Accessibility links

ერაყის ძირითად პოლიტიკურ მოძრაობათა ლიდერების თათბირი ბაღდადში


ანდრო ეული, პრაღა ამ თვის დამლევს, ერაყის სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა ლიდერები შეიკრიბებიან სრულიად ეროვნულ ყრილობაზე, რომელმაც ქვეყნის გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს. პირველ მაისს ბაღდადში,

მოლაპარაკება გაიმართა ერაყის სხვადასხვა პოლიტიკურ და რელიგიურ დაჯგუფებათა წარმომადგენლებს შორის იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა დაესწროს ხსენებულ ეროვნულ ყრილობას, და რომელი პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილი ერაყის დროებით მთავრობაში.

ყოფილი ოპოზიციის ლიდერები, აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილი ეროვნული ყრილობის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ. თუმცა ამგვარი ფორუმის მოწყობა დიდ სიძნელეებთანა დაკავშირებული, ვინაიდან ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა შეიქმნას ერაყის დროებითი მთავრობა და ვინ უნდა იყოს მასში წარმოდგენილი.

მაგალითად, პოლკოვნიკ აჰმად ალი ალ კაფაგის, რომელიც შიიტ მაჰმადიანთა ირანში გახიზნული ლტოლვილი ჯგუფის, ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს წევრია, მიაჩნია, რომ გარდამავალი მთავრობის შექმნის ნებისმიერი დაყოვნება სავალალო შედეგებთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, მრავალი საკვანძო საკითხი ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს იქნა შეთანხმებული შეხვედრაზე, ლონდონში, რომელსაც ერაყელ ლტოლვილთა 50 სხვადასხვა ჯგუფის 300 წარმომადგენელი დაესწრო.

ლონდონში მცხოვრებ ლტოლვილთა პოლიტიკური პარტიის, "ერაყის ეროვნული თანხმობის" წარმომადგენელმა ალი აბდულ ამირმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ზამირა ეშანოვას უთხრა, რომ რაც უფრო ფართო წარმომადგენლობითი იქნება მოსამზადებელი პროცესი, მით უფრო სტაბილური იქნება ერაყის მომავალი მთავრობა. მისივე თქმით, იმისათვის, რათა ამერიკის ჯარის ყოფნას არ მოჰყვეს უთანხმოება, ერაყში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგება აღმშენებლობით საქმიანობას.

შიიტების იატაკქვეშა ორგანიზაციამ "ნაჯაფის საპატიო სწავლულთა საზოგადოებამ", რომელიც დევნა-შევიწროებას განიცდიდა ერაყის დამხობილი რეჟიმის მხრიდან, ორშაბათს, ბაღდადში, საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო. ამ დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შეიხმა აბდ-ჯაბურ მანჰელმა, რომელიც ხსენებული საზოგადოების ბაღდადის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის წევრები არ სცნობენ ერაყში არავითარ დროებით მთავრობას, თუ მასში ხსენებული ორგანიზაცია არ იქნება წარმოდგენილი [აბდ-ჯაბურ მანჰელის ხმა]: "იმისათვის, რათა ჭერმარიტად დემოკრატიულ პროცესს ჰქონდეს ადგილი, ჩვენ უნდა მოგვცენ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ჩვენ გაგვრიყავს, არ ვცნობთ. რაღა თქმა უნდა პროტესტსაც გამოვთქვამთ მშვიდობიანი დემონსტრაციებით. ასე, რომ უსამართლო იქნება ჩვენი გამოტოვება, ეს იქნება ჩვენი მთავრობა, და მის საქმიანობაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული".

იმ დროს, როცა მანჰელი მზადაა კონსტრუქციული მოლაპარაკება გამართოს ამერიკელებთან და ქვეყნის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგიერთი დაჯგუფება, მაგალითად ერაყის კომუნისტური პარტია, კატეგორიული წინააღმდეგია ერაყის დროებითი მთავრობის შექმნაში შეერთებული შტატების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობისა.

ერაყის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრმა ჰაიდარ შეიხ ალიმ განაცხადა, რომ მისი ღრმა რწმენით, აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ ერაყში. ჰაიდარ ალიმ განაცხადა აგრეთვე, რომ მისი პარტია ალბათ ბოიკოტს გამოუცხადებს სრულიად ერაყის ეროვნულ ყრილობას.
XS
SM
MD
LG