Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააღდგომო პროგრამა


მართლმადიდებლები დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ. თუმცა საქართველოში, ტრადიციულად, სააღდგომო სუფრას ის ხალხიც გაშლის, ვინც თავს მორწმუნედ არ მიიჩნევს.

აღდგომაზე კვერცხებს წითლად ღებავდნენ კომუნისტების ეპოქაშიც, როცა ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა, რათა აღდგომის ღამეს ხალხი ეკლესიაში არ წასულიყო. კვერცხებს ღებავდნენ თავად კომუნისტებიც - სააღდგომო სიმბოლიკა იმდენად მყარად დამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში, რომ მისი წაშლა ვერანაირმა იდეოლოგიამ ვერ მოახერხა. დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა - ქართველი ხალხის ეროვნული დღესასწაულია. მაგრამ აღდგომის მნიშვნელობა, ამ დღესასწაულის არსი ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის. გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ ზურაბ კიკნაძესთან.

"რატომ უყვართ აღდგომის აღნიშვნა მართლმადიდებლებს უფრო მეტად, ვიდრე კათოლიკებს ან პროტესტანტებს?" - ამ კითხვით მივმართეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ზურაბ კიკნაძეს, რომელმაც ჩვენი ეს მოსაზრება ცრურწმენად, აკვიატებულ აზრად მიიჩნია და აღნიშნა, რომ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედია ყველა ქრისტიანისთვის. ყველა ქრისტიანი, მართლმადიდებელი იქნება იგი, კათოლიკე თუ პროტესტანტი, ქართველი, ფრანგი თუ გერმანელი, აღდგომაზე სასოებს არა სულის უკვდავების იდეას, არამედ, საერთოდ, ადამიანური პიროვნების აღდგენას ახალ და მშვენიერ სხეულში. ზურაბ კიკნაძის თქმით:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ეროვნულ პრობლემასთან არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული აღდგომის დღესასწაული... რომ ჩვენც ავღდგებით, ეს იმას ნიშნავს და ა.შ. აქ ლაპარაკია ადამიანის აღდგომაზე თავისი სულიერ-ხორციელი არსებობით. სიკვდილი ხომ სულისა და ხორცის გათიშვაა. ქრისტეს აღდგომა გეუბნება, რომ სხეული კი მოკვდა, დალპა, აღარ არსებობს, მაგრამ სული იცნობს მას და აღდგები... სულის აღდგომაზე აქ არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია სხეულის აღდგომაზე, რომელიც ყველაზე მეტად დაიჩაგრა იმ ცოდვის შედეგად. დაესია სნეულებები, სიკვდილი, სიბერე და კვდება ეს სხეული, მაგრამ სხეულს აცოცხლებს ეს სული."

და მაინც, მრავალ ქვეყანაში აღდგომას უფრო მსხვერპლშეწირვას უკავშირებენ, ვიდრე სხეულის გაცოცხლებას. რუსეთში, მაგალითად, ყოველთვის პოპულარული იყო "ჯვარცმული რუსეთის" იდეა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს, რათა მკვდრეთით აღდგეს. თავის დროზე მსგავსი იდეები გავრცელდა საქართველოშიც, პოლონეთშიც... ზურაბ კიკნაძე ამ მოსაზრებებს "წარმართული ტრადიციებით" ხსნის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღდგომის არსი სწორედ ისაა, რომ ჩვენ გამოსყიდულები ვართ, რომ ჩვენი ცოდვები მაცხოვარმა იტვირთა უკვე. პავლე მოციქულის სიტყვებსაც იხსენებს: "ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ":

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ებრაელებშიც, როცა ტაძარი დაინგრა, გაუქმდა მსხვერპლშეწირვა. ყოველდღე, დღეში ორჯერ იწვოდა მსხვერპლი საკურთხეველზე, საშინელი კვამლი ამოდიოდა. მაგრამ ასე წარმოიდგინეს, რომ იმდენად ბევრი ცოდვა იყო დაგროვილი, რომ ამას უნდა გამოესყიდა, ამ უზარმაზარ რაოდენობას მსხვერპლისა, მაგრამ ტაძარი დაინგრა და დღეს მსხვერპლშეწირვა არ არის, გაუქმებულია ყველაფერი, შეჩერებულია... ჩვენთანაც ანალოგიურია, ჩვენთანაც შეწყდა მსხვერპლშეწირვა. ისე წირავენ, აღთქმისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ სამადლობელო მსხვერპლია."

