Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის ჩავიდა თამაზ ნადარეიშვილი ჰააგაში


აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დელეგაცია ჰააგაში თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის მიზანს აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი

დანაშაულებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაინტერესება წარმოადგენს. თამაზ ნადარეიშვილს ჰააგაში დავუკავშირდი. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ განმიმარტა, რომ დაინტერესება არის და საქმისთვის მსვლელობის მიცემა მარტოოდენ რომის სტატუტად ცნობილი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებაზეა დამოკიდებული. პარლამენტში შესაბამისი დოკუმენტი სარატიფიკაციოდ პრეზიდენტის ინიცირებით უნდა შევიდეს, რაც ჯერ არ მომხდარა. სამაგიეროდ, პარლამენტში სარატიფიკაციოდ უკვე შესულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება, რაც რომის ხელშეკრულებასთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის. მიუერთდება თუ არა საქართველო რომის ხელშეკრულებას, ბუნდოვანია, თუმცა თამაზ ნადარეიშვილი იტოვებს იმედს, რომ ეს მოხდება:


"როგორც კი ჩამოვალ, შემდეგი კვირა იქნება სასესიო. კვირის დასაწყისში თუ არა, კვირის ბოლოსთვის ეს დოკუმენტი უნდა იყოს ვიზირებული და მერე საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის ხელმოწერით უნდა წარადგინოს ის პარლამენტში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა დაუჭერს მხარს; იქნებიან ისეთები, რომლებიც წინააღმდეგ წავლენ, მაგრამ იმედი მაქვს, 118 ხმას მოვაგროვებთ. ამის მერე საქმეს მიეცემა მსვლელობა და, როგორც აქ აგვიხსნეს, დებულების მიხედვით, პროკურორი ვინც დაინიშნება, ჩამოვა საქართველოში."


თამაზ ნადარეიშვილის თქმით, თუ საქართველო რომის ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს, ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს მსვლელობა მიეცემა და პროკურორი, რომელიც საქართველოში გამოიგზავნება, საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ მრავალტომიან საქმეს გაეცნობა, რომელიც აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდას უკავშირდება. მაგრამ ეს მრავალტომეული მარტოოდენ იმის დასასაბუთებლად გამოდგება, რომ აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდას ადგილი ჰქონდა და რომ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი ადამიანებთან ეთნიკური ნიშნით ანგარიშსწორებას აგრძელებს. ის, რაც წლების წინ მოხდა და უამრავი ადამიანი შეიწირა, უბრალოდ, საქმის დამამძიმებელ გარემოებად გამოდგება, რადგან ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ მიიღებს სარჩელს იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც 2002 წლამდე მოხდა.

აფხაზეთში ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის შესახებ ინფორმაციით ნადარეიშვილი 28 აპრილს ჰააგაში სპეციალურ კონფერენციაზე წარდგა. მას აზერბაიჯანის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დიპლომატები ესწრებოდნენ. იქ ითქვა ის, რასაც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ამდენი წელია ამბობს. "ჩემი გამოსვლა რუსეთის წარმომადგენლებს არ ესიამოვნათო," თქვა მან. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დელეგაცია ოთხშაბათს ჰააგიდან ჩავა ბრიუსელში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრები იგეგმება. როგორც თამაზ ნადარეიშვილმა გვითხრა, ნატოს გენერალური მდივნის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მას გენერალური მდივნის მოადგილესთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება. საუბარი შედგება აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ნატოს გააქტიურების თაობაზე, თუმცა, როგორც სამშაბათს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ განმარტა, ნატოს ამ მიმართულებით გააქტიურება მხოლოდ მის ხელთ არსებული პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებას ნიშნავს. რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრას, აქ აქცენტები ეკონომიკურ საკითხებსა და აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამაზე გაკეთდება. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს - რომის სტატუტთან საქართველოს მიერთების შესაძლებლობას. საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ უკვე შესულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკრძალება ჰააგის სასამართლოსთვის ამერიკელი სამხედრო დამნაშავის გადაცემა, ამერიკის შერთებული შტატების მთავრობის თანხმობის გარეშე. ანალოგიურ ვალდებულებას იღებს შეერთებული შტატების მხარეც. შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის რომის სტატუტთან, თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, მისი რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მაინც ექნება რომის ხელშეკრულებასთან მიერთების საშუალება.
XS
SM
MD
LG