Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატიპიური პნევმონია კავკასიაში. რა ღონისძიებებს მიმართავს საქართველო ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად


ოფიციალური ბაქო არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანში ატიპიური პნევმონიით დაავადებული პირის და მასთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაციის შესახებ.

ეს ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებით გავრცელდა და პანიკა არა მარტო აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყნებში, რუსეთშიც შექმნა. რუსეთში აზერბაიჯანს უკვე დაავადების გავრცელების სივრცედ მიიჩნევენ, თუმცა თავად ბაქოში ასეთი პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. რა რეაქცია მოჰყვა საქართველოში ატიპიური პნევმონიის კავკასიაში გამოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას?

გავრცელებული ინფორმაციით, ატიპიური პნევმონიის ნიშნებით ბაქოს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში 24 წლის ახალგაზრდა მიიყვანეს. ის აზერბაიჯანში ჩინეთიდან ჩავიდა. კლინიკური გამოკვლევისთვის ჰოსპიტალში ხსენებულ ახალგაზრდასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირებიც გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამდენად, ინფორმაციის გავრცელებას პანიკა აზერბაიჯანის შორეულ მეზობლებშიც მოჰყვა. შეშფოთება მით უფრო საგრძნობია საქართველოში, სადაც, საბედნიეროდ, ჯერჯერობით საშიში ვირუსული ინფექციის მატარებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა. თბილისის აეროპორტის საკარანტინო-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მათი სამსახური ქვეყანაში შემომსვლელ პირებზე მკაცრ ზედამხედველობას აწარმოებს. თუ როგორ ხორციელდება ეს ზედამხედველობა, ამის შესახებ აღნიშნული სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა მზია კაკაურიძემ გვიამბო:

[მზია კაკაურიძის ხმა] "პირველ რიგში, ვხვდებით თვითმფრინავს მესაზღვრესთან ერთად. ვითხოვთ თვითმფრინავის გენერალურ დეკლარაციას, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, ბორტზე იყო თუ არა ვინმე ავად. ხდება გამოკითხვა, იყვნენ თუ არა თვითმფრინავში პირები არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან - ასეთებად ითვლება: ჩინეთი, კანადა, აზიის ქვეყნები. ვიზუალურად ყველა მგზავრს ვათვალიერებთ. "

დათვალიერება კლინიკურად ხდება. საეჭვო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში პირის იზოლაცია და მისი სტაციონარში გადაყვანა უნდა მოხდეს, მაგრამ თბილისის აეროპორტის საკარანტინო-სანიტარულ სამსახურს ასეთი ზომების მიღება ჯერ არ დასჭირვებია. მზია კაკაურიძის მიერ მინიშნებული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან მგზავრთა მიღებაზე რაიმე შეზღუდვა არ დაწესებულა.

[მზია კაკაურიძის ხმა] "დღევანდელი მონაცემით, 11 მგზავრი ჩამოვიდა ჩინეთიდან. საქართველოს მოქალაქეები მგზავრობენ ასეთ ქვეყნებში. აკრძალვის მომენტი არ არის. ვამოწმებთ მათ, გამოკითხვას ვატარებთ, რომელი პროვინციიდან მოდიან. ხდება საშიში წერტილებიდან ჩამოსული პირების აღრიცხვა და მათ შესახებ ინფორმაციას დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გადავცემთ, საიდანაც ხდება ამ პირებზე მეთვალყურეობის დაწესება. ვცდილობთ არც ერთი პირი ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს. "

ასეთი მდგომარეობაა აეროპოტრში, მაგრამ შორეული თუ მახლობელი ქვეყნებიდან უცხო ქვეყნების თუ საქართველოს მოქალაქეები სხვა გზებითაც შემოდიან. ამდენად, დაცვითი ზომები აეროპოტრში დაავადების გავრცელების აღკვეთის გარანტიად არ გამოგვადგება. დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს მკაცრად დაიცვას სანიტარული წესები და, თუ ატიპიური პნევმონიის შემთხვევა საქართველოშიც გამოვლინდა, სამედიცინო ნიღბების დეფიციტის პირობებში, დოლბანდის თვითნაკეთი ნიღბები გამოიყენოს. ცნობისათვის: იაპონიაში ახალი ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. გავრცელებული აზრით, ეს იმან განაპირობა, რომ იაპონელები ინტენსიურად იბანენ ხელებს.
XS
SM
MD
LG