Accessibility links

logo-print

485-ე გამოშვება.


485-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 485-ე გამოშვებას. დღეს კვლავ შევეხებით არჩევნების თემას; გაგაცნობთ ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მისიას საქართველოში; შემდეგ გესაუბრებით ბავშვთა გამოჩენილ ექიმზე, ბენჯამენ სპოკზე, რომლის დაბადებიდან 100 წელი გავიდა; გაგაცნობთ ერთ ახალ ტექნოლოგიას, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს მეკობრეობას ხმის ჩამწერ მრეწველობაში; "მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას დავასრულებთ კიდევ ერთი მუსიკალური სიუჟეტით: გესაუბრებით ქანთრის სტილის გამოჩენილ წარმომადგენელზე უილი ნელსონზე.
პრაღაში პროგრამას ბიძინა რამიშვილი უძღვება.



გამოუცხადებს თუ არა საქართველოს აღორძინების დემოკრატიული კავშირი ბოიკოტს არჩევნებს


ბიძინა რამიშვილი:
1 მაისს პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართვე,ოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ხელისუფლებას გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. დასავლეთი მზადაა, ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს. საპასუხოდ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება. რამდენად მზადაა საქართველოს ხელისუფლება ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად - თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
წინასაარჩევნო პერიოდი სულ უფრო სკანდალური ხდება. რამდენიმე დღის წინათ, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩს შეშფოთება გაუზიარა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების განმსაზღვრელ კანონპროექტთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიას აზრით, პარლამენტის მუშობაში ჩარევის მცდელობად უნდა შეფასდეს ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს.

ამ ბრალდებაზე პრეზიდენტის რეაქცია საკმაოდ ემოციური გახლდათ. მის მიერ ერთბაშად რამდენიმე დავალება იქნა მიცემული: პირველი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დაევალა იმის გარკვევა, თუ რამდენად არადემოკრატიულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების პრეზიდენტის მიერ წარმოდგენისა და პარლამენტის მიერ 118 ხმით დამტკიცების წესი. მეორე - შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა საარჩევნო სიების გადამოწმება. და მესამე - ყოველგვარი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტი ითხოვს, მთავრობის წევრებმა წარმოადგინონ მოსაზრებები არჩევნების დღის დანიშვნის თაობაზე.

ეს ბოლო საკითხი - საარჩევნო დღის განსაზღვრა- ყველაზე მარტივია. აქამდეც არაერთგზის გამოთქმულა მოსაზრება, რომ, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება. გაცილებით რთულია ორი დარჩენილი ამოცანის შესრულება - საარჩევნო სიის დადგენა და პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრეზიდენტისეული ვარიანტის დემოკრატიულობის დონის გარკვევა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ეს პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით დაკომპლექტებას გულისხმობს. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული 9 და ავტონომიური რესპუბლიკების მიერ შერჩეული 2 კანდიდატის დამტკიცებისთვის 118 პარლამენტარის თანხმობაა საჭირო. თემატური უმრავლესობის წარმომადგენელი ვიტალი ხაზარაძე ასე ხსნის ამის აუცილებლობას:

[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " თქვენ გინდათ, რომ არჩევნები ჩაატაროს, ორგანიზაციული კუთხით, პოლიტიკურმა ელიტამ, პასუხისმგებლობა დააკისროთ ხელისუფლებას. არ გამოვა. განუკითხაობის ეს პერიოდი დამთავრდა. ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით და ვისაც აქვს უფლება, მას ეკისრება პასუხისმგებლობა უფლებამოსილებასთან ერთად და არა ის, რომ უფლება მიეცეს ერთს, აკეთოს ერთმა და პასუხისმგებლობა დაეკისროს მეორეს."

ოპოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტი კი, რომელიც გაერთიანებული დემოკრატების წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ წამოაყენა, ასე ჟღერს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] " მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელოს, საარჩევნო ბლოკსაც და ათი კაციც დანიშნოს. ეს მასხარაობაა."

მასხარაობის რა გითხრათ, მაგრამ ფრაქცია "აღორძინების" საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების საკითხი, ამ ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კვირის ბოლოს ბათუმში დაგეგმილი "აღორძინების" პოლიტიკური საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამტკიცების წესს, სანდრო ბრეგაძე საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობას. როგორც მან განუცხადა გაზეთ "რეზონანსს", " მერე ნახოს ხელისუფლებამ, როგორ იქნება დემოკრატიის საქმე, როცა არც ერთი დეპუტატი არ იქნება ავტონომიური რესპუბლიკიდან."

ამ განცხადებაზე შევნიშნავ, რომ აღორძინების კავშირის მიერ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ პარლამენტში აჭარის წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან - აჭარაში თითქმის ყველა პარტიას ჰყავს თავისი რეგიონალური ორგანიზაცია, რომლებიც, ალბათ, მაქსიმალურად ეცდებიან ასეთი შესაძლებლობის გამოყენებას. სხვა საკითხია, თუ აჭარის რეგიონმა, ანუ მოსახლეობამ, გამოუცხადა ბოიკოტი არჩევნებს. მაგრამ საეჭვოა, აჭარის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მაშინ ის თავის ოპონენტებს აჭარის ლიდერის სეპარატისტული პოლიტიკის დამადასტურებელ არგუმენტს შესძენს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თასიუფლებისთვის, თბილისი.


რას წარმოადგენს ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მისია საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
მე-10 სტუდიის ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში, ჩვენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის იმ პროექტის შესახებ გესაუბრეთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი გამოუყენებელი საავიაციო რაკეტებისა და საბრძოლო მასალების უტილიზაციას ისახავს მიზნად. ამჯერად კი ჩვენი თბილისელი თნამშრომელი კობა ლიკლიკაძე ეუთოს მისიის ეგიდით მიმდინარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვის ყველაზე რთული მონაკვეტების მონიტორინგის ოპერაციაზე გაამახვილებს ყურადღებას. მით უფრო, რომ მას ამისთვის შესაფერისი მიზეზიც აქვს - 1 იანვრიდან ეუთოს მისიის მანდატი საქართველოში გაფართოვდა და მონიტორინგი უკვე დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზეც გავრცელდა.
კობა ლიკლიკაძეს მოუსმინეთ.

კობა ლიკლიკაძე:
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლები პირველად 1999 წელს გამოჩნდნენ. მათ მთავარ ამოცანას შეადგენდა იმ ფეთქებადსაშიში სიტუაციის განმუხტვა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სწორედ საზღვრის კონტროლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა წარმოშვა.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობის გამო საქართველომ ვერ შეძლო გაეკონტროლებინა მეორე ანტიტერორისტული კამპანიის შედეგად ჩეჩნეთიდან დაძრული ნაკადი ლტოლვილებისა, რომელთა შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლებიც ერივნენ. თავის მხრივ, რუსეთისთვის, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ლტოლვილების განსაიარაღებლად, ეს მშვენიერი საბაბი იყო ტერორისტების მფარველობაში დაედანაშაულებინა საქართველოს ხელისუფლება და სამხედრო ავიაციისთვის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვის ბრძანება მიეცა.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა ეუთოს, რომლის მუდმივმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს წინადადებას დაწყებულიყო სასაზღვრო მონიტორინგი ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე.

უნდა ითქვას, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში ევროპის 30 ქვეყნის წარმომადგენლით დაკომპლექტებული უიარაღო დამკვირვებელთა ჯგუფი თითქმის ყოველდღიურად ადევნებს თვალს რეჟიმის დაცვას სასაზღვრო პუნქტებზე და ცდილობს მიუკერძოებლად დააფიქსიროს ნებისმიერი დარღვევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოსადმი სიმპათიებში სამხედრო დამკვირვებლები, ეუთოს წარმომადგენლობის პრესმდივანი, პოლონელი ვიტოლდ კარპი მიიჩნევს, რომ მონიტორინგი წარმატებით ხორციელდება.

[ვიტოლდ კარპის ხმა] "თავად ჩვენი დამკვირვებლების ყოფნა დადებითად აისახება სასაზღვრო რეგიონების ცხოვრებაზე. ამისდა კვალად, შემცირდა საზღვრის არასანქცირებული დარღვევების შესაძლებლობა. ეს ყველაზე საგრძნობი პრევენტიული ზომებია. რა თქმა უნდა, ცალკეული ფაქტები არსებობს, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დამკვირვებელთა მუშაობის შემდეგ შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობები პრაქტიკულად გამოირიცხა."

როგორც ირკვევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ასევე მოქმედებენ ევროპელი დამკვირვებლები, ეუთოს მისიის მასშტაბები საქართველოში უპრეცედენტოა, რაც იმით არის გამოწვეული, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე წარმოშობილი პრობლემები უშუალო საშიშროებას უქადის რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოების სისტემებს. სწორედ ამიტომ ეუთოს მუდმივმა საბჭომ გასული წლის დეკემბერს კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება სასაზღვრო მონიტორინგის გაფართოების შესახებ. ოღონდ ამჯერად დამკვირვებელთა პუნქტები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განლაგდა. ეუთოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის ინფორმაციით, საზღვრის როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ისე დაღესტნის მონაკვეთების მონიტორინგის ოპერაციას ზამთრის პერიოდში 111, ხოლო ზამთარში - 114 დამკვირვებელი ემსახურება. ამასთან, მისიის გაფართოებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ყველა ხარჯები თავად ეუთოს 2003 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

[ვიტოლდ კარპის ხმა] "ჩვენი მისიის წლიური ბიუჯეტი 22-23 მილიონ ევროს შეადგენს. და ამ თანხის დაახლოებით 85 პროცენტი სწორედ მონიტორინგის ოპერაციის უზრუნველყოფაზე იხარჯება."

