Accessibility links

logo-print

კორუფცია რუმინეთის განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა


რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმთავრეს წინაღობად კორუფციას მიიჩნევენ. რუმინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ უკვე არაერთი მკაცრი ზომა მიიღო კორუფციის დასაძლევად,

მაგრამ დასავლელი ექსპერტები მას ამ ზომების პრაქტიკული განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

"ტრანსპერენსი ინტერნეიშენალის" ე.წ. კორუფციის აღქმის 2002 წლის ინდექსის მიხედვით გამოკვლეულ 102 ქვეყანას შორის რუმინეთი 77-ე ადგილზეა. "ტრანსპერენსი ინტერნეიშენელის" კორუფციის აღქმის ინდექსი 9 დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და რიგით მოქალაქეებს შორის ჩატარებული 15 სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოითვლება. მაქსიმუმი, რაც შეიძლება რესპონდენტმა კორუფციის დონის შეფასებისას ქვეყანას მიანიჭოს, 10 ქულაა, ანუ 10 ქულა ნიშნავს ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულობას. რუმინეთის მაჩვენებელი 2,6 ქულას შეადგენს. შედარებისთვის, აქვე გეტყვით, რომ საქართველო უკრაინასა და ვიეტნამთან ერთად "ტრანსპერენსი ინტერნეიშენალის" სიაში 85-ეა 2,4 ქულით. ევროკავშირის მეორე კანდიდატი ქვეყანა, რომელიც 2004 წლის გაფართოების რკალში არ მოყვა, არის ბულგარეთი და ის კორუფციის აღქმის ინდექსით 102 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა.

"ტრანსპერენსი ინტერნეიშენალის" წარმომადგენელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სარა მორანტემ "რადიო თავისუფლებას" განუმარტა განსხვავება კორუფციის ნამდვილ დონესა და კორუფციის აღქმის მაჩვენებელს შორის:

[მორანტეს ხმა]
"აღქმის ნაწილი, რასაკვირველია, მოდის ინვესტორებისგან და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისგან, რომლებიც ქვეყანას იქ არსებული საინვესტიციო კლიმატით აფასებენ და ეს ერთ-ერთი მთავარი ასპექტია როცა კორუფციის საკითხს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად. და თუკი ევროკავშირისა და რუმინეთში მისი წარმომადგენლის ამასწინანდელ შეფასებას შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ რუმინეთს კიდევ აქვს გადასადგმელი არაერთი ნაბიჯი მანამდე, სანამ კონკრეტულად სიტუაციის კონტროლს შეეცდება".

რუმინეთში კორუფციის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ 15 აპრილს ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე რუმინეთში შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ გესტის გამოსვლამ ბევრის გაოცება და ბევრის აღშფოთება გამოიწვია. გესტმა კორუფციას რუმინეთის სირცხვილი უწოდა და განაცხადა, რომ კარგად ესმის თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ბიზნესმენები, რომლებსაც კარგი კონტაქტები აქვთ რუმინეთის ხელისუფლებაში, მკაცრი კანონების მიღებასა და განხორციელებას. გესტმა აღიარა, რომ კორუფციის პრობლემა დგას შეერთებული შტატების წინაშეც, თუმცა, მისი თქმით, განსხვავება იმაშია, რომ კორუფციის გამოვლენილი ფაქტის ობიექტურად განსჯისთვის ამერიკელი იურისტი შესანიშნავ კარიერას იკეთებს, რუმინეთში კი კორუფციის საქმეები ისევ კორუფციის მსხვერპლი ხდება. გესტი თვლის, რომ კორუფციის მიზეზი რუმინეთში არც მემარცხენე-ცენტრისტობაა და არც მემარჯვენე-ცენტრისტობა. "კორუფციის მიზეზი არის კონკრეტული პირების სიხარბე", - განაცხადა გესტმა - "ისინი დიდად არ დაეძებენ პოლიტიკას, არამედ იყენებენ იმ პარტიას, რომელიც სჭირდებათ კონკრეტულ მომენტში".

და კიდევ ერთი, რაც გესტმა რუმინეთის ხელისუფლების გასაგონად კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში თქვა: "ნუ გააკეთებთ ამას ნატოსთვის, ან ევროკავშირისთვის. ნუ გააკეთებთ ამას იმისათვის, რომ მსოფლიო ბანკის საკრედიტო კრიტერიუმი დააკმაყოფილოთ. არამედ გააკეთეთ ეს საკუთარი თავისთვის, საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის".

რუმინეთში შეერთებული შტატების ელჩის ამ გამოსვლას სულ მალე მოჰყვა ბუქარესტში შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ობი მურის შენიშვნა, რომ კორუფციამ შეიძლება ხელი შეუშალოს რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც 2007 წლისთვის არის დაგეგმილი.

ექსპერტთა აზრით, რუმინეთის კორუმპირებულ ქვეყნად აღქმა უმთავრეს როლს ასრულებს ინვესტორთა დაფრთხობაში. "ტრანსპერენსი ინტერნეიშენალის" შეფასებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში რუმინეთმა შედარებით მცირე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეძლო, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის სხვა ყოფილმა კომუნისტურმა ქვეყნებმა. რუმინეთში ბოლო 13 წელიწადში მთლიანმა უცხოურმა ინვესტიციამ 9 მილიარდი დოლარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 410 დოლარი შეადგინა, როცა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 1600 დოლარია ერთ სულ მოსახლეზე.

რუმინულად ქრთამს "შპაგა" ქვია. "შპაგის" მასშტაბს, როგორც ყველგან, რუმინეთშიც, გასაკეთებელი საქმის მნიშვნელობა განსაზღვრავს. მაგალითად, გასულ წელს რუმინეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დააპატიმრა ერთ-ერთი მინისტრის მრჩეველი, რომელიც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ბიზნესმენს კომერციული სარჩელის მის სასარგებლოდ გადაჭრისთვის 4 მილიონი დოლარი მოსთხოვა.

რუმინელი ჟურნალისტი, რომელიც გამოძიებითი ჟურნალისტიკით არის დაკავებული, ამბობს, რომ რუმინეთში შეერთებული შტატების ელჩის მწვავე დამოკიდებულება სწორედ დასავლელ ბიზნესმენთა ჩივილით იყო გაპირობებული. რუმინელი ჟურნალისტი ასე აღწერს სიტუაციას:

[ჟურნალისტის ხმა]
"იმისათვის, რომ რომელიმე მინისტრამდე მიაღწიო, საჭიროა გადაიხადო ე.წ. "კარის" ქრთამი, იგივე "შპაგა", როგორც მას აქ უწოდებენ, იმისათვის, რომ მინისტრის ოფისში შეგიშვან. რა თქმა უნდა, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამის ინპირაციას მინისტრი ახდენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედარებით დაბალი დონის ჩინოვნიკები მთავრობის შენობაში შეიძლება სთავაზობდნენ ხალხს ასეთ გარიგებას იმისათვის, რომ თავი საკონტაქტო პირებად, მინისტრების ოფისებისკენ გზის გამკაფავებად წარმოაჩინონ".

რუმინეთზე ვსაუბრობთ და მეც და, ალბათ, მსმენელსაც თვალწინ გვიდგას საკუთარი ქვეყანა, რომლის განვითარებასა და მომავალსაც ისევე განსაზღვრავს კორუფციის დაძლევა, როგორც რუმინეთისას და მაიკლ გესტის არ იყოს, ეს არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ფრთის დამახასიათებელი სენი, არამედ კორუფციის საფუძველი ერთი არა პარტიული არამედ ადამიანური თვისება - სიხარბეა.
XS
SM
MD
LG