Accessibility links

logo-print

სააღდგომო ეპისტოლეს სამოქალაქო მნიშვნელობა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ყველაზე საჯარო ურთიერთობის ფორმაა მოქალაქეებთან, მათი რწმენის განურჩევლად - უკეთ,

არა იმდენად ურთიერთობის, რამდენადაც მიმართვის, რომელშიც არეკლილი და მონიშნულია სწორედ სამოქალაქო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი არაერთი ტენდენცია თუ მიდგომა. წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე აღსანიშნავია საზოგადოებრივად ღირებული არაერთი ასპექტით.

ეკლესიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მოქალაქეთა მუდმივი დაკვირვების საგანია. კრიტიკული პათოსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენელთა და, აგრეთვე, საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის, ქმედებათა და განცხადებათა მიმართ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე შესამჩნევად გამძაფრდა, რელიგიური ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის მოძალებისადმი მართლმადიდებელი სასულიერო პირების არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო. ხმა აიმაღლეს თავად მართლმადიდებელმა ღვთისმსახურებმაც. საპატრიარქომ პასუხად ასეთი პოზიცია ჩამოაყალიბა: მიუღებელია როგორც რელიგიური ექსტრემიზმი, ისე უკიდურესი ლიბერალიზმი.

საპატრიარქოს სახელით გაცხადებულ, არსებითად, ანონიმური ტექსტებისაგან განსხვავებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეთა ავტორი ყოველთვის ცნობილია. წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე მნიშვნელოვანია იმითაც კი, რაც მასში არ არის: ესაა რელიგიური უმცირესობების - ტრადიციულად, სექტებად მონათლული ჯგუფების - უარყოფით კონტექსტში ხსენება, რაც უცხო არ იყო პატრიარქის ადრინდელი საჯარო გამოსვლებისათვის. მოასწავებს ეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის ჯგუფებისადმი ისეთი ხდება, რაც სააღდგომო ეპისტოლეში ხსენებულ თავისუფალ, ჰუმანურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეჰფერის? ეს, ალბათ, თანდათან, დროის მსვლელობასთან ერთად გამოჩნდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სააღდგომო ეპისტოლეში რომაული სტოიციზმის ცნობილი წარმომადგენლის, ფილოსოფოს ეპიქტეტესა და დაოსიზმის ფუძემდებლის, ჩინელი ლაო-ძის ციტირება. ძველ ეპოქათა ამ ბრძენკაცების მოხმობას ღვთისმეტყველი ნოდარ ლადარია ასე ხსნის: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ხშირად უკიჟინებს ეკლესიას სოციალური პრობლემებისადმი უყურადღებობის გამო. ამ პრობლემებს ეკლესია ვერ გადაჭრის, მხოლოდ მხილებაში ჩავარდნა კი არ იქნება კონსტრუქციული. პატრიარქი, ბუნებრივია, ცდილობს, ანუგეშოს თავისი მრევლი. ნოდარ ლადარიას თქმით [ლადარიას ხმა]: "ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ნუგეშისცემა გაანგარიშებულია არა მარტო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ითვლებიან საეკლესიო მორწმუნეებად, არამედ, საზოგადოდ, განათლებულ ადამიანებზე, რომლებიც იცნობენ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას. პატრიარქი ეხება სიმებს ყოველი ჩვენგანის გულში (ვინც თავს განათლებულ ადამიანებად მივიჩნევთ), როდესაც ეყრდნობა ეპიქტეტესა და ლაო-ძის".

სააღდგომო ეპისტოლეში ასეთი სიტყვებიცაა: "ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის, მართლაც, სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა". ჩვენი აზრით, აქ არის საგულისხმო მინიშნება, რომლის კომენტარიც ვთხოვე ნოდარ ლადარიას [ლადარიას ხმა]: "ეკლესიას ყოველთვის საყვედურობდნენ, რომ ახალი ტაძრების მშენებლობაში ხდება ფულის გათეთრება და ამაში წილი აქვთ კრიმინალებს... მეორე მხრივ, ესთეტურადაც გაუმართლებელია ის, რომ თბილისის ახალი რაიონები აივსო პატარა ტაძრებით, სადაც ვერავინ დაეტევა და წარმოუდგენელია წირვის დაყენება. მაგრამ ვიღაც ამგვარად ცდილობს, უკვდავყოს თავისი სახელი. გარდა ამისა, საქართველოში მდიდარ ხალხს ვერანაირად ვერ დააფინანსებინებ წესიერი სასულიერო შინაარსის ჟურნალის გამოცემას, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მზადაა, გაცილებით მეტი დახარჯოს ეკლესიის ასაშენებლად. ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარმა მოუწოდა მორწმუნე და, ამავე დროს, შეძლებულ ადამიანებს, შეემცირებინათ პირადი ამბიციები და უფრო ყურადღებიანები ყოფილიყვნენ ეკლესიის მრევლის რეალური მოთხოვნებისადმი".
XS
SM
MD
LG