Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს


ანდრო ეული, პრაღა 30 აპრილს ჩრდილოეთმა კორეამ გამოაქვეყნა ოფიციალური განაცხადება, რომელშიც არსებითად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ფხენიანი - ბირთვულ იარაღს ფლობს.



როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სულ უფრო აგრესიული პოლიტიკის გამო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა იძულებული გახდა -შეექმნა ბირთვული იარაღი. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა გასულ კვირაში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე პეკინში აშშ-ს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმების მიღწევა.

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ ვაშინგტონს არა აქვს უფლება ბირთვულ "მუქარასა" თუ "შანტაჟში" დაადანაშაულოს ფხენიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავდაცვის მიზნით მოქმედებს.
"შეერთებული შტატები თავადაა ბირთვული იარაღის პირველი და ოფიციალურად აღიარებული მფლობელი" -ნათქვამია ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ჩრდილოეთი კორეის საკითხებში აიდან ფოსტერ-კარტერი გაუმართლებლად მიიჩნევს ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნას, მაგრამ თუკი ეს მოხდა და ჩრდილოეთი კორეა დღეს ხსენებულ იარაღს ფლობს, ამაში, ფოსტერ-კარტების აზრით, განვლილი ორი წლის მანძილზე აშშ-ის პოლიტიკას მიუძღვის ბრალი. ჯერ იყო და, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა მიმოხილვა ეგრედ წოდებული, "ბირთვული მდგომარეობის" შესახებ. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ვაშინგტონმა, პირველი დარტყმის დროს შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. იმავე მიმოხილვაში, ჩრდილოეთი კორეა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ეგრედ წოდებულ "მოულოდნელ შემთხვევათა" წყაროდ იყო მოხსენიებული.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა, ეგრედ წოდებულ "ბოროტების ღერძს" მიაკუთვნა ჩრდილოეთი კორეა ერაყთან და ირანთან ერთად. და ბოლოს, ერაყთან ომის დაწყება, ფაქტობრივად განხორციელება იყო აშშ-ის ახალი დოქტრინისა "წინასწარი თავდაცვის", ანუ "პრევენტიული ომის" შესახებ. ყოველივე ამან, როგორც აიდან ფოსტერ-კარტერი აღნიშნავს, ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგა ჩრდილოეთ კორეას.

სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა რო მუ-ჰიუნმა, რომლის სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს დაამთავრა ფხენიანში ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკება, 30 აპრილს სეულში განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ, შეერთებულ შტატებთან გარიგების მიზნით იქნა გაკეთებული.

აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა [არი ფლაიშერის ხმა]: "როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილოეთი კორეის დაჯილდოებას უგუნური ქცევისთვის, და რომ ჩვენი მიზანია - ჩრდილოეთმა კორეამ ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს თავისი ბირთვული შეიარაღების პროგრამა, და ისინი ჩვენი მხრიდან არ უნდა მოელოდნენ წახალისებას იმ ნამოქმედარისთვის, რასაც, როგორც ყოველთვის ამბობდნენ, მაინც ჩაიდენდნენ".

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, აიდან ფოსტერ-კარტერის აზრით, კორეის მიმართ უნდა შეიმუშავოს ახალი პოლიტიკა, რომელიც დიპლომატიაზე დაფუძნებული და თანაბრად მისაღები იქნება როგორც სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის, ასევე თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდისთვისაც. შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ამ ორ წამყვან წევრს ურთიერთგანსხვავებული პოზიციები უკავია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში.

მაისის შუა რიცხვებში სამხრეთი კორეის ახალი პრეზიდენტი რო მუ-ჰიუნი ვაშინგტონში ჩავა პირველი ოფიციალური ვიზიტით, და მოლაპარაკებას გამართავს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მხარეებმა უნდა გაარკვიონ, როგორ სურთ ამ პრობლემის მოგვარება. სამხედრო ძალის გამოყენება უნდა გამოირიცხოს.
XS
SM
MD
LG