Accessibility links

logo-print

სამშაბათს 29 აპრილს, მოსოკოვის მახლობლად მდებარე ნოვო-ოგორიოვოში გაიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 29 აპრილს, მოსოკოვის მახლობლად მდებარე ნოვო-ოგორიოვოში გაიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა,

რასაც მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა.

"ბლერმა და პუტინმა ერაყის შესახებ ილაპარაკეს, მაგრამ ეს არ ყოფილა თანამოაზრეთა შეხვედრაო" - წერს გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" რუსეთ-ბრიტანეთის სამიტის შესახებ და განაგრძობს:

"მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ბატონი პუტინი საკუთარ პოზიციაზე დარჩა და კვლავ გაემიჯნა ლონდონსა და ვაშინგტონს მთავარ საკითხში - რა როლი უნდა დაეკისროს გაეროს ერაყის აღმშენებლობის საქმეში. ზოგიერთი მიმომხილველი იმედოვნებდა, რომ ბლერ-პუტინის შეხვედრა ბოლოს მოუღებდა იმ უთანხმოებას, ერაყის ომმა რომ გამოიწვია კოალიციის წევრი-ქვეყნების მთავრობებსა ომის მოწინააღმდეგე ევროპელ მოკავშირეებს შორის. მაგრამ პუტინმა იმაზე მიანიშნა, რომ ჯერჯერობით არ დადასტურებულა, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს, და თან მოითხოვა, რომ გაერომ განაახლოს ჰუმანიტარული პროგრამა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთის კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა".

როგორც გაზეთ "გარდიანს" მიაჩნია, ტონი ბლერის პირველი საჯარო მცდელობა დიპლომატიური გზით მოეშუშებინა ერაყის ომით მიყენებული ჭრილობები, დამამცირებელი კრახით დამთავრდა; ხოლო ასევე ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი მეორე გაზეთი "ტაიმსი" მიდის დასკვნამდე, რომ სამშაბათს გამართული შეხვედრის დროს, პუტინმა ფაქტობრივად მასხარად აიგდო ბატონი ბლერი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"რუსეთის პრეზიდენტმა უკუაგდო ტონი ბლერის მცდელობები ერაყში ომის დამთავრების შემდეგ ინგლის-რუსეთის ურთიერთობათა აღდგენასთან დაკავშირებით, და თან მოითხოვა, რომ ბლერმა და პრეზიდენტმა ბუშმა წარმოადგინონ ის მასობრივი განადგურების იარაღი, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას რომ დაედო საფუძვლად. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის ეს, ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან მიღებული მეორე დარტყმა იყო უკვე მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპაში ნატოსგან დამოუკიდებელი, სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთის შექმნის იდეას დაუჭირეს მხარი. პუტინისა და ბლერის შეხვედრის დამთავრებისას, შეხვედრისა, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობაში გაჩენილი ნაპრალი უნდა ამოევსო, რუსეთის პრეზიდენტი სარკასტულად მოიხსენიებდა იმ ფაქტს, რომ კოალიციამ ვერავითარ ბიოლოგიურსა თუ ბირთვულ იარაღს ვერ მიაკვლია დღემდე ერაყში, და განაცხადა, რომ ვიდრე ეს საკითხი არ გაირკვევა, გაეროს სანქციები ერაყის წინააღმდეგ, ძალაში უნდა დარჩეს."

გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" იხსენებს
ერაყში ომის დაწყებამდე გაეროში გამართულ დებატებს, როცა აშშ და ბრიტანეთი ახალი რეზოლუციის მიღებას მოითხოვდნენ უშიშროების საბჭოში, რაც მწვანე შუქს მისცემდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, ხოლო ვაშინგტონის ჰეგემონიით გაღიზიანებული ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი, ვეტოთი ემუქრებოდნენ ხსენებული რეზოლუციის მიღებას. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"მას შემდეგ, რაც ამერიკა-ინგლისის ალიანსმა თავისი გაიტანა და ერაყში მაინც დაიწყო ომი და დასასრულსაც მიუახლოვდა, ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი უწინდელი გავლენის აღდგენით არიან დღეს დაინტერესებული. პუტინი შიშობს, ვაი თუ ბაღდადის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებამ კიდევ უფრო მეტად გამიჯნოს გაერო ომისშემდგომ ერაყში აღმშენებლობის პროცესიდან. ამიტომაც სურს რუსეთის პრეზიდენტს ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლება. მაგრამ კოალიციის ძალები წინააღმდეგი გამოდიან ამისა და აცხადებენ, რომ გაეროს როლი ომისშემდგომ ერაყში ჰუმანიტარული საქმიანობით უნდა შემორიფარგლოს".
XS
SM
MD
LG