Accessibility links

საქართველოში იწყება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 29 აპრილს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ქამალ ხარაზი. იგი თბილისში ბაქოდან ჩამოვა, თბილისიდან კი ერევანში გაემგზავრება.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის მიზანია რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვა. ქამალ ხარაზის ვიზიტის დღის წესრიგით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს ხანში ოფიციალური თეირანი დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებას გეგმავს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანიდან დაიწყო. ბაქოდან მოსული ცნობებით, იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს, რომელთანაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილა აზერბაიჯანში ირანის პრეზიდენტის მუჰამედ ხათამის შესაძლო ვიზიტის დეტალები.
თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დაძაბული დღე ელის - საქართველოს პრეზიდენტის გარდა, იგი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თედო ჯაფარიძეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიგი წერეთელს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ირანში ოფიციალური ვიზიტის დეტალები.
"დაგეგმილია, რომ კავკასიური ტურნეს მიმდინარეობისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე განიხილავს ერაყში არსებულ ვითარებას და დააზუსტებს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პოზიციებს რეგიონში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით." - ასეთი ცნობა გაავრცელა 28 აპრილს რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ "ნოვოსტი". აქვე შეგახსენებთ, რომ მარტის მეორე ნახევარში თბილისში ქამალ ხარაზის ვიზიტი სწორედ ერაყში საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.
გულახდილად რომ ითქვას, ალბათ, ოფიციალური ბაქოსა და თბილისის დამოკიდებულება რეგიონში მიმდინარე ცვლილებების მიმართ არ შეცვლილა - ერაყის ომის დაწყებისთანავე აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოლიტიკას და ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეც დაუთმო. იგივე ითქმის საქართველოზეც, რომელიც თავიდანვე სრულად იზიარებდა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმთან. რაც შეეხება სომხეთის პოზიციას, მართალია, რაიმე ცალსახა განცხადებები ამ ერთი თვის წინათ პრეზიდენტ კოჩარიანს არ გაუკეთებია, მაგრამ მანაც განაცხადა ერაყის სრული და უპირობო განიარაღების აუცილებლობის შესახებ.
რუსი ექსპერტების შენიშვნით, ერაყის ომის შედეგად რეგიონში მომხდარი ცვლილებები უკვე აისახა ოფიციალური სომხეთის პოლიტიკაზე - რამდენიმე თვეში, პირველად სომხეთის ისტორიაში, სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება ნატოს პროგრამის " პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში სამხედრო სწავლებები, რომელშიც მონაწილეობას თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ. სულ ცოტა ხნის წინათ ასეთი ფაქტის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ისევ და ისევ რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი მოულოდნელი ცვლილება ერაყის ომის შემდეგ რეგიონში ძალთა ახალი ბალანსით თუ აიხსნება - სომხეთი თავის უსაფრთხოებას სულ უფრო მეტად აშშ-სა და ნატოს უკავშირებს.
რაც შეეხება ირან-საქართველოს ურთიერთობებს, ამ მხრივ, განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩეოდა 1993-94 წლები, როცა ირანი საქართველოს გაზით ამარაგებდა. დღეს ირან-საქართველოს ურთიერთობები მეტად იშვიათი, მაგრამ კეთილმეზობლურია. შესაბამისად, ახლა, როცა პრეზიდენტმა ბუშმა ირანი ბოროტების ღერძში შემავალ ქვეყანათა ჩამონათვალში შეიტანა, ირანის მცდელობების მიუხედავად, საეჭვოა, რომ ეს ურთიერთობა გააქტიურდეს.
XS
SM
MD
LG