Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა თუ არა ომი ერაყში?


დამთავრდა თუ არა ომი ერაყში? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი ჩანს. მიმომხილველების უმრავლესობა მას დამთავრებულად მიიჩნევს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ

ჯორჯ ბუშს პარასკევს ამერიკელებისადმი მიმართვაში ეს ვარაუდი არ დაუდასტურებია, არ უთქვამს "ომი დამთავრდაო". რატომ? ამ საკითხის გარკვევას შეეცადა ჩვენი ვაშინგტონელი კოლეგა, ენდრიუ ტალი, რომლის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ახლა გაგაცნობთ.

ჯორჯ ბუშის ბოლო გამოსვლაზე, რომელიც პარასკევს, თბილისის დროით დილის 6 საათზე გაიმართა, წინასწარვე ბევრი ითქვა. ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი თანამემამულეებს ამჟამად წყნარ ოკეანეში მყოფი ავიამზიდიდან, "აბრაამ ლინკოლნიდან" მიმართავდა და ერაყში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დამთავრებულად გამოაცხადებდა. ასეც მოხდა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში დამთავრდა მსხვილი საბრძოლო მოქმედებები. ერაყის ომში შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა გავიმარჯვეთ".

პრეზიდენტმა ბუშმა ავიამზიდიდან გადაცემულ მიმართვაში ერაყში დარჩენილ სამუშაოზეც ილაპარაკა: შეეხო წესრიგისა და უსაფრთხოების დამყარების, ძველი რეჟიმის ლიდერების შეპყრობის, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ძებნის აუცილებლობას. მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ომი დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ - ზოგი მიმოხილველის შეფასებით, იმის გამო, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობას ჯერ არ სურს სამხედრო ტყვეების გათავისუფლება, რაც მას მოუწევდა ომის დამთავრებულად გამოცხადების შემთხვევაში. ასე ფიქრობს, მაგალითად, ამერიკელი იურისტი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი რალფ სტეინჰარტი. მისი აზრით, ჯორჯ ბუშსა და მის სამხედრო მრჩევლებს დრო სჭირდებათ ტყვეებისაგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად. თუმცა, ისინი, ალბათ, არ დაარღვევენ ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ წესებს ომის წარმოების შესახებ. [რალფ სტეინჰარტის ხმა] "ეს არ არის ადმინისტრაცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის დაცვაზე დიდი ზრუნვით გამოირჩევა. კიდევ კარგი, არსებობს მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც საჭიროდ მიიჩნევენ. ვფიქრობ, ბუშის ადმინისტრაცია, მთლიანობაში, დაიცავს ჟენევის კონვენციას".

ნიუ-იოკში განთავსებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი, არტურ ჰელტონი კი ფიქრობს, რომ ერაყში ომის დამთავრებულად გამოცხადება დღეს, უბრალოდ, ნაადრევი იქნებოდა: ბრძოლის ველზე არმიებს შორის შეტაკებები, მართალია, აღარ მიმდინარეობს, მაგრამ უშიშროების თვალსაზრისით ვითარება კვლავინდებურად დაძაბული რჩება, რის მაგალითადაც გამოდგება ბოლო დღეების დაპირისპირება ქალაქ ფალუჯაში - იქ 16 ერაყელი დემონსტრანტი იქნა მოკლული. გარდა ამისა, აღნიშნავს არტურ ჰელტონი, ომი დამთავრებულადაც რომ გამოცხადდეს, აშშ-ს ჟენევის კონვენციით არ ეკრძალება საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ეჭვმიტანილი მოწინააღმდეგეების შეპყრობა. [არტურ ჰელტონის ხმა] "თუ ამერიკელ ოფიციალურ პირებს სადამ ჰუსეინისა და მისი რეჟიმის სხვა ლიდერების სამხედრო დანაშაულებში ... ეჭვმიტანის საფუძველი აქვთ, მათ აქვთ ეჭვმიტანილების შეპყრობისა და მართლმსაჯულებისათვის გადაცემის უფლება ომის დამთავრების შემდეგაც".

ამ შეფასებას ადასტურებს ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაითს უოჩის" მრჩეველი სამართლის საკითხებში, ჯეიმს როსი. მისი განმარტებით, ჟენევის კონვენცია არ მოითხოვს კონფლიქტის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ რეპატრიაციას. მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენი ხანი არ გაათავისუფლებენ ამ ადამიანებს. როსის თქმით, [ჯეიმს როსის ხმა] "არ ვიცი, რამდენი ხნით აპირებენ ამერიკის ჯარები სამხედრო ტყვეების დატოვებას, მაგრამ "ჰიუმან რაითს უოჩი" უთუოდ პროტესტს გამოთქვამს, თუ სამხედრო ტყვეებს, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, დიდხანს არ გაათავისუფლებენ".
XS
SM
MD
LG