Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიის მეთორმეტე გაზაფხული


30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 12 წელი შეუსრულდა. ყველა ახალ დღესასწულს ქართველი სამხედროები უკეთესის მოლოდინით ხვდებიან და სჯერათ, რომ "მაღალი სტუმრები" ხელისუფლებიდან,

რომლებიც ტრიბუნიდან ლამაზ-ლამაზი სიტყვებით ამკობენ სამხედრო მოსამსახურეთა ღვაწლს და ამტანობას, ბოლოს და ბოლოს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავდაცვის სფეროს. საკუთარი მოლოდინი აქვს საზოგადოებასაც, რომელსაც სურს, რომ სამხედრო ფორმიანი ადამიანები მეტ დისციპლინებულობას, პროფესიონალიზმსა და ინტელექტს ამჟღავნებდნენ.


როგორც ყველა სამხედრო ძალა, საქართველოს ჯარი ომის ქარ-ცეცხლში იშვა. მეტიც, 12 წლის განმავლობაში მას არასდროს ჰქონია მშვიდი ცხოვრება - ეთნიკური და სეპარატისტული კონფლიქტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა, მეტწილად, სწორედ სამხედროების "სუსტ მხრებზე" გადადიოდა.

ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, ერთი მხრივ, რუსულ-კონფედერაციულ სამხედრო ძალებთან და, მეორე მხრივ, საკუთარ სახელმწიფოებრივ არაორგანიზებულობასთან, რაც ყველაზე უკეთესად რეგულარული არმიის როლის უგულებელყოფასა და პარამილიტარისტული ორგანიზაციების წინ წამოწევაში გამომჟღავნდა.

და მაინც, 12 წლიანი გადასახედიდან, ბევრი ქართველი ოფიცერი ფიქრობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა გამოდის ბავშვობის ასაკიდან და წარსულის მძიმე მემკვიდრეობისგან თავისუფლდება.

გადამდგარი გენერალი ვალერი ქვარაია ქართული ჯარის ჩამოყალიბების პროცესში 1992 წლიდან მონაწილეობს. საბჭოთა არმიის ყოფილმა ოფიცერმა გაიარა თითქმის ყველა სამეთაურო საფეხური, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში და ახლა ესტაფეტა თავის უმცროს შვილს, კაპიტან ზაზა ქვარაიას გადააბარა, რომელიც ქართულ სამშვიდობო ასეულთან ერთად გერმანიაში იმყოფება. გენერალი ქვარაია ყველაზე დიდ შეცდომას თავის დროზე არმიის მოხალესეებით დაკომპლექტებაში ხედავს.

[გენერალ ქვარაიას ხმა] "მოხალისეებით დაკომპლექტებულმა ჯარმა რომ არ გაამართლა, ჩვენ უკვე ვნახეთ. თუმცა მან გარკვეული როლი მაინც ითამაშა. ისე, უკეთეს შედეგს მივიღებდით, რომ ეს მომხდარიყო უფრო კლასიკური ვარიანტით - გაეწვიათ კომისარიატებს რეზერვში ნამყოფი, ჯარგამოვლილი ადამიანები. ასეთი რამ იშვიათი იყო."

"კლასიკური", ანუ სავალდებულო გაწვევაზე დაფუძნებული, წესი, რომელსაც ქვეყანა აფხაზეთში საომარი მოქმედების შემდეგ დაადგა, ჯერჯერობით კვლავ ძალაშია, თუმცა შარშანდელმა საშემოდგომო გაწვევის ჩაშლამ ცხადყო, რომ ქვეყანამ ძვირად ღირებულ საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლისთვის უნდა იფიქროს. ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომელიც არმიის მეთორმეტე წლისთავზე საქართველოში 2000 პროფესიონალ და მაღალანაზღაურებად ჯარისკაცს დატოვებს, უკვე იძლევა ამის საფუძველს.

სწორედ არმიის მე-12 წლისთავზე იგეგმება კიდევ ერთი მიშვნელოვანი ცვლილება შეიარაღებულ ძალებში. 2004 წელს საქართველო უკვე სამოქალაქო თავდაცვის მინისტრით უნდა შეხვდეს. მანამდე კი თორმეტი წლის ქართულ არმიას კვლავ სამხედრო მინისტრი დავით თევზაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი პათოსით მეოთხე წელია ცდილობს გააგებინოს ყველას, რომ ეს დრო უქმად არ დახარჯულა.

[დავით თევზაძის ხმა] "შეიძლება იმ წლებში, რომლის გახსენებაც მეტ-ნაკლებად გვიჭირს ხოლმე, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ჩვენი უბედურების სათავე, ჩვენი გაჭირვების სათავე ომში დაწყებული ჩვენი მძიმე ბავშვობა გახლდათ. მაგრამ მე პირიქით მგონია - რომ ეს არის ბედნიერება, ბედნიერება თითოეული ჩვენგანისა, ვინაიდან ჩვენ არა მარტო ვუცქირეთ, როგორ ხდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, არამედ თითოეულმა, ვინც აქ ზის, -შესაძლოა, ახალგაზრდების გარდა, - რეალურად ჩავდეთ თითო წვეთი ჩვენი სისხლისა, თითო ნაფლეთი ჩვენი ხორცისა!"
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG