Accessibility links

logo-print

ბაღდადში ათობით პოლიტიკური პარტია გამოდის ასპარეზზე


სამი ათეული წელიწადი ცხოვრობდა ერაყი ერთპარტიული სისტემით. ახლა გამოჩნდა ათობით პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც შეეცდებიან ქვეყნის მართვაში ჩაერთონ. ოპოზიციურმა პარტიებმა,

რომელთა წარმომადგენლები ლონდონიდან, თეირანიდან და აშშ-იდან დაბრუნდნენ, ბაღდადში დაიკავეს ყოფილი მმართველების შენობები. ზოგიერთ მათგანს ჩვენი "რადიოს" ბაღდადში მყოფი კორესპონდენტი ზამირა ეშანვა ესტუმრა.

იმ 40-მდე გაერთიანებას შორის, რომლებიც ბაღდადში აქტიურობენ, ყურადღებას პირველ რიგში იქცევს "ერაყის ეროვნული კონგრესი", ასოციაცია, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელია აჰმად ჩალაბი. კონგრესი დაეპატრონა ერაყის დედაქალაქში პრესტიჟულ მანსურის რაიონში მდებარე მონადირეთა კლუბის შენობას. ამ ორგანიზაციის ასეულობით კამუფლაჟში გამოწყობილი წევრი, რომელთა რაზმს "ერაყის განთავისუფლების ძალები" ჰქვია, ბაღდადის მისასვლელ გზებზე საკონტროლო პუნქტებზე დგას. პაკისტანშია დაბადებული კონგრესის ახლანდელი ხელმძღვანელის აჰმად ჩალაბის მთავარი მრჩეველი ზააბ სეთნა, რომელმაც ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ "კონგრესს" ამჟდამად 2000 მდე შეირაღებული და ათასობით ახალი წევრი ჰყავს:
[სეთნას ხმა] "კონგრესის წევრობისთვის ორი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოთ, სადამ ჰუსეინის რეჟიმის მოწინაღმდე უნდა და დემოკრატიის მომხრე უნდა იყოთ".
მონადირეთა ყოფილი კლუბის შენობას ფორმიანები და უფორმოები იცავენ, ვერავინ შედის შიგნით გაჩრეკის გარეშე. შენობაში კი დიდი მოძრაობაა, გასაუბრებები ტარდება "კონგრესის" წევრობის თუ მისი შეიარაღებული რაზმში ჩარიცხვის მსურველებთან. მათ იციან, რომ ჩალაბის და "კონგრესს" ამერიკელები უჭერენ მხარს და ამიტომ ესწრაფვიან წევრობას, ეს მათი მომავლის გარანტია შეიძლება იყოს. ზოგიერთი პოტენციური წევრი უკმაყოფილოა, ისინი, ვინც ჯერ ვერ მოახერხა კონგრესში მოხვედრა. "კონგრესმა" ბაღდადში მოახერხა კიდევ ხუთი სხვა შენობის ხელში ჩაგდება, ასევე შესძლო რეჟიმის ყოფილი წევრების სახლებს დაპატრონებოდა. კონგრესის მეზობლადაა განთავსებული ცნობილი შიიტური გაერთიანების, "ნაჯაფის პატივცემულ მეცნიერთა კავშირის" შტაბბინა. კონგრესის ოფისისგან განსხვავებით აქ სიმშვიდეა. რამდენიმე კაცი ზის მოუწყობელ უავეჯო შენობაში, რომელიც მათივე თქმით, ამერიკელთა უკითხავად დაუკავებიათ. ბაღდადში ახალ პარტიებს ადგილსამყოფელს აშშ-ის არმია უნაწილებს. ამ გაერთიანების ბაღდადის ოფისის ხელმძღვანელმა შეიხმა აბდ-ჯაბურ მანჰელმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ჯიჰადის გამოცხადებაში არ აჩქარდებიან ამერიკელთა წინააღმდეგ. შევხედავთ, თქვა მან, სურთ ამერიკელებს თავისუფლება და დემოკრატია თუ არა. ერაყელ ხალხს რომ მიანდონ თავიანთი მთავრობის არჩევა, დარწმუნებული ვარ, მათი 70 პროცენტი ისლამურ სახელმწიფოს დაუჭერს მხარს, აცხადებს შეიხი. დოქტორი ჰაშიმ ალ-ჰასანი სხვა დაჯგუფების, ერაყის ისლამური პარტიის წამყვანი წევრია და არ ეთანხმება შეიხის შეფასებას. მისი თქმით, ერაყელებს თავისუფლება და დემოკრატია სურთ. ისლამურ პარტიას უშიშროების უწყების ნახევრად დანგრეული ყოფილი შენობა უკავია.
ბაღდადში არიან, ბუნებრივია, ქურთების წარმომადგენლებიც, ორი წამყვანი ჯგუფიდან ერთ-ერთის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის წევრებიც. ისინი ამჟამად ერაყის ყოფილი მმართველი "ბაათის" პარტიის შენობაში განთავსდნენ. შესასვლელთან ლოზუნგია გამოკრული: "ქურთისტანის პატრიოტული კავშირი ზრუნავს ერთიანი, დემოკრატიული..." ბოლო სიტყვა აკლია ლოზუნგს. პარტიის ბაღდადის ოფისის თავმჯდომარე ადელ მურადი განმარტავს, რომ ეს სიტყვა ერაყია, იქვე ის თავის ოპტიმიზმს გამოხატავს ერაყის მომავლის შესახებ და ჩრდილოეთში, იქ სადაც ქურთები ცხოვრობენ, ავტონომიის თაობაზე:
[მურადის ხმა]"ჩვენ ახლა ძლიერი ვართ იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი 12 წლის წინgf განთავისუფლდა და საკუთარი სისტემა შევქმენით. ახლა ბაღდადში ჩამოვედით, რათა ჩვენი ხალხისთვთის კარგი საქმე გავაკეთოთ, მარტო კი არა, არაბებთან და შიიტებთან ერთად ქვეყანა აღვადგინოთ".
როგორც ხედავთ, იქ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება გამოჩნდა, განსხვავებულია მათი პოლიტიური ინტერესებიც. მაგრამ ერთ რამეში, ერაყის აღდგენაში, ერთად არიან. საერთო აზრია ისიც, რომ ერაყის ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მთავრობა, ამასთან, მათ გარკვეულად ადარდებთ, რომ შეიძლება ბოლო სიტყვა ამ საქმეში შეერთებულმა შტატებმა თქვას და არა ერაყელმა ხალხმა.
XS
SM
MD
LG