Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში თანაბრად იქნება


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში თანაბრად იქნება

წარმოდგენილი რელიგიური და სახელოვნო თემატიკა. დავით პაიჭაძე ისაუბრებს იმაზე, თუ რა აახლოებს და განასხვავებს საქართველოში ქრისტიანებს, მე კი წარმოგიდგენთ ქართული ხალხური ხელოვნების ტრადიციების გამგრძელებელს, ხალხურ ოსტატ ზურაბ კონიაშვილს, რომელიც ბოლო 8 წელია ბზაზე კვეთას ემსახურება.

დავით პაიჭაძე:
გასული, აღდგომის წინა, პარასკევი საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა ქრისტიანულ მიმართულებათა წარმომადგენლებმა თბილისში ერთობლივი მსვლელობით - ჯვრის ეკუმენური პროცესიით აღნიშნეს. მანამდე მსვლელობის ინიციატორი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს-პრეზიდენტი მალხაზ სონღულაშვილი აუწყებდა საზოგადოებას, რომ წითელ პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, მთელი ქრისტიანული სამყარო გლოვით ხვდება. საქართველოს ქრისტიანული ეკლესიები - კათოლიკური, სომხური სამოციქულო, ევანგელურ-ბაპტისტური და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები - ერთად აპირებენ ამ მძიმე ჯვრის პროცესიის გავლას.

მსვლელობის დასრულებიდან 3-4 საათი იქნებოდა გასული, როცა საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეკუმენური პროცესია ძალიან უარყოფითად იყო შეფასებული. კერძოდ, საპატრიარქო მას პროზელიტიზმის ერთგვარ გამოვლინებად, ალოგიკურ და პროვოკაციული ხასიათის მოქმედებად მიიჩნევს. მე ვთხოვე ბაპტისტ ეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს, განემარტა, რატომ არ იზიარებს მსვლელობის ასეთ შეფასებას. [სონღულაშვილის ხმა] "ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, ძალიან ბევრი რამ განგვასხვავებს ერთმანეთისაგან, მაგრამ გვაერთიანებს მაცხოვრის ჯვარცმა. წითელ პარასკევს ეკუმენური მომლოცველობა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს განსხვავებულობას და იმასაც, რომ საერთო გაცილებით მეტი გვაქვს. არანაირად არ შეიძლება ეს ჩაითვალოს პროზელიტიზმად, რადგან პროზელიტიზმი გულისხმობს ადამიანის მოსყიდვას, გადაბირებას, უზნეო საქციელით ერთი სარწმუნოებიდან მეორეზე გადაყვანას. შეუძლებელია, პროზელიტიზმი იყოს ის, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი რწმენა მსვლელობით".

ალოგიკურად და გაუგებრად საპატრიარქოს განცხადება მსვლელობას იმიტომაც მიიჩნევს, რომ, მართლმადიდებლების გარდა, ყველა ქრისტიანულმა დენომინაციამ უკვე იზეიმა აღდგომის დღესასწაული და, შესაბამისად, აღნიშნა ვნების პარასკევიც. მალხაზ სინღულაშვილი ამბობს, რომ ბაპტისტური ეკლესია საქართველოში, მისი არსებობის მთელ, ანუ 150 წლის, მანძილზე აღდგომას სწორედ მართლმადიდებელთა კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა. მალხაზ სონღულაშვილის თქმით, "ეს მოტივირებულია იმით, რასაც თანამედროვე მისიოლოგიაში ევანგელეს კონტექსტუალიზაციას უწოდებენ - ანუ სახარების ქადაგება ისეთი ფორმით, გზებითა და ხერხებით, რომელიც მისაღებია კონტექსტისა და კულტურისათვის იქ, სადაც ქადაგებენ სახარებას. იმის გამო, რომ ჩვენ მართლმადიდებლური კულტურის ქვეყანაში ვცხოვრობთ, აღდგომას აღვნიშნავთ მართლმადიდებელი კალენდრით. იგივე შეიძლება ითქვას სომხეთის სამოციქულო ეკლესიაზეც. ეჩმიაძინში აღდგომა აღინიშნება დასავლური კალენდრით, ხოლო საქართველოში, სომხურ ეკლესიაში - მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით. საერთოდ კი, კალენდარი არ შეიძლება დოგმისა და რჯულის ნაწილად იქცეს".