თანამედროვე საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით, კავშირგაბმულობისა და სარადარო სისტემით აღჭურვილი სამხედრო დამკვირვებელთა მობილური ჯგუფები საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში არა მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, არამედ ცდილობენ დაეხმარონ რთულ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში - გადაჰყავთ მგზავრები, ავადმყოფებს უტარებენ პირველად სამედიცინო დახმარებას, მატერიალურად ეხმარებიან სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებს.

ბოლო გადაწყვეტილებით, სასაზღვრო მონიტორინგის მისიის ახალი მანდატის მოქმედების ვადა საქართველოში 2003 წლის 30 ივნისს იწურება. მაგრამ, როგორც ეუთოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, უკვე დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ვადა პირობითია და მონიტორინგის აუცილებლობა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთებზე კიდევ დიდხანს იარსებებს.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.



მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ პედიატრს, ბენჯამინ სპოკს 2 მაისს 100 წელი შეუსრულდებოდა

ბიძინა რამიშვილი:
"ნუ შეგეშინდებათ, ენდეთ თქვენსავე საღ აზრს. ბავშვისთვის ყველაზე კარგი ჩვეულებრივ ის არის, რასაც კარგ დედ-მამას ინსტინქტი კარნახობს" - ალბათ, ამ შეგონებით შეიძლება შეჯამდეს რჩევები, რომელთა ავტორმა, ამერიკელმა პედიატრმა ბენჯამინ სპოკმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, მილიონობით ადამიანზე მოახდინა ზეგავლენა და წარუშლელი კვალი დააჩნია რამდენიმე თაობის აღზრდას. სპოკის მთავარი ნაშრომი, "ბავშვი და მისი მოვლა" ნამდვილი ბესტსელერი გახდა - გაყიდული ეგზემპლარების რიცხვი 50 მილიონს აღწევს და, როგორც მსმენელისთვის ალბათ ცნობილია, ქართულიც მიეკუთვნება იმ 40-ზე მეტ ენას, რომლებზეც ამერიკელი ექიმის წიგნი ითარგმნა. როგორი იყო და არის ბენჯამინ სპოკის მოსაზრებებისადმი დამოკიდებულება საქართველოში, ამაზე ცოტა მოგვიანებით, 5-ოდე წუთში ვისაუბრებთ. ჯერ კი, სახელგანთქმული პედიატრის დაბადების მეასე წლისთავთან დაკავშირებით, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გავიხსენებთ. მიკროფონს მარიამ ჭიაურელს გადავცემ.

მარიამ ჭიაურელი:
თხრობას ბენჯამინ სპოკის მოღვაწეობის იმ ნაწილით დავიწყებ, რომელიც ჩვენში ნაკლებად არის ცნობილი.

60-იან წლებში ამერიკელებმა ცნობილი პედიატრი უჩვეულო როლში - პოლიტიკური დემონსტრაციების აქტიურ მონაწილედ იხილეს! სპოკი თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვდა ბირთვულ განიარაღებას და ვიეტნამის ომის შეწყვეტას. 1972 წელს ის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახდა და, როგორც მემარცხენე პარტიათა კოალიცია "სახალხო პარტიის" წარმომადგენელი, თანამემამულეებს ჰპირდებოდა უფასო სამედიცინო მომსახურებას, აბორტისა და მარიხუანას ლეგალიზებას, გარანტირებულ მინიმალურ შემოსავალს, უცხოეთის ქვეყნებიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანას.

მომდევნო არჩევნებში, 1976 წელს ბენჯამინ სპოკი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და, იმავდროულად, განაგრძობდა ბირთვული შეიარაღების საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობას. 80 წლის ასაკში ის ათჯერ მაინც იყო დაპატიმრებული "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის" ბრალდებით, მაგრამ მაინც განაგრძობდა თავისი მრავალგზის გაკრიტიკებული მოსაზრებების გამოთქმას. "ექიმი ქუჩაშია გასული იმ ბავშვებთან ერთად, მისი წიგნების მიხედვით რომ აღიზარდნენ. მათთან ერთად მოითხოვს ყველაფერს, რაზეც მათი მტკიცებით, უარს არ უნდა ვეუბნებოდეთო", - წერდა სპოკის კოლეგა და ოპონენტი ნორმან პილი. ის, ისევე როგორც ბენჯამინ სპოკის კიდევ ბევრი კრიტიკოსი, ცნობილ პედიატრს ადანაშაულებდა ახალგაზრდების უხეიროდ აღზრდაში, მათ თვითნებობასა და დაუმორჩილებლობაში. მაგრამ არავის, არც მათ უარუყვიათ ბენჯამინ სპოკის კომპეტენტურობა და მისი შეხედულებების განუზომელი ზეგავლენა ბავშვის მოვლისა და აღზრდისადმი დამოკიდებულებაზე. მისმა პირველმა და მთავარმა ნაშრომმა, 1946 წელს გამოქვეყნებულმა "The Common Sense Book of Baby and Child Care", რომელსაც საქართველოში სახელწოდებით "ბავშვი და მისი მოვლა" იცნობენ, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ის იყო სპოკის მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული მზადების შედეგი, ნაყოფი მისწრაფებისა, (სამედიცინო, თუ პედაგოგიური თვალსაზრისით) პრაქტიკულად განხორციელებადი გაეხადა XX-ე საუკუნის დასაწყისის ორი დიდი მოაზროვნის, ზიგმუნდ ფროიდისა და ჯონ დეუეის შეხედულებები, მათი რწმენა, რომ ბავშვი დისციპლინით კი არ უნდა მოათვინიერო, არამედ ხელი უნდა შეუწყო მის ბუნებრივ განვითარებას...

სპოკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის, წიგნის უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, კრიტიკულად აფასებდა თავისსავე შეხედულებებს და შესწორებები შეჰქონდა ტექსტში, რომელიც ავტორის სიცოცხლეში - სპოკი ღრმად მოხუცებული, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - 6-ჯერ გამოიცა. ეს ცვლილებები მეტად საყურადღებოა და მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში, აქცენტი მშობლების უფლებებზე გადააქვს. მაგრამ ბენჯამინ სპოკის მთავარი შეგონება, მშობლებისათვის დატოვებული მთავარი რჩევა არ შეცვლილა: "მეტისმეტად სერიოზულად ნუ მოეკიდები იმას, რასაც მეზობლები გეუბნებიან. თავბრუ ნუ დაგეხვევა იმით, რასაც ექსპერტები ამბობენ. ენდე საკუთარ თავს - იმაზე მეტი იცი, ვიდრე გგონია, რომ იცი". ეს შეგონება, თუ სპოკის მშობლიურ ენაზე ვიტყვით, "მესიჯი" პატივისცემას გულისხმობს: ექიმების პატივისცემას მშობლებისადმი, მშობლების პატივისცემას შვილებისადმი და შვილების პატივისცემას მშობლებისადმი. ეს არის ჭეშმარიტად ჰუმანისტური მესიჯი, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებას შეუძლია. ამ მესიჯს არაფერი აქვს საერთო თეორიებთან, რომლებიც აკნინებს, ან უგულებელყოფს ყოველი ჩვენგანის უფლებებსა და მოვალეობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში -იქნება ეს შვილის აღზრდა, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.

ბენჯამინ სპოკი იმ, არც თუ მრავალრიცხოვან ადამიანებს მიეკუთვნება, რომელთა შემთხვევაში სიტყვას "ბრძენი", ალბათ, არ უნდა მოვერიდოთ.


ბიძინა რამიშვილი:
"ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, სიტყვასიტყვით არ უნდა გაიგოთ. არ არსებობენ მსგავსი ბავშვები, ისევე, როგორც არ არსებობენ მსგავსი მშობლები. ყველაფერი, რის გაკეთებაც შევძელი, ისაა, რომ აღვწერე მხოლოდ უზოგადესი შემთხვევები. გახსოვდეთ: თქვენ კარგად იცნობთ თქვენს შვილს, მე კი მას სრულიად არ ვიცნობ" - ქართულ ენაზე ასე ჟღერს ფრაგმენტი ბენჯამენ სპოკის წინათქმიდან წიგნისათვის "ბავშვი და მისი მოვლა". მიუხედავად იმისა, რომ მეთოდის უნივერსალობაზე თავად ავტორი იმთავითვე ამბობს უარს, სპოკის სისტემა საკმაოდ პოპულარული იყო საქართველოში, საერთოდ, საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში, სადაც ბავშვის აღზრდაზე წიგნებს კითხულობდნენ. თუმცა, რატომ წიგნებს - სპოკის წიგნი ერთადერთი იყო, რომელიც საბჭოთა იმპერიის მოქალაქეებს ამ თემაზე შეეძლოთ წაეკითხათ. ჰყავს თუ არა ბენჯამენ სპოკს მიმდევრები დღევანდელ საქართველოში, რა არის აქტუალური და რა მოძველებული აღზრდის მისეული სისტემიდან - ამის გარკვევას დავით პაიჭაძე შეეცადა.

დავით პაიჭაძე:
"1971 წელს ჩვენ ქალიშვილი შეგვეძინა - პოლინა. იმ დროს მოსკოვში წარმატებით სარგებლობდა ამერიკელი ექიმის ბენჯამინ სპოკის წიგნი ბავშვთა აღზრდის შესახებ. ოლგამ წიგნი ზეპირად დაისწავლა და ავტორის რეკომენდაციებს სრული სერიოზულობით მოეკიდა. შედეგიც გამოჩნდა: პოლინა ჯანმრთელი, ხალისიანი და საზრიანი ბავშვი იყო. არასოდეს ტიროდა. ერთი ღამეც კი არ გაგვითევია მისთვის. ჩვენი ნათესავები დასაწყისში აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, ბავშვს როგორ ექცევითო (მაგალითად, მას საათობით ეძინა აივანზე, როცა ტემპერატურა მინუს 15 გრადუსზე დაბალი იყო). მაგრამ შედეგები რომ ნახეს, ჩვენეულ აღზრდას სხვებს მაგალითად უსახავდნენ" - ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ რუს მწერალს, ლოგიკოსსა და ფილოსოფოსს ალექსანდრ ზინოვიევს. რაც 30 წლის წინ მიღებული და გაზიარებული იყო, მით უმეტეს, ისე სწრაფად განვითარებად დარგში, როგორიც მედიცინაა, რამდენად შეიძლება საინტერესო და გამოსადეგი იყოს დღეს? დაახლოებით 15 წლის წინ სპოკის სისტემას ისევ მიმართავდნენ. ჩემთან საუბრისას პედიატრმა ნატო ხატიაშვილმა თქვა, რომ შვილები სწორედ სპოკის მიხედვით გაზარდა [ხატიაშვილის ხმა]: "მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ექიმი, სტუდენტი ვიყავი და სპეციალური ლიტერატურის გვერდით ხელში სპოკის წიგნი მეჭირა. თქვენ წარმოიდგინეთ, სპოკის წიგნში უფრო ვიხედებოდი, ვიდრე სამედიცინო ლიტერატურაში. სპოკი სწორედ დედის დამხმარეა: გეუბნება, როგორ ვითარდება ბავშვი თვეების მიხედვით, მტირალი ბავშვი როგორ დააწყნარო... დედამ სპოკის წიგნით რომ იხელმძღვანელოს, ექიმის დაუხმარებლად გაზრდის ბავშვს, თუ, ცხადია, რაიმე ინფექციური დაავადება არ შეხვდა, რასაც ექიმი სჭირდება".

ნატო ხატიაშვილს მიაჩნია, რომ სპოკის სისტემას ახლაც შეიძლება დააფუძნო ბავშვის აღზრდა. მისი აზრით, სპოკი განსაკუთრებით ღირებულია ბავშვთან დამოკიდებულებისა და ფსიქოლოგიური მიდგომების აღწერისას. ერთადერთი, რაც თანამედროვე პედიატრიამ უარყო (და უარყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით), ესაა ბავშვთა კვება სპოკის მიხედვით [ხატიაშვილის ხმა]: "ადრე ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, ორი კვირის ასაკიდან ვაძლევდით წვენებს, სამი-ოთხი თვიდან - ფაფას ან ბოსტნეულს და ა.შ. ახლა კი 6 თვემდე ბავშვი მხოლოდ ძუძუთი იკვებება. დედის რძის გარდა, ბავშვს არაფერი სჭირდება, მან ყველაფერი დედის რძისაგან უნდა მიიღოს. სხვათა შორის, მაშინაც ასე იყო მიღებული: რაც სპოკში ეწერა, ეწერა ჩვეულებრივ სამედიცინო ლიტერატურაში".

სპოკის შესახებ განსხვავებული აზრი აქვს პედიატრ ქეთევან მერებაშვილს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავის დროზე სპოკის სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ბავშვთა მედიცინაში. კვების გარდა, ქეთევან მერებაშვილის აზრით, სპოკის ნაკლია ძალიან ფრთხილი მიდგომა ბავშვთა გაკაჟებისადმი, რაც უნდა აიხსნას ბავშვის ფიზიოლოგიის შესახებ ინფორმაციის უქონლობით [მერებაშვილის ხმა]: "თავის დროზე, ალბათ, დიდი სიტყვა იყო პედიატრიაში, მაგრამ ყველაფერი წინ მიდის. თანაც, სპოკი ზრდიდა სხვის შვილებს, ის მეთოდი კი, რომლითაც ჩვენი ბავშვები იზრდებიან, ითვალისწინებს პედიატრის ბავშვთან ერთად ცხოვრებას. სპოკი უფრო კლასიკური პედიატრია, რომელიც ახლო კავშირშია ბავშვის მშობლებთან. მაინც შორს არის ჩვენი მეთოდისგან. ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც შეიძლება მართლა გადაიხაზოს და, უბრალოდ, არასწორია".

უწინ, საბჭოთა პერიოდში, ბენჯამინ სპოკის ქართულ თარგმანს ძნელად თუ იშოვიდი, თუმცა "ბავშვი და მისი მოვლა" არაერთხელ გამოიცა. ახლა ეს წიგნი თავისუფლად იყიდება. ერთი რამ შევნიშნე: ბუკინისტურ განყოფილებებში ყველა მათგანს ატყვია მკითხველის მუშაობის კვალი - მონიშნულია აზრები, სიტყვები, აბზაცები და მთელი ქვეთავებიც კი. მაგრამ ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ კითხულობენ სპოკს დღეს.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საკომპიუტერო ფირმა "ეპლის" კიდევ ერთი რევოლუცია?


ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ინტერნეტის მომხმარებელთა შორის მეტად გავრცელებულია მუსიკალური ფაილების ჩამოტვირთვისა და მოსმენის, ან კომპაქტ-დისკზე გადაწერის პრაქტიკა. მუსიკალური მრეწველობის მესვეურები ხელოვნებით ტკბობის ამ გზას საკმაოდ უხეშად - "მეკობრეობას" უწოდებენ, რაც, კაცმა რომ თქვას, არც არის გასაკვირი: მუსიკალური "მეკობრეობით" ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის მიყენებული ზარალი ხომ ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ გარემოებას აშშ-ის ხელისუფლება, ნათლად მეტყველებს თუნდაც ამ ქვეყნის სავაჭრო პალატის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული წლიური მოხსენება მუსიკალური და კინოპროდუქციის დარგში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, კომპაქტ-დისკების, ვიდეოკასეტებისა და დიგიტალური ვიდეოდისკების უკანონო პროდუქციის თვალსაზრისით მსოფლიოში უკრაინა ლიდერობს. ამიტომ შეერთებული შტატები ძალაში ტოვებს 75 მილიონი დოლარის ოდენობის სანქციებს, რომელიც მან უკრაინის მიმართ შარშან შემოიღო. თუმცა, ეს სხვა თემაა. დღეს დავით კაკაბაძე გიამბობთ სიახლეზე, რომელიც მიმდინარე კვირის დამდეგს გაჩნდა და რომელმაც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შეიძლება "მეკობრეობის" პრობლემა მოაგვაროს.

დავით კაკაბაძე:
ორშაბათს აშშ-ის საკომპიუტერო კომპანია "ეპლმა" ოფიციალურად გახსნა ახალი ვებგვერდი, რომელზეც პოპულარული მუსიკა იყიდება: თითო სიმღერა - დოლარად. ამ ახალ ვებგვერდს სახელწოდებით "iTunes Music Store" აქტიურად უჭერს მხარს ამერიკის ხმის ჩამწერი მრეწველობის ასოციაცია, რომელიც უკვე მრავალი წელია, გააფთრებით ებრძვის ინტერნეტში ფეხმოკიდებულ პრაქტიკას, როცა, ფაქტობრივად, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უფასოდ ჩამოტვირთოს თავის კომპიუტერში მუსიკა, კინოფილმები თუ სხვა სახის "ინტელექტუალური საკუთრება", როგორც ყოველივე ამას იურისტთა ენაზე ჰქვია.

"ეპლის" ახალ ვებგვერდზე
www.apple.com/music/store/
ამჟამად 200 ათასი სიმღერაა, რომლის იაფად ყიდვა და საკუთარ კომპიუტერზე სრულიად ლეგალურად ჩამოტვირთვა შეუძლია "მაკინტოშის" ტიპის კომპიუტერის ნებისმიერ მფლობელს. ისინი, ვინც "ვინდოუს PC"-ის აპარატურას ხმარობს, აქვე მინდა დავამშვიდო: როგორც კომპანია "მაკინტოშის" ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა განაცხადა, მიმდინარე წლის მიწურულისთვის ახალი ვებგვერდიდან მუსიკალური ნომრების ჩამოტვირთვა და კომპაქტ-დისკებზე გადაწერა PC-ის მფლობელებსაც შეეძლებათ.

კომპანია "ეპლის" პროექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, კანონიერად ისარგებლოს მომსახურების ამ ფორმით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიღებული შემოსავალი ასევე კანონიერად გაუნაწილოს შემსრულებელს, მუსიკისა და ტექსტის ავტორსა და ხმის ჩამწერ კომპანიას. სწორედ ამით აიხსნება ის აღფრთოვანება, რომელიც ახალი ვებგვერდის ამოქმედებას ამერიკის ხმის ჩამწერი მრეწველობის ასოციაციის მხრიდან მოჰყვა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ აღტაცებას ყველა ექსპერტი როდი იზიარებს.

მაგალითად, ტელეკომუნიკაციების საკითხთა სპეციალისტი, ვაშინგტონის კატოს კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ადამ თირერი, რომელსაც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ენდრიუ ტალი ესაუბრა, ფიქრობს, რომ ნაადრევია რაიმე რევოლუციურ გარღვევაზე საუბარი. მუსიკალური მრეწველობის მესვეურებს გარკვეული დრო დასჭირდებათ იმის შესაფასებლად, რამდენად ამართლებს "ეპლის" ახალი ვებგვერდი.

[ადამ თირერის ხმა] "ჩვენ მოწმენი ვართ პროცესისა, რომლის დროსაც თანდათან გადავდივართ ინტელექტუალური საკუთრებისა და საინტერნეტო მასალის გამოყენების კანონიერ ბიზნეს-მოდელებზე. ეს ეხება როგორც მუსიკას, ისე კინოს. მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალ ბიზნეს-მოდელებზე გადასვლა აუცილებელია."

თირერი იხსენებს გასული საუკუნის 70-იან წლებს, როცა გასართობი ინდუსტრიის კიდევ ერთი გიგანტი - ჰოლივუდი - ყოველმხრივ ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაზარზე ვიდეომაგნიტოფონების გამოშვებას. მაშინ კონობიზნესის მესვეურებს საკმარისი შორსმჭვრეტელობა არ აღმოაჩნდათ იმის მისახვედრად, რომ ვიდეომრეწველობის განვითარება კინოს მაგნატთა შემოსავალს არათუ არ შეამცირებდა, არამედ, პირიქით, მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

ვაშინგტონელი ექსპერტის აზრით, ასეთივე არაშორსმჭვრეტელობა გამოიჩინა მუსიკალურმა ბიზნესმაც. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ენერგია ე.წ. "მეკობრეობის" წინააღმდეგ მიემართა, მას იმთავითვე უნდა ეცადა, შეექმნა სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებელსაც დააკმაყოფილებდა, ხოლო მეორე მხრივ, ხმის ჩამწერი კომპანიების, შემსრულებლებისა თუ ავტორების ინტერესებსაც გაითვალისწინებდა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი პიტერ სუაირი, რომლის სპეციალიზაცია კომპიუტერული ინფორმაციის დაცვის სფეროა. მისი აზრით, დიდი შეცდომაა, მომხმარებელი დააყენო არჩევანის წინაშე: ძვირი კომპაქტ-დისკი თუ უფასო სიმღერა ინტერნეტიდან.

[პიტერ სუაირის ხმა] "არჩევანი 17-დოლარიან, აშკარად ძვირ კომპაქტ-დისკსა და უფასოდ, უკანონოდ ჩაწერილ კომპაქტ-დისკს შორის ცუდი არჩევანია. გაცილებით უკეთესია, მისაღებ ფასად შემომთავაზო მუსიკა, რომელსაც სადაც მინდა, იქ მოვუსმენ."

პიტერ სუარიც და ადამ თირერიც აღნიშნავენ, რომ მუსიკის მომხმარებელს დღეს უწინდელისგან განსხვავებული ჩვევები აქვს. მას აღარ უნდა მთელი დისკის შეძენა, თუ მასზე მხოლოდ ერთი ან ორი სიმღერა მოსწონს. ეს ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. ამიტომ, კომპანია "ეპლის" იდეას ეს ექსპერტები უდავოდ საინტერესოდ და პერსპექტიულად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ახალი საინტერნეტო პროექტი მუსიკის მოყვარულებს კანონის დამრღვევთა იარლიყს მოაშორებს. თუმცა, როგორც პიტერ სუაირი დასძენს, მუსიკალურ მეკობრეობას ერთი ხელით დაკვრით ვერ დაამარცხებ:

[პიტერ სუაირის ხმა] "დასაქმებული, ზრდასრული მომხმარებული უთუოდ გადაიხდის საჭირო თანხას. ტინეიჯერიც გადაიხდის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელი თანხა მის ბიუჯეტს არ აღემატება. მაგალითად, თუ მათ თვეში ათი დოლარის გადახდა მოუწევთ, ვფიქრობ, სწორედ ფასიანი ჩამოტვირთვის გზას აირჩევენ. მაგრამ თუ ყოველ კომპაქტ-დისკში კაცს 17 დოლარი მოსთხოვე და თან იმ დისკზე მას მხოლოდ ერთი სიმღერა მოსწონს, მაშინ არა მგონია, რამე გადაიხადოს."

დაბოლოს, სუაირი და თირერი აღნიშნავენ, რომ "ეპლის" ნაბიჯი ერთგვარ მინიშნებად უნდა იქცეს მუსიკალური ინდუსტრიის მესვეურებისთვის, თანდათან დაიწყონ კომპაქტ-დისკების გაიაფება. სხვაგვარად მეკობრეობა კიდევ დიდხანს იარსებებს.


უილი ნელსონი - 70

ბიძინა რამიშვილი:
ქანთრის სტილის გამოჩენილი წარმომადგენელი, ამერიკელი უილი ნელსონი ერთ-ერთი ის მუსიკოსია, რომლის სიმღერებზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ინტერნეტში. მაგრამ იგი ინტერნეტის ეპოქამდე ბევრად ადრე იქცა მასობრივ საკულტო ფიგურად.

ამის დასტურად მისი ბიოგრაფიის ერთ საკმაოდ დრამატულ ფურცელს გავიხსენებ. უილი ნელსონი 80-იან წლებში იმდენად წარმატებული მუსიკოსი იყო და იმდენად დიდი შემოსავალი ჰქონდა, რომ საგადასახადო სამსახურს ეჭვი გაუჩნდა მის მიერ გადახდილი ბეგარის თაობაზე და ერთობ ორიგინალური მეთოდი გამოიყენა ჭეშმარიტების დასადგენად. ნელსონის მიერ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებს ვერტმფრენებიდან უღებდნენ სურათებს და დაადგინეს, რომ მათ ბევრად უფრო მეტი მსმენელი ესწრებოდა, ვიდრე ნელსონის დეკლარაციაში იყო მითითებული.

განაჩენი ძალზე მძიმე გამოდგა. ნელსონი 30 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. მართალია, მოხერხებული ვექილის მეცადინეობით ეს თანხა გაუნახევრეს, მაგრამ ქანთრის დიდოსტატი მუსიკოსი ერთ ღამეში გაღატაკდა. აუქციონზე გაიყიდა ყველაფერი - მისი მამული, როიალი, ოქროს დისკები, თვითმფრინავი და მისი საყვარელი გოლფის მოედანი. წლების მანძილზე მისი ჰონორარები საგადასახადო სამსახურს მიჰქონდა. ერთი ალბომი, საერთოდ, სპეციალურად საგადასახადო სამსახურისთვის ჩაწერა. მოკლედ, ქონებადაკარგულ კოვბოის დაემსგავსა. მაგრამ თავისი ხელობისთვის ზურგი არ შეუქცევია და არც მის პროდუქტიულობას დატყობია რამე.

ტრადიციული ამერიკული დაპირისპირება თავისუფლებასა და უკანონობას შორის ამ ტეხასელს უფრო მეტად ჰქონდა გათავისებული, ვიდრე ქანთრის, ფოლკისა თუ ბლუზის ზღვარზე მოღვაწე სხვა მომღერლებს. იგი მუდამ იყო "კანონგარეშე", რომელიც ამავე დროს სისტემის ნაწილიც გახლდათ. თუმცა მუსიკალური ბიზნესის მანქანამ მას სხვაზე ნაკლები დაღი დაასვა.

უილი ნელსონი ვესტერნების გმირს ჰგავს. ეს გრძელნაწნავებიანი ხმელ-ხმელი მამაკაცი, ფართოფარფლებიანი ქუდითა და მრავალჭირნახული გამოხედვით, მრავალი ამერიკელისთვის იქცა ველური დასავლეთის, ტეხასური კულტურის განსახიერებად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა არა გარეგნობის, არამედ მისი სიმღერების გამო. მისი შემოქმედება სილაღის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ჰიმნია და უკიდეგანო ტრამალებზე ნავარდს მოგაგონებთ.

თუმცა, როგორც მისი მეგობარი, ასევე ცნობილი მომღერალი, ქრის ქრისტოფერსონი მღერის ერთ სიმღერაში, "თავისფლება არის ის მდგომარეობა, როცა აღარაფერი გაქვს დასაკარგი". უილი ნელსონმა ესეც უკან ჩამოიტოვა. იგი კვლავ თამაშობს გოლფს. თავის საკუთარ მოედანზე.
უილი ნელსონს 30 აპრილს 70 წელი შეუსრულდა.

[მუსიკა]

წამყვანი: რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას ვასრულებთ უილი ნელსონის ცნობილი ჰიტით On The Road Again. გამოშვება პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG