Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობას?


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის პრობლემა გადაწყვეტილად გამოაცხადა, "ტერორისტულ ანკლავად" მონათლული 11 კილომეტრიანი ხეობა საქართველოში კვლავაც

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში რჩება. კვირას პანკისის ხეობა საქართველოში სტუმრად მყოფმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოინახულა. ხეობაში მიღებული შთაბეჭდილება ნატოელმა პარლამენტარებმა ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ავ-კარგიანობის შესახებ თბილისში მიღებული ინფორმაციებით შეავსეს.

შარშან შემოდგომაზე, როდესაც საქართველოს ძალოვან უწყებათა წარმომადგენლებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებისგან გაწმინდეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთიანი მასივები, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც პანკისის ხეობა ტურიზმით გატაცებულ ადამიანებსაც მიიზიდავდა. მაგრამ აპრილის ბოლოს საქართველოს უშიშროების მინისტრის მიერ გაკეთებული სენსაციური განცხადება, რომ მოსკოვსა და ვოლგოდონსკში 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი აჩიმეზ გოჩიაევი, შესაძლოა, იმალებოდეს პანკისის ხეობაში, ცხადყოფს, რომ ტურისტულ იდილიამდე საქართველოს ეს მთიანი რეგიონი ჯერ კიდევ შორსაა.

უფრო ზუსტად, სანამ ჩეჩნეთში მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ფედერალურ ძალებსა და პრეზიდენტ ასლან მასხადოვის მომხრე სამხედრო ფორმირებებს შორის, საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ყოველთვის იარსებებს რთული ოპერატიული ვითარება. ამაზე ორშაბათს საქართველოში მყოფმა ნატოს ასამბლეის წევრებმაც გაამახვილეს ყურადღება. საპარლამენტო ასამბლეის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა მარკუს მეკელმა ტელეკომპანია "რუსთავი -2"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს პანკისის ხეობის პრობლემის გადასაჭრელად.

[მარკუს მეკელის ხმა] "გლობალურად პანკისის ხეობის პრობლემის გასაღები, ალბათ, კვლავაც ჩეჩნეთში, რუსეთშია. და ამიტომ უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტ პუტინს, დაიწყოს მოლაპარაკება პრეზიდენტ მასხადოვთან, ვინაიდან ჩეჩნეთში მიმდინარე კონფლიქტი პირდაპირ გავლენას ახდენს პანკისში არსებულ ვითარებაზე."

უსაფრთხოების დისკურსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ყურადღება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზეც გაამახვილეს. საქართველოს ხელისუფლების, განსაკუთრებით, ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისა და მათგან მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ დელეგაციის წევრებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გასაღებიც ასევე მოსკოვში ძევს.

[მარკუს მეკელის ხმა] "აფხაზეთის კონფლიქტი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იგი უშუალოდ უკავშირდება საქართველოს სურვილს, გახდეს ნატოს წევრი. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია შეთანხმების მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან, რათა მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ ეტაპზე. შესაბამისი მიმართვები უკვე გააკეთა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, გერმანიამ თქვა თავისი სათქმელი, დღის წესრიგში დადგა ჟენევის პროცესის გაგრძელება, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ მოდის ამ მოლაპარაკებებზე. ახლა ჯერი რუსეთზეა, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს სოხუმზე, რათა წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე."

მაგრამ ჯერჯერობით რუსეთს აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად არ სცალია. კრემლისთვის ამ ეტაპზე მთავარია სამხედრო გავლენის გავრცელება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობათა სივრცეზე, რასაც მოსკოვი, ნაწილობრივ, უკვე აღწევს. 28 აპრილს, დუშამბეში ჩატარებული სამიტის შემდეგ, იურიდიულად გაფორმდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელშიც ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაერთიანდა. ამ ხელშეკრულების მიღმა დარჩნენ უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უზბეკეთი, რომლებიც ახალ რეგიონალურ ორგანიზაცია სუუამში არიან გაერთიანებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG