Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდის ვიზიტი ერაყში


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს 30 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დოლნალდ რამსფელდი რამდენიმე საათით ერაყს ეწვია. ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას ბაღდადში რამსფელდმა თქვა,

რომ ამერიკის ჯარი იმდენ ხანს დარჩება ერაყში, ვიდრე იქ სტაბილური დემოკრატიული მთავრობა არ შეიქმნება.


პენტაგონის ხელმძღვანელი ამერიკის სამხედრო თვითმფრინავმა მეზობელი ქუვეითიდან ჩაიყვანა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში, რომელიც ბრიტანელი ჯარისკაცების კონტროლქვეშაა. დონალდ რამსფელდმა, ბასრაში, მადლობა გადაუხადა კოალიციის ძალებს სადამ ჰუსეინის დამხობის "წარმატებით დაგვირგვინებაში", ხოლო ერაყის გათავისუფლებას ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა [დონალდ რამსფელდის ხმა]: "მთელი ამ ძალისხმევის გახსენებისას, სიხარულს მანიჭებს იმაზე ფიქრი, რომ ამდენი ადამიანი, ჭკვიანი და ენერგიული, გათავისუფლდა და აღარ იქნება მოქცეული ამ ჭეშმარიტად ბარბაროსული, ბოროტი რეჟიმის უღელქვეშ. და ეს, მისასალმებელია. ეს სასიკეთოა არა მარტო ამ ადამიანებისთვის, არამედ ამ რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვისაც".

ბასრადან დონალდ რამსფელდი ჩაფრინდა ბაღდადში, სადაც 12 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი, ერაყელ პოლიციელებთან ერთად, წესრიგს იცავს ერაყის დედაქალაქის ქუჩებში. ბაღდადში რამსფელდი ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლებს შეხვდა ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სასახლე აბუ ღრაიფში, რომელიც დღეს, ამერიკელების სამხედრო ბაზის ფუნქციას ასრულებს და კობრას ბაზის სახელითაა უკვე ცნობილი.

მოგვიანებით დონალდ რამსფელდმა ელექტროსადგური მოინახულა ბაღდადის სამხრეთ შემოგარენში და მოლაპარაკება გამართა გადამდგარ გენერალ ჯეი გარნერთან, რომელიც ომისშემდგომ ერაყში რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების აშშ-ის უწყებას ხელმძღვანელობს.

ჯეი გარნერი თავმჯდომარეობდა ორშაბათს ერაყელი სასულიერო პირების, ტომების ლიდერების, საქმოსნებისა და ლტოლვილობიდან ახალახან დაბრუნებული პოლიტიკოსების შეხვედრას ბაღდადში, რომლის მონაწილე ორასამდე დელეგატმა სადამ ჰუსეინის შემდგომ პერიოდში ერაყის სახელმწიფო მოწყობის გზებზე იმსჯელა.

პირველ მაისს, ბაღდადში, ერაყის ოპოზიციური ხელმძღვანელობის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ხსენებული საბჭო გასულ თებერვალს დაარსდა აშშ-ის ინიციატივით. მოელიან, რომ ერაყის მომავალ დროებით ადმინისტრაციაში სწორედ ეს საბჭო იქნება ძირითადად წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG