმედებსაც ასაზრდოებს - სოციალური დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განვითარებად ქვეყნებს კი, სადაც მოსახლეობის სიჭარბეა, მიგრაცია შვებას ჰგვრის. მეორე მხრივ, მიგრანტები ოჯახის წევრებისთვის, როგორც წესი, შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. გაეროს მოსახლეობის განყოფილების დირექტორი ჯოზეფ შამი განმარტავს, რომ მიგრაცია სრულიად ბუნებრივი პროცესია:

[შამის ხმა] "მოძრაობა, შესაძლებლობათა ძიება, უკეთესი საძოვრის, უკეთესი ჰავის ძიება, ადამიანის ბუნებაში ძევს. ეს მთელს 21-ე საუკუნეს გაჰყვება."

შამის აზრით, მიგრაციის დონის ზრდას ბევრი მიზეზი აქვს: ყოველი 11 მიგრანტიდან ერთი ლტოლვილია; სხვები ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეძებენ; დანარჩენებმა კი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო რეკლასიფიკაცია განიცადეს. ამ უკანასკნელის ნათელ მაგალითად გაეროს ექსპერტს საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყავს:

[შამის ხმა] "მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში, რომელიც 20 წლის წინათ არ არსებობდა, დღეს სხვა ქვეყანაში დაბადებული 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ისინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონებიდან დაბრუნდნენ. თუ უწინ ისინი შიდა მიგრანტები იყვნენ, დღეს უცხოელებად ითვლებიან."

ამავე ფაქტორმა განაპირობა, რომ ესტონეთი, ლატვია და ყაზახეთი მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის არიან, სადაც მიგრანტების ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. ის რუსები, ვინც საბჭოთა პერიოდში ამ ქვეყნებში დასახლდნენ და დარჩნენ, დღეს მიგრანტებად ითვლებიან. სულ კი საბჭოთა კავშირის დაშლამ მსოფლიოს მიგრანტთა რაოდენობა 27 მილიონით გაზარდა.

თანამედროვე მიგრაციას მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორიც განაპირობებს, რომელიც ასევე რამდენიმე ასპექტს შეიცავს: პირველი არის დემოგრაფიული ფაქტორი: ევროპის მოსახლეობა მცირდება და ბერდება. ამიტომ იქ დიდია მოთხოვნა როგორც მაღალკვალიფიციურ, ისე დაბალკვალიფიციურ მუშახელზე. საკითხის მეორე მხარეს ის წარმოადგენს, რომ ბევრ ქვეყანაში ძალიან მაღალია მოსახლეობის რაოდენობის ზრდის კოეფიციენტი; განსაკუთრებით სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, და ეს ქვეყნები მუშახელის წყაროს წარმოადგენენ. და მაშინაც კი, როცა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს თავიანთ ქვეყნებში სამუშაო აქვთ, მათ უკეთესი შემოსავალი უნდათ და ამიტომ ხდებიან მიგრანტები.

დიდ ზეგავლენას ახდენს მიგრაციაზე გლობალიზაციის პროცესიც. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც აფრიკის რომელიმე სოფლის მცხოვრებს თავი მდიდარი ეგონა მარტო იმიტომ, რომ ორი თხა ჰყავდა, მის მეზობელს კი ერთი.

გაეროს ბოლო ანგარიშში მსოფლიო მიგრაციულ პროცესებზე აღნიშნულია, რომ მიგრანტთა მიერ თავ-თავიანთ ქვეყნებში ახლობლებისთვის გაგზავნილი ფული მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცა. მაგალითად, 2000 წელს საზღვარგარეთიდან საკუთარი მოქალაქეების მიერ სამშობლოში გაგზავნილმა ფულმა ალბანეთისა და ბოსნიის მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შეადგინა.

გაეროს ექსპერტი აცხადებს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, მათ შორის - იტალიას, საფრანგეთსა და გერმანიასაც შობადობის შემცირებისა და მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის ზრდის გამო უფროსი ასაკის მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფაში შეექმნებათ პრობლემები. თუკი გასულ საუკუნეში ნორმას ერთ პენსიონერზე 4-5 შრომისუნარიანი ადამიანი წარმოადგენდა, ტიპურ შეფარდებად განვითარებად ქვეყნებში შეიძლება ორი, ან ნაკლები შრომისუნარიანი ადამიანის ერთ პენსიონერთან შეფარდება იქცეს.

[შამის ხმა] "ის, რაც დღეს მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზით ხდება, ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა. გარდა ამისა, გაიზარდა საპენსიო ასაკის ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასე რომ, მოწმენი ვართ შობადობის შემცირების გამო შრომისუნარიანი მოსახლეობის წილის შემცირებისა პენსიონერებთან მიმართებით."

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა მუშახელის უცხოეთიდან მოზიდვაა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მოსახლეობის გაზრდა და მისი გაახალგაზრდავება. საამისოდ კი განვითარებულ ქვეყნებს საიმიგრაციო კანონების შეცვლა მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG