Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გადაცემის ბოლოს, უცხოეთის პრესის მიმომხილვას გთავაზობთ, და ერაყის თემას ვუბრუნდებით. "დიდი მანძილი გამარჯვების შემდეგ" -ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში".

ძნელი იყო არ შეგემჩნია ჯორჯ ბუშის შთამბეჭდავი ვიზიტი ავიამზიდ "აბრამ ლინკოლნზე", რომელიც კალიფორნიის სანაპიროსთან იდგა. თქმა არ უნდა, რომ ეს სანახაობა, მომავალი წლის საარჩევნო კამპანიაზე იყო გათვლილი, თუმცა კონკრეტული მიზანი საჯარო განცხადება იყო იმის შესახებ, რომ ომი, ერაყში, დამთავრდა, და რომ აშშ მზადაა ქვეყნის აღმშენებლობას შეუდგეს - წერს "ნიუ-იორკ ტაიმსი" და განაგრძობს:

"არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაძრახავდა ბუშსა და მის გუნდს ამგვარი საზეიმო განწყობისთვის. ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა გაბედული და სწრაფი ოპერაცია განახორციელეს ერაყში, დაამხეს სისხლიანი, დიქტატორული რეჟიმი და ერის მადლობაც დაიმსახურეს. მაგრამ, როგორც ეს თავად პრეზიდენტმა აღიარა, აშშ-ის საქმიანობა ერაყში ჯერ კიდევ შორსაა დამთავრებისაგან. და სტაბილური მშვიდობის დამყარება ერაყში იქნება უფრო ძნელი, ვიდრე ომის მოგება იყო. იმ წუთიდან, როცა პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აქვს განზრახული, არავის შეპარვია ეჭვი იმაში, რომ ამერიკის ჯარი წარმატებით დაასრულებდა ამ ოპერაციას და სადამ ჰუსეინის რეჟიმსაც დაამხობდა. თუმცა იყო და დღესაც საეჭვოა - ეყოფა კია თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოთმინება - აღადგინოს ერაყი და წინაპირობები შექმნას იქ ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად?
ავღანეთში შექმნილი ქაოტური ვითარება ნაკლებად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს".

ნეტავ თუ გახდება ერაყის ომი გაკვეთილი რუსი სამხედროებისათვის? - ასეთ შეკითხვას სვამს რუსი ჟურნალისტ მაშა ლიპმანი სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ:

"ამერიკელების მიერ ერაყში განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა რუსი გენერლები. ომის დაწყებიდან სამი კვირის თავზე სადამ ჰუსეინი, მისი ჯარი და ბედუინები, ფაქტობრივად გაუჩინარდნენ. ხოლო სამ წელიწადზე მეტია უკვე, რაც ფედერალურმა ჯარმა სპეცოპერაცია დაიწყო ჩეჩნეთში, მაგრამ პარტიზანული ომი კავკასიის ამ რესპუბლიკაში კვლავაც გრძელდება, და კვირა არ ჩაივლის ისე, რომ არ მოვიდეს ცნობა ფედერალური ჯარის საგუშაგოებსა და ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის წევრებზე ახალი თავდასხმების შესახებ.
პრეზიდენტი პუტინი იმედგაცრუებული უნდა იყოს რუსი სამხედროებით. შეუძლებელია პუტინისთვის არ იყოს ცნობილი, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია რუსეთის შეიარაღებული ძალები. მაგრამ სამხედროები იშვიათად ისჯებიან თავიანთი არაკომპეტენტურობისთვის, ალბათ იმიტომ, რომ პუტინს არ აწყობს გავლენიანი გენერლების განაწყენება. მაგალითად, ატომური წყალქვეშა ნავის, "კურსკის" კატასტროფის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა იმისთვის, რათა თადარიგში გაეშვა ის ადმირალები, ყალბ ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ ბარენცის ზღვაში მომხდარი კატასტროფის შესახებ."

"დიქტატურის მემკვიდრეობა" -ასეა დასათაურებული იორდანიის გაზეთ "ალ-დუსთურში" მისი პოლიტიკური მიმომხილველის ხაირი მანსურის სტატია. სტატიაში ვკითხულობთ:

"საბჭოთა კავშირი დაიშალა; რუსებმა ტურისტებს მიჰყიდეს თავიანთი მედლები, და თან მოწმენი გახდნენ იმისა, როგორ დაანგრიეს ბევრგან ლენინისა და სტალინის ძეგლები. რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და კომუნისტური სიმბოლოები ეროვნულით შეცვალეს. ყოველი დიქტატორი მარადისობის იდეითაა შეპყრობილი. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ იარსებებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მათი ძეგლები იდგება მოედნებზე. მაგრამ ისტორიას საკუთარი საშუალებები აქვს სრული ჭეშმარიტების გამოსავლენად. სტალინი რომ დაბრუნდებოდეს საფლავიდან, მიხვდებოდა, რომ ოვაციები ვერაფერს გახდება ჟამთა სვლასთან. კრემლისა თუ ყველა სხვა სასახლის მესვეურნი, ბედისწერას ვერ გაექცევიან".
XS
SM
MD
LG