Accessibility links

logo-print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებამ ქვეყანა ცოტა ხნით გააერთიანა


ოთხშაბათს, თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს,

არამედ ქვეყანას სიხარული და იმედი დაუბრუნეს. მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები, რომელთა სახელები მანამდე სრულიად უცნობი იყო მოსახლეობის უმრავლესობისათვის, გმირებად იქცნენ. ხოლო ის, ვინც 30 აპრილს თბილისის, ბათუმისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში მოწყობილ საზეიმო მსვლელობას ადევნებდა თვალს, კიდევ ერთხელ ცხადად დარწმუნდებოდა, რომ სპორტსა და პოლიტიკას შორის კავშირზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. 30 აპრილს 11 ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა ის, რაც მორჭმულ პოლიტიკოსთა ძალებს აღემატება: ცოტა ხნით მაინც გააერთიანა ქვეყანა.


დავესესხები ერთ ჩემს კოლეგას და ვიტყვი, რომ ძნელია, ილაპარაკო მატჩზე, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა საქართველოში. მაგრამ უფრო ძნელია იმის გაფიქრება, თუ რა მოხდებოდა, საქართველოს ნაკრებს ეს თამაში რომ წაეგო. საბედნიეროდ, ნაკრების დებიუტანტის მალხაზ ასათიანის მიერ მეთორმეტე წუთზე გატანილმა ლამაზმა თაურმა მატჩის ბედი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსი, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

თანაც ეს იყო ლამაზი გამარჯვება - ფეხბურთელებმა აჩვენეს ყველაფერი: ოსტატობა, ორგანიზებულობა, ამტანობა და გამარჯვებისაკენ სწრაფვა, რაც ბოლო დროს ასე აკლდა ეროვნულ ნაკრებს. როგორც რადიო "თავისუფლებათან" საუბარში განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი დემეტრაძემ, ამ გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და ირწმუნეს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ჯერ კიდევ შეიძლება ბრძოლა.

[გიორგი დემეტრაძის ხმა] "ნუ, რა თქმა უნდა, ამ სამმა ქულამ მოგვიმატა იმედი და ოთხი ქულა გაგვიხდა. და ახლა დაკარგული არაფერი არ არის, რადგან ყველა გუნდი გვერდიგვერდ იმყოფება. თუ ჩვენ ირლანდიაში მოვიგეთ, გარწმუნებთ, რომ პირველ ან მეორე ადგილზე გავალთ."

30 აპრილს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან მიღწეულმა გამარჯვებამ ფეხბურთელებზე არანაკლებ გულშემატკივარი გაახარა, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, დაუბრუნდა რწმენა, რომ ამ გამარჯვებით ქართული ფეხბურთი კვლავ შეძლებს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, მაგრამ სწორედ იმედის დაბრუნების გამო ადარებდა ბევრი ქართველი გულშემატკივარი ამ გამარჯვებას 1981 წლის 13 მაისს, თარიღს, როცა თბილისის "დინამო" ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.

[ქართველი გულშემატკივრის ხმა] "ცოტა უფრო მეტიც იყო. იმიტომ, რომ დიდი ხანია ჩვენ ასეთი სიხარული არ განგვიცდია, ასეთი თამაში არ გვინახავს. და ხალხი დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია თამაში."

იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებსაც 90 წუთის განმავლობაში მოედანზე თავი არ დაუზოგავთ, 30 აპრილის ისტორიულ გამარჯვებას კიდევ ერთი შემოქმედი ჰყავდა - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორვატი ივო შუშაკი. როგორც გიორგი დემეტრაძე ამბობს, ამ თამაშის მოსაგებად შუშაკმა ყველაზე მეტი გაიღო.

[გიორგი დემეტრაძის ხმა] "მე სამი დღე გავატარე ივო შუშაკთან ერთად და დავრწმუნდი, რომ ძალიან დადებითი და პროფესიონალი კაცია. რაც მთავარია, ივო შუშაკმა გააკეთა ყველაფერი, რათა ეს თამაში მოგვეგო. თუ საქართველოს ნაკრები წააგებდა, იგი იღებდა ყველაფერს საკუთარ თავზე."

მაგრამ ეს გამარჯვება, თუ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ გამოთქმას დავესესხებით, მხოლოდ დასაწყისის დასასრულია და ეს ყველაზე კარგად იციან ქართველმა ფეხბურთელებმა და მათმა ხორვატმა მწვრთნელმა, რომელთაც მომდევნო თამაში 11 ივნისს ელოდებათ ირლანდიის ნაკრებთან დუბლინში.
XS
SM
MD
LG