Accessibility links

ხელისუფლებამ სავალუტო ფონდის ერთი პირობა შეასრულა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სპეციალური ეკონომიკური ზონების ირგვლივ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებაში დაწყებული ვნებათაღელვა გასულ კვირაში კანონის პროექტის ჩაგდებით დასრულდა.

ფრაქცია "აღორძინების" მიერ ინიცირებულ კანონს მხარი მხოლოდ 74 დეპუტატმა დაუჭირა. სახელისუფლებო ფრაქციებმა და კანონის მოწინააღმდეგეებმა კი 81 ხმა მოაგროვეს.

"აღორძინების" დეპუტაციამ სახელისუფლებო ძალები კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა და მისი შედეგების გაბათილება მოითხოვა. ამ თემას, საბოლოოდ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუბრუნდება, თუმცა ძნელი სავარაუდოა, სპეციალური ეკონომიკური ზონების შემოღების ინიციატივამ ამ მოწვევის პარლამენტში მხარდაჭერა პოვოს.

თავად პროექტი ჩინელი სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნა და, ავტორების აზრით, იგი ითვალისწინებს "თავისუფალი ეკონომიკური ზონების" არსებულ პრაქტიკას. "აღორძინება" ვარაუდობდა, რომ თუ კანონს მიიღებდნენ, ეს აჭარის რეგიონისათვის ახალი ეკონომიკური სასწაულის მომასწავებელი იქნებოდა და დიდძალ უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავდა ქვეყანაში. თუმცა არც კანონის ავტორებს და არც მოწინააღმდეგეებს ბოლო დრომდე სწორად გათვლილი და ეკონომიკურ პარამეტრებზე დაფუძნებული სკრუპულოზური არგუმენტები არ წარმოუდგენიათ და, ძირითადად, წმინდა პოლიტიკური კონიუნქტურით ოპერირებდნენ.

"თავისუფალი ეკონომიკური ზონა" ამ ეტაპზე არა მარტო პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერებისათვის არის მიუღებელი, ეკონომიკურ ექსპერტთა დიდი ნაწილი კანონს გაუმართლებლად მიიჩნევს და დღევანდელი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში მის რეალიზაციას კონტრაბანდის კიდევ უფრო ზრდასთან და ქვეყნის ტერიტორიაზე სამეურნეო სუბიექტების არათანაბარ გადანაწილებასთან აიგივებს.

ამ თემის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არჩევნების წინ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ოპოზიციას თავისი კანონის გასატანად საკუთარი ძალები ნაკლებად ჰყოფნის და, სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოოპერირების გარეშე, ხმათა გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება მათთვის ჯერ კიდევ ნაადრევი ოცნებაა.

"სპეციალური ეკონომიკური ზონების" შესახებ კანონს არც საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ მხარს. სავალუტო ფონდის მისიამ სხვა საკითხებთან ერთად ხელისუფლებას ამ კანონის მიღებისაგან თავის შეკავება ურჩია. ბოლო მისიამ, სამაგიეროდ, მისაღებ კანონთა ნუსხაც შეგვახსენა, რომლებიც საკანონმდებლო ხელისუფლებაშია შეტანილი და პოლიტიკური კონიუნქტურით გართულ პარლამენტარებს მათთვის ჯერ ვერ მოუცლიათ. საბიუჯეტო პრობლემების გარდა, მთავრობას ფორსირებულად მოუწევს ენერგეტიკის ტარიფის, სამი სახელმწიფო კომპანიისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარებისა და რამდენიმე კანონის მიღება. რეკომენდაციების შესრულებაზე კი, თავის მხრივ, ფონდის მიერ პროგრამის დაფინანსების საკითხი და, რაც მთავარია, კრედიტორებთან მოლაპარაკებებში ამ ორგანიზაციის პარტნიორობაა დამოკიდებული.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა, როგორც იქნა, მოახერხა "საბიუჯეტო სისტემების შესახებ" კანონის საბოლოო მიღება, რითაც სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეასრულა.

აღნიშნული კანონი პარლამენტში კარგა ხანია შესულია, თუმცა კანონმდებლებმა მის მიღებას ერთი წელი მოანდომეს. ახალი კანონის მიხედვით, ქვეყანაში მთლიანად იცვლება საბიუჯეტო მოწყობის სისტემა. უქმდება დაცული მუხლებისა და სეკვესტრის ცნებები, ბიუჯეტი კი კვარტალურ დაგეგმვაზე გადავა.

საინტერესოა, რომ, ახალი კანონით, დარგობრივ სამინისტროებს თავიანთ სფეროში ბიუჯეტის დაგეგმვის მეტი ავტონომიურობა ენიჭებათ. სამინისტროები თავად განსაზღვრავენ ძირითად პარამეტრებს, ხოლო მაკოორდინირებელი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, მათ მხოლოდ ე.წ. "ჭერს", ანუ ზედა ზღვარს, დაუწესებს.

კანონის თანახმად, საბიუჯეტო ავტონომიურობის ხარისხი ეზრდება პარლამენტსაც. ამიერიდან პარლამენტისათვის გამოყოფილი თანხების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში საკანონმდებლო ხელისუფლებას აღმასრულებელის სპეციალური ნებართვა აღარ დასჭირდება.
იცვლება სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისა და მიღების ვადები. ახალი კანონით, პარლამენტი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, ამჟამად მოქმედ კანონთან შედარებით, ერთი თვით ადრე მიიღებს. შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიუჯეტის დაგეგმვისათვის ერთი თვით მეტი დრო რჩება.

"საბიუჯეტო სისტემის შესახებ" კანონი სავალუტო ფონდის რეკომენდაციით შეიქმნა და მან, წესით, ქვეყანაში საბიუჯეტო პროცესების მეტ-ნაკლები სისტემატიზაცია და ოპტიმიზება უნდა მოახდინოს. თუმცა ქვეყანაში, სადაც კანონმორჩილების ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, დაბალია, ყველაფერი კარგ კანონზე მაინც არ არის დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG