Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უშლის ხელს ირან-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას


საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის პირველ წლებში ირანის ისლამურ რესპუბლიკასთნ მჭიდრო ეკონომიკური ხასიათის კავშირები ჩამოყალიბდა. თუმცა ოდნავ მოგვიანებით ურთიერთხელსაყრელი

პროექტების განხორციელებას პოლიტიკურმა მოსაზრებებმა შეუშალა ხელი. ურთიერთობების გაცივებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ირანი საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს კვლავ გამოთქვამს და ახალი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინიციატივებით გამოდის.

29 აპრილს თბილისს ესტუმრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ქემალ ხარაზი. იგი კავკასიის ქვეყნებში მოგზაურობს და ცდილობს მეზობელი სახელმწიფოები თეირანის ახალ პროექტებზე დაიყოლიოს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩამოყალიბება უსაფრთხოების რეგიონალური სისტემის, რომელშიც, კავკასიის 3 სახელმწიფოსთან ერთად, ირანი, რუსეთი და თურქეთიც უნდა გაერთიანდნენ.

ამ იდეასთან დაკავშირებით საქართველო სიფრთხილეს იჩენს, თეირანის მიმართ თბილისის სტრატეგიული პარტნიორის, ვაშინგტონის, მკაცრი დამოკიდებულების გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, მსგავსი წინადადებები მრავლად არის და ჯერჯერობით ნაადრევია ირანის იდეის კონსტრუქციაზე ლაპარაკი, თუმცა კი კარგადაა ცნობილი რეგიონის სტაბილურობის საერთო პრინციპები.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „პირველი და უმთავრესი გახლავთ რეგიონში კონფლიქტების გადაუდებლად მოწესრიგება და, მეორე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის, რომელიც დღეს გარეშე ძალთა დაპირისპირების არენა გახლავთ, თანამშრომლობის, ინტერესთა ჰარმონიზებისა და თანამშრომლობის ზონად ქცევა."

შეერთებული შტატების ფაქტორის გათვალისწინებით, წლების წინ თბილისის საავიაციო ქარხანამ უარი თქვა ირანის სამხედრო საჰაერო კომპლექსთან გაფორმებულ მრავალმილიონიან კონტრაქტებზე.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა სულ ახლახან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და ირანის შესაძლო სამხედრო თანამშრომლობის გამო. ქართული მხარის მიერ შეერთებული შტატების ეჭვების გაქარწყლების შემდეგ სამხედრო თანამშრომლობა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქემალ ხარაზიმაც უარყო.
[ქემალ ხარაზის ხმა] „ირანსა და საქართველოს შორის არ არსებობს არანაირი სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოდან არც ერთი სამხედრო საქმის სპეციალისტი არ იმყოფება ირანში."

ახლა, სამხედრო თანამშრომლობის ნაცვლად, ირანი საქართველოს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას სთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ირანული ბუნებრივი აირის ტრანზიტი ევროპაში. თეირანმა თბილისს მსგავსი პროექტი ჯერ კიდევ 1994 წელს წარუდგინა. მაშინ, სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად, პარტნიორობა არც გაზის სფეროში მოხერხდა. ამჟამადაც საქართველოს გავლით ირანისა და ევროპის დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის ბედი პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. საქართველო ენერგეტიკული პროექტების თამაშში შეერთებული შტატების ინტერესების ერთგულია. შესაბამისად, თბილისის თანხმობა თეირანის შემოთავაზებაზე ვაშინგტონის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

ამ ეტაპზე საქართველო ირანთან მხოლოდ განათლების, კულტურისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობისთვისაა მზად. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ისედაც ინტენსიურია და ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ამ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კიდევ არსებობს.
XS
SM
MD
LG