Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს როლი ანტიერაყულ კოალიციაში


1 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერაყში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა. ამდენად, ახლა, ერაყის ომში საქართველოს საჰაერო

სივრცის ან სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე მითქმა- მოთქმის დასრულების შემდეგ, იმაზე მიდის მსჯელობა, რა სახით და როგორ მიიღებს ანტიერაყული კოალიციის წევრი საქართველო ომის შემდგომი ერაყის აღმშენებლობაში მონაწილეობას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვეს მავანთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართველ სპეციალისტებს ერაყში სამუშაოდ ეპატიჟებოდნენ.

სადამ ჰუსეინის რეჟიმი დამხობილია. ჯორჯ ბუშის სიტყვებით, "ერაყი გათავისუფლებულია". პროცესები საქართველოს მახლობელ ერაყში დასასრულს ბევრად უფრო სწრაფად მიუახლოვდა, ვიდრე ამას სკეპტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ. ამ ომში საქართველოს საჰაერო სივრცე და სამხედრო ბაზები არავის დასჭირვებია, მაგრამ საქართველოს, როგორც ანტიერაყული კოალიციის წევრ ქვეყანას, აქვს შანსი ომის შემდგომი ერაყის რეაბილიტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ვაშინგტონშიც და ფლორიდაშიც. მისივე განცხადებით: "საქართველოს გააჩნია სერიოზული პოტენციალი ერაყის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად," მაგრამ როგორი იქნება კონსულტაციების შედეგები, საქართველოს რა რესურსების გამოყენება გახდება შესაძლებელი ერაყში და როგორ, ამის შესახებ ინფორმაციას - გნებავთ, განცხადებას - შესაბამისი სახელმწიფო უწყება გაავრცელებს. მანამდე მოსახლეობამ არ უნდა ირწმუნოს ადამიანების, რომლებმაც უკვე დაიწყეს ერაყის საკითხით სპეკულირება - ამერიკული ორგანიზაციების ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული ანკეტების ასლები დაამზადეს და ქართველ სპეციალისტებს ერაყში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად გაგზავნას სთავაზობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საჭიროდ მიიჩნევენ მოსახლეობა გააფრთხილონ:

[კახა სიხარულიძის ხმა] "არანაირი კონკრეტიკა ჯერჯერობით არ არსებობს. როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება განაცხადებს იმ უწყების მეშვეობით, რომელსაც ეს დაევალება. მანამდე ყოველგვარი შეთავაზება საფრთხილოა. საეჭვო პიროვნებები უკვე გამოჩნდნენ. "

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ერაყში ქართველ პოლიციელთა სპეციალური ბრიგადა იქნეს გაგზავნილი. საუბარია იქ ქართული სამშენებლო კომპანიების რესურსების გამოყენებაზეც, საქართველოდან ერაყში სასმელი წყლის ექსპორტის განხორციელებაზე და ასე შემდეგ. ქართველი სპეციალისტების აზრით, ერაყში ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებისას სერიოზული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მდებარეობას, ჰუმანიტარული ტვირთების საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდვას, მაგრამ რა იქნება და როგორ, ამის დაკონკრეტება ნაადრევია. როგორც უკვე ვთქვით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტმა კი დღემდე ვერ მოიცალა იმ განცხადების მიღებისთვის, რომლის პროექტიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მომზადდა და რომლის მიზანსაც წარმოადგენს ერთი რამ - პარლამენტმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ომის შემდგომი ერაყის აღმშენებლობაში საქართველოს ჩართვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG