Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა მასობრივი პროტესტი საქართველოს ციხეებში


საქართველოს რამდენიმე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მეოთხე დღეა მიმდინარეობს შიმშილობის აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი პატიმარი ღებულობს მონაწილეობას. როგორც მსჯავრდებულები

და მათი უფლებების დამცველები აცხადებენ, მათ არა აქვთ პოლიტიკური და სოციალური მოთხოვნები და არც დაუმორჩილებლობას უცხადებენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პერსონალს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადაისინჯოს იმ პატიმართა საქმეები, რომლებიც ციხეში დაშვებული შეცდომების გამო მოხვდნენ. საქართველოს ციხეებში მიმდინარე პატიმართა მასობრივ საპროტესტო აქციას ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, ხელისუფლებაში არსებობს მოსაზრება, რომ შიმშილობის აქციის უკან დესტრუქციული ძალები დგანან.


პატიმართა მასობრივი შიმშილობის აქციას საქართველოში წინ საინფორმაციო მოთელვა უძღოდა. პრესაში გამოქვეყნებულ საპროტესტო მიმართვებში პატიმრები ატყობინებდნენ ხელისუფლებისა და სამართალდამცველი ორგანოების პირველ პირებს იმის შესახებ, რომ ბევრი ადამიანი უკანონოდ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხშირია ცემისა და წამების ფაქტები დაკავების დროს და რომ ბევრი პატიმარი ვადის გადაცილებით იმყოფება ციხეებსა და კოლონიებში. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ შექმნილიყო შერეული კომისია, რომელიც გადასინჯავდა სწორედ ამ კატეგორიის პატიმართა საქმეებს. ამ მსჯავრდებულთა კატეგორიას მიაკუთვნებს თავს პატიმარი გელა გიორგაძე, რომელმაც უფრო ადრე საჩივრით სტრასბურგის ევროპის სასამართლოსაც მიმართა.

[გელა გიორგაძის ხმა] "წარმოიდგინეთ, 1999 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, მე ყოფილი უვადო მისჯილი პატიმარი ვარ სამი პირის განზრახ მკვლელობისთვის, საიდანაც ორი დღეს ცოცხალია, ჩემთანაც დადიან 98 წლის 31 ოქტომბრიდან. წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში ვარ."

პენიტეციალურ სისტემაში დაწყებულ უპრეცედენტო შიმშილობის აქციას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პატიმრების აქცია გარედან, გარკვეული პოლიტიკური ძალების ან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კარნახით, იმართება. პატიმართა მოთხოვნის სამართლიანობაში ეჭვი ეპარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს გიგლა აგულაშვილს, რომელმაც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ ბევრი პატიმრის საქმე ზემდგომმა ინსტანციებმა არაერთხელ შეისწავლეს, მაგრამ მასშ უკანონობა ვერ აღმოაჩინეს. აგულაშვილი ადასტურებს, რომ პატიმართა მოთხოვნებს მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ აქციის უკან გარკვეული ძალებიც იდგნენ.

[გიგლა აგულაშვილის ხმა] "სამწუხაროდ, არის ტენდენციები გარედან ინსპირირებისა. და არ არის გამორიცხული, რომ მართვის შემთხვევაში ასეთი ფორმა მიიღოს. თუმცა დღესდღეობით, მე მგონი, კეთილგონიერება იმარჯვებს. კი, გარკვეული ნაწილი არ იღებს საკვებს, მაგრამ, პარალელურად, არ ქმნიან პრობლემას რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით."

თუმცა არსებობს მოსაზრება,რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანიც ეთანხმება: საქმე ასეთ დაპირისპირებამდე არ მივიდოდა, პროკურატურის ორგანოებს დროული რეაგირება რომ მოეხდინათ იმ დარღვევათა ფაქტებზე, რაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებსა თუ მოხსენებებში იყო მოტანილი.

მაგრამ ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული. ამგვარ სიტუაციაში კი, დევდარიანის თქმით, საუკეთესო გამოსავლი იქნებოდა, შექმნილიყო ნდობის კომისია, რომელიც კანონის დარღვევით დაპატიმრებული პირების საქმეებს შეისწავლიდა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯზე მიდის. პარასკევს დილიდან საპატიმროებში გაემგზავრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ვენედი ბენიძე, რომელიც მოშიმშილე პატიმრებთან შეხვედრებს მართავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG