Accessibility links

დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - "ძლიერი სვანეთი"


საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ძლიერი სვანეთის " დამფუძნებელი ყრილობა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა. ერთი დღით ადრე იმავე დარბაზში ქალთა სახალხო

დიპლომატიის საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრის ფორუმი გაიმართა. ორივე მრავალათასიან თავყრილობას საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. საარჩევნო ბლოკების ფორმირების წინასაარჩევნო ეტაპზე ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება - სახელისუფლებო ძალები მხარდამჭერთა სამაგალითო კოორდინირების უნარს ამჟღავნებენ.

სახელისუფლებო ბლოკში "ახალი საქართველოსათვის" ამ დროისათვის გაერთიანებულია 6 პოლიტიკური ორგანიზაცია -"მოქალაქეთა კავშირი", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია," "სოციალისტური პარტია", მოძრაობა "დიდი აბრეშუმის გზა", "ავღანელთა კავშირი" და "მწვანეთა პარტია". ბლოკის სუბიექტთა რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელია და მათ რიგში უსათუოდ გამოჩნდებიან ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ქალთა და სვანთა საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც, არსებითად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დააფუძნეს. ქალთა ფორუმმა ამ განზრახვაზე ჯერ მხოლოდ მიანიშნა ინტერპრეტირების გზით - " საქართველოს ქალები ახალი საქართველოსათვის ახალ მსოფლიოში". რაც შეეხება სვანთა მოძრაობას, მისი ლოზუნგი "ძლიერი მოქალაქე, ძლიერი სახელმწიფო" მოძრაობის მიერ დეკლარირებულ მიზანდასახულებათა აფიშირება უფროა, ვიდრე ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის ფარულ განზრახვაზე მინიშნება. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და სვანთა მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად მუკბანიანი განმარტავს, მოძრაობა "ძლიერი სვანეთი" მოწოდებულია ააღორძინოს და განავითაროს საქართველოს მთის - კერძოდ, სვანეთის - ინფრასტრუქტურა, შექმნას ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პირობები, გადაჭრას სვანების სოციალური პრობლემები, გაწმინდოს სვანეთი კრიმინალებისაგან , მოხსნას კოდორის ხეობის პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა ბიზნესმენების დახმარებით სპეციალური ფონდის შექმნასაც აპირებს, სახელმწიფოს დაუხმარებლად ამ მიზანდასახულებათა მცირე ნაწილის მოგვარებაც კი სრულიად გამორიცხულია. ეს, რასაკვირველია, მოძრაობის დამფუძნებლებსაც კარგად მოეხსენებათ და ამიტომ მოძრაობის ფარგლებში სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის ახალ მოდელზე საუბრობენ -ურთიერთპასუხისმგებლობასა და თანაპარტნიორობაზე, როცა მოქალაქე თავად მონაწილეობს პრობლემის მოგვარებაში. მოკლედ, გეგმები და იდეები, რომლებიც, ზოგადად, მაღალი ტრიბუნიდან გაისმის ხოლმე, პრეზენტაციებს უხდება და არა რეალურ ცხოვრებას.
[ალექსანდრე ჩარკვიანის ხმა] "მონაწილეობას მივიღებ, ცხადია, თუ იქნება სასიკეთო მუშაობა. მარტო სიტყვებით არაფერი გამოვა. საქმით უნდა დაუმტკიცოს სუყველამ, ვინც იქნება."

მოქალაქე ალექსანდრე ჩარკვიანი მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი რიგითი მონაწილეა. მას უნდა დაიჯეროს, რომ ორგანიზაციის შექმნის მიზანი ზოგიერთებისათვის, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, დეპუტატის სამოსელის მორგება არ არის და რომ "ძლიერი სვანეთი", მართლაც, სვანებისა და, ზოგადად, საქართველოს სამსახურში ჩადგომას ითვალისწინებს. ამის იმედს ის აძლევს, რომ ოფიციალურად მოძრაობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ადამიანების ერთობას წარმოადგენს. ამ სიჭრელის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობა მაინც პროსახელისუფლებოა და უახლოეს ხანში მისი არც პოლიტიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირებაა გამორიცხული, რასაც, სხვათა შორის, თავად ზვიად მუკბანიანიც ადასტურებს.

[ზვიად მუკბანიანის ხმა] "თუ მომავალში დადგება აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური განაცხადი გავაკეთოთ, ალბათ, შეიკრიბება, ორგანიზაცია გარდაიქმნება და მოახერხებს ამას."
XS
SM
MD
LG