Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაართმევენ თავს ერაყელები საკუთარი ნავთობის გაკონტროლებას?


ერაყის მთავარი მატერიალური სიმდიდრე ნავთობია. საუდის არაბეთის შემდეგ ამ ქვეყანას მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში ნავთობის მარაგის მხრივ, მაგრამ ერაყის რიგითმოქალაქეებს ამისგან ხეირი დღემდე არ ჰქონიათ.

ახლა, როცა დაემხო ჰუსეინის რეჟიმი, ხალხმაც შეიძლება ისარგებლოს მისი ბუნებრივი სიმდიდრით. მაგრამ, ჯერ არ არის გარკვეული, როგორ უნდა მოხდეს ეს, რა გზას უნდა დაადგეს ერაყი, მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები, ანუ საერთაშორისო სანავთობო ფირმები, რომლებიც, ასე ვთქვათ, წილში ჩაუდგებიან ერაყელებს, თუ საკუთარი ძალებით მიხედონ საკუთარ სიმდიდრეს. არც ერთია იოლი და არც მეორე და აი რატომ. ისტორიულად, ერაყის ნავთობს, 1920 წლიდან მოყოლებული 1960-მდე ბრიტანეთი განაგებდა. შემდგომ ნავთობის საბადოების ნაციონალიზაცია, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა მოხდა და მოპოვება, წარმოება და გასაღებაც მთავრობის ხელში აღმოჩნდა. გასული 30 წლის მანძილზე, უფრო მეტად კი 1991-წლის მერე, როცა სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდგომ ერაყს სანქციები დაუწესეს და ბაღდადი ფაქტობრივად ნავთობის საკუთარი ნება-სურვილით გაყიდვას ვეღარ ახერხებდა, ერაყელები სიღარიბის ზღვარზე მივიდნენ. ერაყში არ არის სანავთობო კერძო ფირმები, ამიტომ, ფიქრობენ დასავლელი ექსპერტები, ერაყელებს უცხოური ინვესტიციები დასჭირდებათ ნავთობის წარმოების განსაახლებლად. ასე ფიქრობს ვაშინგტონის სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევის ენერგიის პროგრამის დირექტორი რობერტ ეიბელი. მას, როგორც ჩვენს კორესპონდენტს უამბო, ადრე კავშირი ჰქონდა ერაყელებთან, რომლებიც უცხოური ინვესტიციების შეზღუდვას ცდილოდნენ. მაგრამ ახლა, ამბობს აიბელი, ისინი მიხვდნენ, რომ მეტი უცხოური ფული იქნება საჭირო. აიბელის აზრით, ერაყის სანავთობო მრეწველობის ამუშავებისთვის 35-40 მილიარდი დოლარია საჭირო, ასეთი თანხა კი ერაყში არ არის. ამიტომ უცხოელები უნდა მიიზიდონ. ამას ის მოჰყვება, ეიბელის თანახმად, რომ ერაყის ნავთობის გამგებლები უცხოელები გახდებიან, როგორც ეს ბრიტანეთის ბატონობის დროს იყო, მეოცე საუკუნის უდიდეს მონაკვეთში. ეიბლი ფიქრობს ამასთან, რომ ერაყის ახალი მთავრობა მოახერხებს ისეთ გარიგებას მიაღწიოს უცხოელებთან, რომ ხალხმაც იხეიროს: [ეიბელის ხმა] "ერაყის ნავთობი ერთობ მიმზიდველია, ძალიან კარგი ხარისხისაა, მარაგიც საკმარისია, უცხოურ ბაზარზე გატანაც იოლია. ისე, რომ უცხოურ ინვესტიციებზე ლაპარაკის დრო როცა დადგება, მართლაც კარგი პოზიციები აქვთ".
ეიბელის თქმით, მსოფლიოში არსებობს სტანდარტული გარიგებები მთავრობებს და ნავთობის კომპანიებს შორის - ეგრეთწოდებული "წარმოების განაწილების შეთანხმება". მის საფუძველზე კომპანია ჩართულია ყველა ეტაპზე, ამოღებიდან გასაღებამდე. საქმე ის არის, ამასთან, რომ ერაყს 17 ჯერ ხელშეუხებელი საბადო აქვს. ისე, რომ კომპანიებს არ დასჭირდებათ ხარჯის გაღება მოძიებისთვის, ერაყს კი შეუძლია უფრო სარფიან გარიგებას მიაღწიოს.

მაგრამ კითხვა, ვინ გაკონტროლებს ერაყის ნავთობით მიღებულ მოგებას, კითხვად რჩება. როცა მხოლოდ მთავრობაა სიმდიდრის გამგებელი, კორუფცია იფურჩქნება და ხალხი ჩრდილშია. ვაშინგტონის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან ბრაუნი იხსენებს მთავრობებს, რომლებიც ხალხსაც ახეირებენ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრით, მაგალითად, ნორვეგია თუ ამერიკის ალიასკის შტატი. ბრაუნის თანახმად, ერაყს გარკვეული პოლიტიკური უპირატესობაც კი ჰქონდა სხვა არაბულ ქვეყნებთან, სამეფოებთან, ქუვეითთან, მაგალითად, ან საუდის არაბეთთან, სადაც ერაყისგან განსხვავებით, ერთი ოჯახის, სამეფო გვარის ხელშია სიმდიდრე. ერაყში, განაგრძობს ბრაუნი, ერთპიროვნული ხელისუფლება იყო, მაგრამ წიაღისეული ერთ რომელიმე ოჯახს არ ეკუთვნოდა. ბრაუნის აზრით, ერაყის შემთხვევაში საუკეთესო გზა იქნება, თუკი უცხოელებთან გარიგებას დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი გაუწევს მეთვალყურეობას. ნათან ბრაუნი დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ერაყში იოლი იქნება დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG