Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების მოტივები


ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ იქ, სადაც ჩნდება ადამიანთა შეთანხმებული ქმედების აუცილებლობა - ოჯახში, ჯგუფში, სოციალურ ფენაში, ერში თუ სახელმწიფოში - საზოგადოება

მეყსეულად იყოფა წინამძღოლებად და მათ მიმდევრებად, ძალაუფლების მქონეებად და არმქონეებად, ხელისუფლების წარმომადგენლებად და რიგით მოქალაქეებად. ოღონდ დაქვემდებარების მოტივი თითოეულ კონკრეტულ სისტემაში სპეციფიკურია. რა მოტივით ემორჩილება საქართველოს რიგითი მოქალაქე ხელისუფლებას?


ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების ძირითადი მოტივები ოთხ ჯგუფად იყოფა: 1. საერთო მიზნის მიღწევის სურვილი; 2. რწმენა იმისა, რომ მითითებები და გადაწყვეტილებები უსიტყვოდ უნდა შესრულდეს; 3. ძალაუფლების მფლობელ პირთა რეალური ავტორიტეტი; 4. დასჯის შიში დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.

როდესაც ხელისუფლება არჩევნების შედეგების მიხედვით ყალიბდება, თითოეული მოქალაქის არჩევანი ზემოთ ჩამოთვლილი მოტივებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა ეყრდნობოდეს. რატომ გაიმარჯვეს გასულ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა და ედუარდ შევარდნაძემ? განვიხილოთ ხელისუფლების მიმართ დაქვემდებარების მოტივები ცალ-ცალკე.

არსებობდა თუ არა 1999-2000 წლებში საერთო სახელმწიფოებრივი მიზანი, რომლის მიღწევის სურვილს უკავშირდებოდა მოქალაქეთა კავშირის კიდევ ერთხელ მოსვლა ხელისუფლებაში? პარტიის მთავარი ლოზუნგი იყო: "სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ". გასულ არჩევნებში დაპირებული კონკრეტული მილიონი სამუშაო ადგილის შემდეგ ზოგადი კეთილდღეობის შეთავაზება ძნელად თუ გამოდგებოდა საერთო სახელმწიფოებრივ მიზნად.

არსებობდა თუ არა რწმენა იმისა, რომ მოქალაქეთა კავშირის და ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებები საზოგადოებამ უსიტყვოდ უნდა შეასრულოს? ცხადია, არ არსებობდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიც და პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებიც ხშირად ფარატინა ქაღალდად რჩებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.

იქნებ, ძალაუფლების მქონე პირები რეალური ავტორიტეტით სარგებლობდნენ და საზოგადოებამ ამ ავტორიტეტზე დაყრდნობით გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ აერჩია ძველი ხელისუფლება? ამ შეკითხვაზე მხოლოდ უარყოფითი პასუხი არსებობს. ხელისუფლება და დანარჩენი საზოგადოება მკვეთრად გაუცხოებული იყო და არის ერთმანეთისგან და ამის მიზეზი ურთიერთუნდობლობაა. როდესაც რიგითი მოქალაქე ხედავს, რომ ხელისუფალი თავის მდგომარეობას ანგარების მიზნით იყენებს, ავტორიტეტი უნაშთოდ ქრება.

იქნებ, საზოგადოებაში არსებობდა რწმენა, რომ ამ ხელისუფლებას შეეძლო, დაესაჯა ყველა, ვინც მის მიერ გამოცხადებულ წესრიგს არ დაემორჩილებოდა? სხვათა შორის, სწორედ ამას ჰპირდებოდა ედუარდ შევარდნაძე მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების წინ: დამნაშავეთა დასასჯელად ხელი არ ამიკანკალდებაო. თუ ასე იყო, გასულმა წლებმა თვალნათლივ დაადასტურა, რაოდენ უსაფუძვლო აღმოჩნდა მომავალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება.

ხელისუფლების მიმართ დაქვემდებარების მოტივებით თუ ვიმსჯელებთ, გასულ არჩევნებზე არანაკლებ პრობლემური მომავალი არჩევნებია. გაჩნდება საერთო მიზანი? გაჩნდება ავტორიტეტი? გაჩნდება იმედი, რომ დაუსჯელობის სინდრომი დაიძლევა? ეს პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთობლივი თავსატეხია.
XS
SM
MD
LG