Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით რუსი ეროვნების მოქალაქე ტოვებს თურქმენეთს


თურქმენეთის ხელისუფლებამ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება გააუქმა, რის გამოც ათასობით რუსი იძულებული ხდება დატოვოს თურქმენეთი. ქვეყნის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის

ბრძანებულება მხოლოდ გასულ კვირას გამოქვეყნდა და რუსულენოვანი მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანისთვის მხოლოდ ორ თვეს უტოვებს. ადამიანის უფლებათა დამცველები გმობენ ნიაზოვის ამ ინიციატივას და თურქმენეთის ხელისუფლების მიერ სრული იზოლაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.

როგორც ვარაუდობენ, თურქმენეთში თურქმენულ-რუსული მოქალაქეობა 100 ათასამდე ადამიანს აქვს. გასულ კვირას საფარმურატ ნიაზოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთდროულად ორი ქვეყნის - რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა სწორედ ამ ვადაში უნდა გადაწყვიტონ რომელს მიანიჭებენ უპირატესობას. თუკი ორი თვის ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ისინი ავტომატურად მხოლოდ თურქმენეთის მოქალაქეებად რჩებიან.

აშხაბადში სახლებისა და ბინების ფასი ძალიან დაეცა. ბინა, რომელიც ერთი თვის წინ 9 ათასი დოლარი ღირდა, დღეს 3 ათას დოლარზე ნაკლებად იყიდება. ძალიან ბევრი რუსულენოვანი ოჯახი ყიდის ქონებას და თურქმენეთიდან წასასვლელად ემზადება.

თურქმენეთში მცხოვრები რუსი ეროვნების ბევრი მოქალაქე დრამატულ ვითარებაში აღმოჩნდა. მათ უჭირთ გადაწყვეტილების ასეთ მოკლე ვადაში მიღება, რადგან ბევრი მათგანისთვის ეს ოჯახის ერთ - თურქმენეთში მყოფ, ან მეორე - რუსეთში მცხოვრებ ნაწილთან ურთიერთობის გართულებას ნიშნავს. თურქმენეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოსთან ბევრი ადამიანი შეიკრიბა იმის იმედით, რომ მათ ვინმე რაიმეს განუმარტავდა. ერთი აშხაბადელი ქალი ჩივის, რომ შეუძლებელია დადგენილ ვადაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ყველაფრის მიტოვება და წასვლა:

[აშხაბადელი ქალი რუსულად]
"არ შეგვიძლია თვენახევარში რაღაც გადავწყვიტოთ. ყველას ოჯახები გვყავს. ხომ არ მივატოვებთ ყველაფერს და ზურგჩანთამოკიდებულები სადღაც გავეშურებით"

მეორე, ასევე რუსულენოვანი აშხაბადელი მამაკაცი კი წუხს იმაზე, რომ ფაქტობრივად არჩევანი უნდა გააკეთოს აშხაბადში მყოფ ავადმყოფ დედასა და რუსეთში მყოფ შვილებს შორის:

[აშხაბადელი კაცი რუსულად]
"აქ ავადმყოფი დედა მყავს. როგორ დავტოვო? შვილები კი რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად"

ზოგადად კი გადაწყვეტილების სირთულე, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ რუსულენოვან მოსახლეობას არ სურს ეთნიკური სამშობლოს პასპორტებზე უარის თქმა, მეორეს მხრივ კი არანაკლებად რთულად ეჩვენება თურქმენეთში არსებული საცხოვრებლისა და ოჯახის მიტოვება.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და თურქმენეთმა ხელი 1993 წელს მოაწერეს.

ვერავინ ამბობს ზუსტად, რა უდევს საფუძვლად ნიაზოვის ახლანდელ ბრძანებულებას, რომელიც, როგორც ამბობენ, პუტინისა და ნიაზოვის მოსკოვში 10 აპრილის შეხვედრისას მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა. რუსეთის პრესა ამბობს, რომ მოსკოვმა დაუთმო აშხაბადს ორმაგი მოქალაქეობის საკითხში, რომ სანაცვლოდ თურქმენეთის გაზის შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტი მიიღოს.

მეორეს მხრივ, ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ქმედითად ვერ ჩაითვლება, თუკი რუსეთის პარლამენტიც არ გააუქმებს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას. თურქმენეთის პარლამენტმა უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

უცხოელ მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ თურქმენეთის ხელისუფლების ეს აქცია შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილი იყოს, რომელიც გაამკაცრებს აშხაბადის პოლიტიკას არა მხოლოდ რუსების, ყველა უცხოელის მიმართ, რასაც თურქმენეთის ხელისუფლება გასული წლის ნოემბერში თურქმენეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ დღემდეც ახორციელებდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG