Accessibility links

logo-print

რა ფსიქოლოგიური განწყობა უძღოდა რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა განმეორებით მატჩს


თამარ ჩიქოვანი, თილისი რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა განმეორებითი მატჩის წინ თბილისში ვითარება საკმაოდ ნერვიული გახლდათ. თავად ლოკომოტივის სტადიონს შუადღიდან 3 ათასი პოლიციელი იცავდა,

რათა, ერთი მხრივ, უბილეთო მაყურებელს, მეორე მხრივ კი, ბილეთიან, მაგრამ ნასვამ გულშემატკივარს სტადიონზე არ შეეღწია. თბილისის ქუჩებში ყველაზე პოპულარული ასევე საფეხბურთო თემა იყო. თუ ერთნი 30 აპრილის მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ, სხვებს ასეთი განსაკუთრებული აჟიოტაჟი გაუმართლებლად მიაჩნდათ.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთ-საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა განმეორებითი მატჩი სახელმწიფო თუ კერძო ტელეკომპანიების ნომერ პირველ ახალ ამბადაა ქცეული. სახელოვანი თუ სრულიად უცნობი გულშემატკივრების აზრით, იმ მხარდაჭერის ფონზე, რასაც საზოგადოება გამოხატავს ქართველი ფეხბურთელების მიმართ, საქართველოს ნაკრები, უბრალოდ, ვალდებულია დაამარცხოს რუსი ფეხბურთელები. შეგახსენებთ: შარშან ოქტომბერში, ასევე რუსეთ-საქართველოს ნაკრებთა მატჩის წინ შექმნილი აჟიოტაჟის გამო, პირველი არხის პირდაპირი ეთერით თავად საქართველოს ნაკრების წევრებმა მიმართეს თხოვნით გულშემატკივრებს, ამ მატჩისთვის პოლიტიკური სარჩული გამოეცალათ და მხოლოდ სპორტული დატვირთვა მიეცათ.
განმეორებითი მატჩის წინ ასეთი განცხადებები აღარ გაკეთებულა. პირიქითაც კი - ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ფეხბურთის თემა საკმაოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. თუმცა გულშემატკივართა დიდი ნაწილი ასეთი აჟიოტაჟის ატეხას საფეხბურთო მატჩის წინ დიდი ეჭვით უყურებს. ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გოგი დემეტრაძე რუსეთ-საქართველოს საფეხბურთო შეხვედრის წინ თბილისში შექმნილ სიტუაციას საზოგადოების არასრულფასოვნების გამოხატულებად აფასებს. მისი აზრით:
[გოგი დემეტრაძის ხმა]" ქართველებმა დაკარგეს წმინდა გიორგის უძვირფასესი ხატი ილორში - არავის არ ახსოვს. ბაგრატის ძვლები ოჩამჩირეში - არავის ახსოვს და ახლა ფეხბურთს თუ მოიგებენ, წმინდა გიორგისაც დაიბრუნებენ, ბაგრატსაც გაათავისუფლებენ....რომელი ჯობია - ჯონ ლუისს მოუგო თუ პატარა თაგვს მოუგო? მაგალითად, ამათ ითამაშეს ირლანდიასთან, მაღალ რასასთან, დამარცხდნენ და არაფერი....აი, ახლა ამასთან არ უნდა წააგოო. რა, ეს ვაჟკაცია, მაღალი რასაა თუ რა? ამასთან არ უნდა წააგო - რას ნიშნავს?"
რას ნიშნავს საფეხბურთო მატჩის უმაღლესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობის რანგში აყვანა - ამ კითხვასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე განმარტავს, რომ საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არასდროს ყოფილა.
[ გაგა ნიჟარაძის ხმა] " ფეხბურთი საბჭოთა დროს იყო ეროვნული სულის გამოხატულება, თვითრეალიზაციის და ჰქონდა ამის საფუძველი. ამ ათი წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ პრინციპში საქართველოში არ დარჩა არც ერთი, ასე ვთქვათ, საამაყო სფერო - არც კინო, არც სპორტი, არაფერი. გარდა ამისა, ქართული კულტურისთვის არის დამახასიათებელი, რომ სიტყვის კულტურაა და არა საქმისა. ე.ი. თუ იტყვი, რომ გაუმარჯოს საქართველოს - გგონია, რომ მართლა გაიმარჯვებს."[სტილი დაცულია]

შესაბამისად, საკმარისია ჩვენ ყველანი სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ, რომ საქართველომ მართლა გაიმარჯვოს.
XS
SM
MD
LG