რაც შეეხება მსვლელობის პროვოკაციულ ხასიათს - ამ სიტყვაში ჩადებულ შინაარს ჩვენში დესტაბილიზაციის, უწესრიგობის წანამძღვრად მიიჩნევენ. მე დავინტერესდი, ხომ არ გამოუწვევია მსვლელობას რაიმე აგრესია მასში ჩაურთველ მოქალაქეებში, ან მონაწილეთაგან ვინმეს ხომ არ უცდია სხვათა გამოწვევა. პასუხად, აი, ეს მოვისმინე [სონღულაშვილის ხმა]: "არ ყოფილა აგრესიის არც ერთი გამოვლენა, უარყოფითი დამოკიდებულების არც ერთი ფაქტი, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ჩავუვლიდით ქუჩაში მართლმადიდებელ ეკლესიებს. ეზოში იდგნენ მორწმუნეები, სამღვდელოება, თავაზიანად გვესალმებოდნენ, არავითარი ზიზღი, პროვოკაცია, გამოწვევა არავისგან არ ყოფილა".

საქართველოს საპატრიარქო მკაცრია იმ მართლმადიდებელთა მიმართ, ვინც, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო ჯვრის პროცესიაში. "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ უერთდება მსგავს ღონისძიებებს. ჩვენი ეკლესიის ნებისმიერი წევრი კი, რომელიც ლოცვა-კურთხევის გარეშე თვითნებურად მოქმედებს, არღვევს საეკლესიო კანონებს და ამით თავის თავს თავად აყენებს ეკლესიის გარეთ," - აღნიშნავს საპატრიარქო. პროვოკაციული ეს მსვლელობა თითქოს იმიტომაც იყო, რომ ინიციატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია მასში მართლმადიდებელთა მონაწილეობის შესახებ. არადა, მსვლელობაში, მართლაც, მონაწილეობდნენ ისინი, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებლობას აკუთვნებს, მათ შორის, დეკანოზი ბასილ კობახიძე. ეს უკანასკნელი კი საპატრიარქოს კეთილგანწყობით, კარგა ხანია, აღარ სარგებლობს. რაც შეეხება კანონთა დარღვევას, მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ ასეთ მსვლელობებში მონაწილეობა არ აუკრძალავს არც ერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას, არ დაუგმია მართლმადიდებელ ეკლესიას არც ერთ ქვეყანაში. არსებობს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 1998 წლის გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ეკუმენურ ურთიერთობაში მონაწილეობას და, არსებითად, უცნობია საზოგადოებისათვის. მალხაზ სონღულაშვილის აზრით, [სონღულაშვილის ხმა] "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ბევრი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციასა და პრაქტიკას ისევე, როგორც გადაწყვეტილებების ეთოსს".

დაბოლოს, უცნობია, ვინ არის ავტორი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებისა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში ვერ შეხვდებით ამ ტიპის გამოთქმებს: "პროზელიტიზმის ერთგვარი გამოვლინება" ან "ღონისძიების პროვოკაციული ხასიათი". საინტერესოა, ვინ ლაპარაკობს საქართველოს საპატრიარქოს სახელითა და, ამავე დროს, კაზიონურ-კანცელარიული მანერით.