ებრაელთა განთავისუფლებას ძველ აღთქმაში ქრისტიანები ყოველთვის სიმბოლოდ, აღდგომის წინასწარმეტყველებად აღიქვამდნენ. ამ თვალსაზრისით, აღდგომა აერთიანებს ძველსა და ახალს, ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას. ზურაბ კიკნაძის განმარტებით:

[ზურაბ კიკნაძის ხმა]: "ავგუსტინე წერს, რომ ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა, ახალ აღთქმაში - ძველი... ახალი აღთქმა არის ძველი აღთქმის დასკვნა. ეს ერთიანობაშია, ცხადია, ძველი აღთქმა ფუნდამენტია. ეს არის გვირგვინი. აღდგომა არის გვირგვინი, იმედს იძლევა - ჯერ ქრისტეს აღდგომა და მერე საერთო აღდგომა - საკაცობრიო."

მაგრამ მთავარი, რასაც აღდგომის დღესასწაული შეახსენებს მორწმუნეებს, ეს სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა, მთლიანობაა. ისევე როგორც ეკლესია, რომელიც ცოცხალთა და მკვდართა ერთიანობას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ მიესალმება აღდგომის მეორე დღეს ჭირისუფლების გასვლას სასაფლაოზე, რაც საზეიმო განწყობილებას ხშირად სასოწარკვეთით, სიხარულს - ცრემლებით ცვლის ხოლმე. სასაფლაოზე გასვლის რიტუალი უფრო მეტად საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრდა, როცა ხელისუფლება, განსაკუთრებით რუსეთში, ყველაფერს აკეთებდა, რათა სააღდგომო რიტუალი ეკლესიაში მასობრივ დღესასწაულში არ გადაზრდილიყო. ზურაბ კიკნაძე განმარტავს:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ეს დღესასწაული არის ორივესთვის, "ცოცხალთა და მკვდართა"... ვიღაცამ მერე გაყო. ასე არ არის სწორი. გადიხარ წითელი კვერცხებით, ეკლესიაში მიდიხარ, ეკლესიის გვერდზეა სასაფლაო. ერთად ხართ... პირველი აქტი რა იყო... ჯოჯოხეთში ჩავიდა, მკვდართან ჩავიდა და მერე ამოვიდა... ეს, შეიძლება ითქვას, ბუნების კანონიცაა, მაგრამ ისეთი კანონი არ არის, რომ ჩემი ხელდაკრეფით თავისთავად მოხდეს. არ მოხდება ეს. თუ სულიც მოვკალი, არავითარი სხეული აღარ აღდგება."

აღდგომა, გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც რომ, არის ბუნების კანონი, ამას დღესასწაულის აღნიშვნის დროც ადასტურებს. ბუნების გამოღვიძება ემთხვევა ისტორიის განახლებას. ურწმუნო ადამიანისთვის ეს, შესაძლებელია, წარმართული ტრადიცია ან, უბრალოდ, დამთხვევა იყოს. ქრისტიანისთვის ეს - კანონზომიერებაა. და არამარტო ქრისტიანისთვის:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ქრისტიანობა ისეთი რელიგიაა, რომ, რა თქმა უნდა, დაემთხვევა ბუნების გამოღვიძებას. ასეც უნდა იყოს. როგორც ქრისტეს დაბადება,"შობა" ემთხვევა იმ დროს, როცა დღე იმატებს, როცა ძლიერდება მზე, ასევეა აღდგომა..."ფესახი" რომაა ებრაელების დღესასწაული, ეს არის ორმაგი დღესასწაული; მე მგონი, აქ პირველად მოხდა ბუნების დღესასწაულის შეჭრა ისტორიაში - აქ არის ეგვიპტიდან გამოსვლა - აქედან იწყება ისტორია და, ამავე დროს, გაზაფხულზე ხდება ეს."

მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა - ყველა ქრისტიანის დღესასწაულია, ზურაბ კიკნაძე არ უარყოფს, რომ აღდგომის აღნიშვნის ფორმა, სიმბოლიკა, თავად სააღდგომო სუფრა, ყველა ხალხს განსხვავებული აქვს. სახელწოდებაშიც არის განსხვავება. რუსები, მაგალითად, "აღდგომას" - "ვოსკრესენიეს" უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანისთვის ყოველი კვირა - ახალი სიცოცხლის მაუწყებელი უნდა იყოს. ზურაბ კიკნაძის თქმით:

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ყველა ერს თავისი ნიშნები აქვს. ჩვენთან "აღდგომაა", "ავსებაც" იყო. "ავსება" ნიშნავს რაღაცის დასრულებას, ახდენას იმისას, რაც წინასწარმეტყველებაში იყო. "ვოსკრესენიე" კარგია... წესით, ყოველი კვირა არის ქრისტეს დღე... ყოველი დღე არის აღდგომის დღე."

ე.ი. აღდგომა - სიმართლისა და სამართლიანობის გამარჯვების დღეც ყოფილა, იესო ქრისტესთან თანაარსებობის დღე... და არამარტო ქრისტიანთათვის. დედა ტერეზამ სწორედ აღდგომის დღეს მიმართა ინდუსებს, რომელთაც სიღარიბე, შიმშილი და გაჭირვება ტანჯავდათ. "ადამიანში, რომელიც იტანჯება, რომელსაც სტკივა, სცივა - იტანჯება მთელი დედამიწა და იტანჯება თავად უფალი იესო ქრისტე. როცა ტკივილი - უფალთან თანაარსებობის განცდას ქმნის, ტკივილი - ტკივილით, სიკვდილი - სიკვდილითვე დაითრგუნება". ამიტომ, პავლე მოციქულის თქმით, იესო ქრისტეს მიმდევრები მის აღდგომაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

[ზურაბ კიკნაძის ხმა] "ერთხელ შეეწირა და დამთავრდა, გამოისყიდა მთელი კაცობრიობის პირველქმნილი ცოდვა, რაც იყო... რასაც შენ დააშავებ, კი ბატონო, ამის შემდეგ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს თავზე, მაგრამ ქრისტეს სისხლმა, რომლითაც შეღებილია ეს სააღდგომო კვერცხი, გამოისყიდა ცოდვა კაცობრიობის. ცოდვის შესაძლებლობა დარჩა, ცოდვის ჩადენის, მაგრამ ის ცოდვა, რომელიც მე უნდა მომკითხო, ცოდვა ადამის, გამოისყიდა. ამიტომ, როცა ლაპარაკია დაუბადებელი ბავშვების მონათვლა-არმონათვლაზე, ან სამი წლის ბავშვების, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ, ადამის ცოდვა რატომ უნდა გამომყვეს მე, როცა აღარ არის. შესაძლებლობა არ არის ცოდვის. სანამ მე რამე არ ჩავიდინე ჩემი ნებით, მე შემიძლია ჩავთვალო ჩემი თავი უცოდველად."

ჩვენი საუბრის ბოლოს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი ზურაბ კიკნაძე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აღდგომა - ქრისტიანის სიცოცხლის გაერთიანებაა მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვრის სხეულთან. ამიტომაცაა აღდგომა - უკვდავების დღესასწაული. "ქრისტე აღდგა!"
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG