Accessibility links

logo-print

ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივები აქვს საქართველოს? ეს მნიშვნელოვანი კითხვა განსაკუთრებით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივები აქვს საქართველოს? ეს მნიშვნელოვანი კითხვა განსაკუთრებით აქტუალური იყო გასულ კვირაში. როგორც 30 აპრილის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს:

"შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო კრიზისშია. ომებმა თუ პარტიულმა დაპირისპირებებმა ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა".
გაზეთი წერს:

"პრობლემების მოუგვარებლობის გამო ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო - თბილისში ჩამოსული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ამ შინაარსის მოსაზრებებს დიდი ყურადღებით ისმენენ და, მძიმე შთაბეჭდილებების მიუხედავად, მიანიშნებენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას გარანტად მაინც დაუდგებიან.
"მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში ეს მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ აქ სტაბილურობა გვჭირდება", - განმარტავს დელეგაციის ხელმძღვანელი მარკუს მეკელი, რომელსაც მიაჩნია, რომ "დსთ-ის სივრცეში საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა". თუმცა, ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის უნარი არ შესწევს. დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობაც".


"მთავარი გაზეთი" შენიშნავს, რომ, "მართალია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ამ ვიზიტის დროს აფხაზეთში არ ჩასულან, მაგრამ მეკელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "კონფლიქტის ზონაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ხელს რუსეთი უშლის". ბერკეტი, რომელიც ამ შემთხვევაში ნატოს გააჩნია, ერთადერთია:


"რუსეთი როგორმე უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის ინტერესებში შევიდეს და პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს. ეს იქნება ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რუსეთის, საქართველოსა და აფხაზეთისთვისაც კი", - აცხადებს მეკელი.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა წინასაარჩევნო პერიპეტიებმა, სხვა ზემოხსენებულ პრობლემებთან (კორუფცია, დარღვეული ტერიტორიული სივრცე) ერთად, შეიძლება ნატოში საქართველოს გაწევრიანების ვადებზე თავისი ასახვა პოვოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საარჩევნო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოების დამოკიდებულება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება".
"საქართველოს პოლიტიკოსებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ვადების გადაწევა მათ მიერ მოყვანილ ობიექტურ მიზეზებს ეფუძნება, რაც ორივე მხარისთვის საკმაოდ დამაჯერებელია.
მარკუს მეკელის თქმით, "სანამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში განსახილველად დადგება, ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი რამეა გადასაწყვეტი".
თუმცა, როგორც "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, "ამ პრობლემის ლობირებას საქართველოს პოლიტიკოსებთან ერთად იგი მაინც იწყებს".

ახლა კი საარჩევნო პრობლემატიკის შესახებ გესაუბრებით.
1 მაისის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "წინა დღეს მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღის განსაზღვრა სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს, თავის საპარლამენტო მდივანს მარიამ ცაცანაშვილს და რეგიონალური სამსახურის უფროსს ირაკლი ბოჭორიძეს დაავალა.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ყურადღება მიიპყრო ზურაბ ჟვანიას მიერ ერთ-ერთ ელჩთან (სავარაუდოდ, აშშ-ის ელჩ რიჩარდ მაილსთან) გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობაში ერევა და თავის გადაწყვეტილებას ახვევს თავს. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, ჟვანია გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპებს შეეხება. "თუ რაიმე ზედმეტი გავაკეთეთ, გამოიწვიეთ დოკუმენტი", -განაცხადა შევარდნაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა მთელი კატეგორიულობით აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, თავად პრეზიდენტი, შეცდომაშია შეყვანილი იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა რაიმე საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა პარლამენტში.
ცაცანაშვილის თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტის ინიციატივით არავითარი დოკუმენტი არ შეუტანია პარლამენტში. საუბარია ფრაქციების მიერ შედგენილ 34-გვერდიან დოკუმენტზე, რომელიც შეეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, ამომრჩეველთა სიების შედგენას, ცესკოს დაკომპლექტებას და სხვა. "თუ ეს დოკუმენტი მათთვის მისაღები არ არის, იმსჯელონ სხვაზე", - აცხადებს ცაცანაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო არჩევნების დღის დანიშვნა, რაზედაც მან თხოვნით მიმართა პრეზიდენტს. ცაცანაშვილი ამბობს, რომ შევარდნაძეს ორი დღის ვადაში წარედგინება აღნიშნულის თაობაზე წინადადებები".


2 მაისის გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს, რომ "პირველ მაისს საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ დიპკორპუსს მეტად აქტიური დღე ჰქონდა. საქართველოს პრეზიდენტს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანს - აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი რიჩარდ მაილსი".
გაზეთი გვამცნობს:


"უცხოელმა დიპლომატებმა, ეტიკეტისა და თავაზიანობის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ედუარდ შევარდნაძეს თავდაპირველად რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის გამარჯვება მიულოცეს. პრეზიდენტმა, რომელსაც (უნდა ვაღიაროთ) იუმორის გრძნობა ნამდვილად არ ღალატობს, მოკრძალებულად შენიშნა, რომ "თარსი" ფეხი აქვს და გუნდის გამარჯვებას მხოლოდ სტადიონზე არმისვლით შეუწყო ხელი.
შემდეგ დიპლომატები საქმეზე გადავიდნენ. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობას გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში გაააქტიურონ თანამშრომლობა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სტრუქტურებთან.
"საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწიოს", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბრიტანეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, ქ-მა დებორა ჯონსმა. მან უმთავრეს მიზნებს შორის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება და ამისათვის საარჩევნო სიების დაზუსტება დაასახელა".


გაზეთი აღნიშნავს, რომ "უცხოელები მხოლოდ ზოგადი მოთხოვნებით არ შემოფარგლულან. მათ რამდენიმე პრინციპულ რეკომენდაციაზე - ამომრჩეველთა სიების უმოკლეს ვადებში შედგენაზე, საარჩევნო კომისიების რეფორმირებასა და არჩევნების გამჭვირვალობის დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება, რათა მოსახლეობას ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს.


მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის ელჩმა ქ-ნმა დებორა ჯონსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პრეზიდენტ შევარდნაძეს აკისრია, როგორც ქვეყნის ლიდერს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, რისთვისაც გადამწყვეტი ნაბიჯები, უწინარესად, ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ელჩების თქმით, მათი ქვეყნები მზად არიან, ამ მიზნით საქართველოს დიდი მოცულობის ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიონ".


"ხვალინდელი დღე" გვამცნობს, რომ "სხვა საკითხებთან ერთად (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ვიზიტი, ქართველი ძალოვნების ერაყში გაგზავნა და ა.შ.), უშიშროების საბჭოს მდივანთან თედო ჯაფარიძესთან საუბარში მომავალ არჩევნებს საქართველოში ამერიკის ელჩი ბ-ნი რიჩარდ მაილსი შეეხო.


მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნების დროს უპირატესობა ხელისუფლებას აქვს, თუმცა, თუ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ რესურსებსა და ფინანსებს არასწორად გამოიყენებს, ამომრჩეველს სრული უფლება აქვს, ამის შესახებ შეიტყოს.
მაილსის სიტყვებით, არის პრეცედენტები, როცა ხელისუფლების არასწორი ქმედებები საჯაროდ გაცხადდება ხოლმე, რაც, მისი თქმით, გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის ჯგუფს ევალება, ის არის, რომ თვალი ადევნოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. მისივე თქმით, არჩევნების ჩასატარებლად მეგობარი ქვეყნები საქართველოს დიდ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ. ზუსტად რა თანხაზეა საუბარი, მაილსს ამის შესახებ ინფორმაცია არა ქვს, მაგრამ ეს საიდუმლო არ იქნება. მაილსი აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების იოლად ჩატარებას ნამდვილად არ ელის".
XS
SM
MD
LG