ეკა წამალაშვილი:
ზურაბ კონიაშვილი პროფესით მშენებელი ინჟინერია, მაგრამ, შენებას ხეზე კვეთა და ამ გზით რელიგიური თემების გაცოცხლება ამჯობინა. ხატვა, შემდეგ - ხაზვა, მისი ჰობი იყო. ბავშვობიდან არქიტექტურით განსაკუთრებულ დაინტერესებას ავლენდა და ქართული ჩუქურთმა ხიბლავდა. თავისუფალ დროს ხეზე კვეთდა. ძალიან მოსწონდა ლადო გუდიაშვილის მოწაფის არსენ ფოჩხუას ნამუშევრები და როცა 7-8 წლისას ბზის ნაჭერი თავადაც ჩაუვარდა ხელში, მისგან ჯვარი და ღვთისმშობლის პაწაწინა ხატი გამოკვეთა. მაშინ მიხვდა, რომ სამუშაო მასალად სწორედ ბზა უნდა აერჩია.

[ზურაბ კონიაშვილის ხმა] "თუ არა ხატი, რა უნდა გაკეთდეს ბზის მასალისგან, იმიტომ რომ წმინდა ხედ არის ცნობილი. ყველაზე ლამაზი გამოდის ხატი. მინიატურა გმოდის ძალიან კარგად, იმიტომ რომ ბზა თავისი სიმტკიცით ლამის ძვალს უახლოვდება. მას არა აქვს ფორები. სხვა მასალზე ასეთი მინიატურა ვერ გაკეთდება. ეს არის როგორც ძვალი, მას არ ემჩნევა არავითარი ფორები. ბზა არის სანთლისფერი და მოთეთრო. მე ეფექტურობისთვის ვუმატებ წყალში გახსნილ ხის საღებავს. ვფიქრობ, ბუნებრივი ფერებია. ნაკეთობის დაცვისთვის ვიყენებდი სპირტში გახსნილ ლაქს, რომელიც მცენარის ნაყოფისგან მზადდება. მაგრამ არც ეს არის საჭირო. ბზას ყველაზე კარგ სახეს აძლევს ზეთში მოხარშვა ან სანთლით დამუშავება, სხვადასხვა ფორმებია. სანთლით ჯობია. ასე თავის ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს და, სხვათა შორის, ძალიან ლამაზი გამოდის. "

"ქართულ ცნობიერებაში ბზის მასალის არსებობა სულიერ არსთან არის დაკავშირებული და ფერიც, სანთლის თაფლის მსგავსად, მზის სხივისგან იღებს სათავეს. ხალხური შემოქმედება ნებისმიერი ერის ცნობიერებაში ღვთიური მარცვლის ნაყოფს წარმოადგენს. ზურაბ კონიაშვილს მან უნიკალური სინატიფით შეაქმნევინა ჩუქურთმებით შემკობილი წმინდანთა გალერეა."- ნათქვამი საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ნანა ბოტკოველს ეკუთვნის.

თბილისში რამდენჯერმე იყო ზურაბ კონიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. მის მიერ ბზაში გამოკვეთილი ჯვრები და ხატები რამდენიმე ეკლესიაში ასვენია. ბზაში დამუშავებული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პორტრეტი, რომელიც, პატრიარქს გადაეცა, იესო ქრისტეს, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის მინიატურული ხატები, მურილიოს ღვითსმშობლის ცად ამაღლების ბზაზე გადმოტანილი მინიატურული ასლი და ასე შემდეგ... - ზურაბ კონიაშვილს აღარ ახსოვს ზუსტად რამდენი მინიატურული ხატი და სხვა ნამუშევრები აქვს შექმნილი. ბევრი მათგანი უცხოელებმა შეიძინეს. მოძღვრის კურთხევით და ხატზე მუშაობის მთელი წესების დაცით შექმნილი მისი ბზის მართლმადიდებლური ხატები კათოლიკეებსაც შეუძენიათ და მუსულმანებსაც.

ბზაზე კვეთა იოლი არ არის, მასალა მტკიცეა და მასზე მუშაობისას შეცდომა ოსტატის დასჯის ტოლფასია. სამუშაო ხელსაწყო მარტივია. ფანქრის როლი დანას აკისრია. ერთი მინიატურის შექმნას ზოგჯერ ერთი თვე სჭირდება. მასალის თავისებურებიდან გამომდინარე, მასზე მუშაობა ბევრს მიუტოვებია და შედარებით რბილი მასალა აურჩევია. ზურაბ კონიაშვილი კი ფიქრობს, რომ ბზაში გამოჩუქურთმებული ნაკეთობა სულ სხვაა. ეს ოსტატი, როგორც ვთქვით, ძირითადად, რელიგიურ თემატიკაზე მუშაობს, ამბობს, რომ ქართულ ხატებს თავისი გამომეტყველება სხვა მართლმადიდებელთა ხატებისგანაც კი გამოარჩევს." ამ გამომეტყველების სიტყვით აღწერა ძნელია, მის მიღწევას, ალბათ, ხატმწერის განსაკუთრებული სულიერება სჭირდება. მე მიმაჩნია, რომ ჩემს ნამუშევრებში ასეთი გამომეტყველების მიღწევას ჯერ ვერ მივაღწიე," - მითხრა ზურაბ კონიაშვილმა. მას მზად აქვს თვრამეტამდე ახალი ნამუშევარი, რომლებსაც მომავალი გამოფენისთვის ინახავს, მაგრამ ამ ეტაპზე გამოფენაზე ნაკლებად ფიქრობს. ცდილობს ხორცი შეასხას დიდი ხნის ჩანაფიქრს, ხალხურ ოსტატთა სკოლა-სახელოსნოს შექმნას, სადაც საქართველოში თავ-თავისთვის გაბნეული ოსტატები, ხეზე მკვეთავები იქნებიან ისინი თუ ოქრომჭედლები, ერთად მოიყრიან თავს. იდეის მიხედვით, ეს უნდა იყოს ფართო პროფილის სახელოსნო, სადაც უძველესი ორნამენტები, ბზაში გამოკვეთილი ხატებისა და ჯვრების გარდა, სამკაულებშიც გაცოცხლდება, ავეჯი კი დაახლოებით ისეთი შეიქმნება, როგორსაც საქართველოში დიდი ხნის წინათ ქმნიდნენ და მათზე ძველი ქართული ლეგენდების სიუჟეტები გამოჩუქურთმდება.

დაბოლოს, რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთ სახელოსნოში, თუკი ის შეიქმნება, ხეზე კვეთის თუ ჭედური ხელოვნების ოსტატები დაინტერესებულ ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შეასწავლიან საუკუნეებით ნასაზრდოებ ხელობას.

[ზურაბ კონიაშვილის ხმა] " მოვლენ მოწაფეები, შეისწავლიან ხეზე კვეთას და შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ, დაიწყებენ მუშაობას იქვე, ამ ოსტატებთან, და, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაც ექნებათ. შესწავლა იქნება უსასყიდლოდ. მოვლენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ხელი, კარგი თვალი, მაგრამ არა აქვთ საშუალება იმუშაონ. იქნება მინანქარის, ოქროს ოსტატი, ხეზე კვეთის ორი ოსტატი და მასიური ხის ამწყობი ოსტატი, ძალიან ძლიერი ოსტატი."

ამ ყველფრისთვის გეგმა, პროექტი რამდენიმე დღეა შეიქმნა. მის რეალიზაციას დაფინანსება სჭირდება, რომელიც ძალიან მცირედ შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ ფასეულობასთან შედარებით, რაც ასეთ სახელოსნოში შეიძლება შეიქმნას.

[ზურაბ კონიაშვილის ხმა] "აღორძინება ამ ტრადიციებისა ჩემი ჩანაფიქრია და, რაც მთავარია, დაინტერესება ახალგაზრდებისა, რომლებიც დაუსაქმებელნი არიან და ამ დროს, ღმერთმა იცის, მათში რა ნიჭია. რამდენიმე მათგანი ხომ მაინც დასაქმდება და, თუ არ მოინდომებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, თავისუფალ დროს ხომ მაინც ისიამოვნებს და ასიამოვნებს სხვებსაც თავისი ნამუშევრებით."

ხალხური ოსტატის ზურაბ კონიაშვილის ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ მისამართზე http://bza.birja.ge

ჩვენი გადაცემა აქ სრულდება. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.
XS
SM
MD
LG