Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაცია სადეკლარაციო ვადაში წელს 89 თანამდებობის პირმა არ წარადგინა


როგორც თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში განგვიცხადეს, გასულ წლებთან შედარებით, წელს სადეკლარაციო თანამდებობები საჯარო სამსახურის მთელ რიგ უწყებებში გაიზარდა,

მათ შორის, კონტროლის პალატასა და თბილისის მერიაში. შესაბამისად, 2003 წელს ქონების დეკლარირება 39 000 თანამდებობის პირს უნდა მოეხდინა. სადეკლარაციო პერიოდმა წელს აპრილის თვე მოიცვა. 1 მაისის მონაცემებით, ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია დროულად 89 თანამდებობის პირმა არ წარადგინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, ისინი 150 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის პოტენციური კანდიდატები არიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ურჩი საჯარო პირები დამატებითი 2 კვირის განმავლობაშიც უგულებელყოფენ კანონის მოთხოვნებს, მათი საქმეები პროკურატურას გადაეცემა.

2003 წლის 11 მარტის მონაცემებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 6 თანამდებობის პირზე გადასცა საქმე. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეები წარმოებაშია და ბიუროს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასალები არ მიუღია. სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით, დეკლარაციის შეუვსებლობაზე სასჯელის უმაღლეს ზომას თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს. ამგვარი პრეცედენტი საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარირების 5 წლის მანძილზე ჯერ არ შექმნილა. რაც შეეხება 150 ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ გადასახდელს, გასულ წელს დეკლარაციის ვადის დამრღვევი 300 თანამდებობის პირიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველი მეექვსე დაჯარიმდა. დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ვადის დარღვევის მიზეზები საპატიოდ მიიჩნია.
წელს სადეკლარაციო ვადაში 89 საჯარო პირი ვერ ჩაეტია. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ვახტანგ რჩეულიშვილი და ზაქარია შერაზადიშვილი, ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე, 2 გამგებელი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 20 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 თანამშრომელი. მათგან უმრავლესობა დეკლარაციის შეუვსებლობის მიზეზად მოუცლელობას ასახელებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ დრო ფარული ქონების დაფარვის ხერხების ძიებაშიც გაეპარათ - გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მდიდარი საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე სპეციალურად ადვოკატებიც კი მუშაობდნენ. ასეთი ხმა დაირხა ვახტანგ რჩეულიშვილზეც.
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ქონებრივი დეკლარაცია ვერ შევავსე იმიტომ, რომ ვიყავი ისრაელში მივლინებით წასული და ამიტომ ვერ მოვახერხე. რაც მთავარია, ჩემი მეუღლეც იყო ჩემთან ერთად და მე რომ ჩამოვედი, ის დარჩა და მთელი ბიზნესი და შენაძენი ქონება, რა ვიყიდეთ, რა გავყიდეთ, მაიამ უფრო იცის. ამიტომ მის გარეშე ვერ შევავსე. ჩამოვიდა და უკვე შევავსებთ და აუცილებლად წარვადგენ."
კიდევ უფრო ორიგინალურ მიზეზს ასახელებს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე.
[გივი თარგამაძის ხმა] "სამუშაო მქონდა ბევრი ძალიან, ეს ბოლო კვირაა. პრინციპში, მანამდე არც მახსენდება ხოლმე, რომ არის ეს შესავსები. ჩამოვედი გუშინ, მარა გვიან ჩამოვედი და ფეხბურთზე წავედი პირდაპირ და ვეღარ მოვასწარი. ძირითადად, რომ მოვიგეთ, იმიტომ ვერ მოვასწარი, საბოლოოდ, იმიტომ რომ ფეხბურთის მერე მქონდა კიდევ დრო 12 საათამდე. მაგრამ, სადაც ყველა იყო საზეიმოდ, მეც იქ ვიყავი და ვეღარ მოვასწარი და, თუ მაპატიებენ, არ გადავიხდი იმ ჯარიმას და, თუ არადა, გადავიხდი, აბა, რა ვუყო."[სტილი დაცულია]
საჯარო პირთაგან ყველაზე მეტი პუნქტუალობითა და მოწესრიგებულობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია გამოირჩევა. როგორც თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ნუნუ ავსიანნიკოვამ განგვიცხადა, ლადო ჭანტურიას, ტრადიციულად, დეკლარაცია ბიუროში სადეკლარაციო ვადის პირველსავე დღეს შეაქვს, მაშინ როცა საჯარო პირთა უმრავლესობას დეკლარაცია ვადის გასვლის წინ ახსენდება ხოლმე. შესაბამისად, ვადის ბოლო დღეს ბიუროში, საშუალოდ, 500-600 დეკლარაცია შედის.
მიმდინარე წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის 1 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG