Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის წამყვანი გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ ბაღდადში ერაყის ლიდერების ორშაბათს გამართულ შეხვედრას,

რომლის მონაწილე 200-მდე დელეგატმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოუდგენია სადამ ჰუსეინის დამხობის შემდგომ პერიოდში ახალი ერაყის სახელმწიფო მოწყობა.
როგორც ბრიტანეთის გაზეთი "ინდეპენდენტი" სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, ამ შეხვედრის შედეგი არაერთგვაროვანი იყო... მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დელეგატთა რიცხვი, ამჯერად, ოთხჯერ და უფრო მეტიც იყო, ვიდრე ერაყის ლიდერთა ათი დღის წინანდელ, პირველ შეხვედრაზე. გაზეთი განაგრძობს:

"მისასალმებელია ისიც, რომ 28 აპრილის ერთდღიან კონფერენციას, ბაღდადში, ესწრებოდნენ ერაყში ისლამური რევოლუციის შიიტთა უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც პირველ შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს. ორშაბათს გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ივალდებულეს 4 კვირაში აირჩიონ ერაყის ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელშიც ყველა სარწმუნოება, ტომი თუ ეთნიკური ჯგუფი თანაბრად იქნება წარმოდგენილი. თუმცა არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი. მაგალითად, ისლამური რევოლუციის შიიტთა უზენაეს საბჭოში აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რა როლი უნდა დაეკისროს ამერიკელ სამხედროებს ერაყის გარდამავალ მთავრობაში. უთანხმოებაა ამ საკითხში ერაყელ ლტოლვილებსა და ადგილობრივ ლიდერებს შორისაც."

ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" მიესალმება იმ ფაქტს, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ინიციატივით ბაღდადში ორშაბათს მოწყობილი შეხვედრის დელეგატებმა გადაწყვიტეს ერთ თვეში მოაწყონ ეროვნული ყრილობა, რომელიც ომისშემდგომ ერაყში გარდამავალ მთავრობას აირჩევს. გაზეთი წერს:

"ოპოზიციურ დაჯგუფებებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი შეხვედრაზე, სრულიად განსხვავებულად წარმოუდგენიათ ერაყის მომავალი. ერთადერთი, რაშიაც პოზიციების აბსოლუტური დამთხვევა მოხდა ისაა, რომ ამერიკელებმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ ერაყი. ეს, გამომაფხიზლებელი ინფორმაცია უნდა გახდეს კოალიციის ძალებისთვის, განმათავისუფლებლებად რომ მიიჩნევენ თავს. თუმცა, ძლიერი ხელის გარეშე ერაყში ქაოსია მოსალოდნელი.სადამ ჰუსეინის შემდგომ პერიოდში, წესრიგის აღსადგენად ერაყს, რკინის ხელი ესაჭიროება."

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხიველი ტომას ფრიდმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორც გამოეხმაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას. საფრანგეთსა და რუსეთს, რომლებიც ერაყთან ომის წინააღმდეგი იყვნენ იმთავითვე, აღნიშნავს ფრიდმენი, დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ერაყში სასიკეთო ძვრები მოხდა, რითაც პარიზიც და მოსკოვიც, საკუთარი რეპუტაციის შემდგომ დისკრედიტაციას უფრთხიან. ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"რაც შეეხება არაბულ სამყაროს, აქ მრავალი ლიდერი უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ომს, სასიკეთო ძვრები მოჰყვა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ არაერთი არაბული რეჟიმი გვაგონებს დღეს სისასტიკით სადამ ჰუსეინის ერაყს, ხოლო თუ სადამის დამხობა დადებით მოვლენად იქნება შეფასებული, მაშინ უნდა დაამხონ სხვა დესპოტი ლიდერებიც. რაც შეეხება არაბი ინტელექტუალების ასეთსავე პოზიციას, მათი დუმილი იმის შეგნებით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ამ ადამიანებს თავად უნდა მოეგვარებინათ არაბული სამყაროს ეს მტკივნეული პრობლემა".
XS
SM
MD
LG