Accessibility links

წლევანდელმა გაჭიანურებულმა ზამთარმა


წლევანდელმა გაჭიანურებულმა ზამთარმა

დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზეც იმოქმედა - როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, "აქტიური კულტურული სეზონის" გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. გაზაფხული მალე მიიწურება, მაგრამ თბილისის თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ისევ ძალიან ცივა. მუსიკალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ გვითხრა, მაგალითად, რომ ცენტრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გადაედო გაზაფხულისთვის დაგეგმილი კონცერტები, რადგან გათბობის გარეშე დარჩენილი დარბაზი სრულიად გაიყინა. მუსიკალური კულტურის ცენტრმა ასეთ პირობებში ვერ შეძლო უცხოელი მუსიკოსების მოწვევა, თუმცა ქართველებს, უფრო სწორად, ქართველ ახალგაზრდებს მაინც დაუთმო დარბაზი - 30 აპრილს აქ საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა მესამე კონკურსის საზეიმო დახურვა და გალა-კონცერტი მოეწყო. პიანისტთა კონკურსში პირველი პრემიის ლაურეატი თამარ ლიჩელი გახდა, მეორე პრემია - გიორგი ბერიძემ მოიპოვა, მესამე - თბილისის კონსერვატორიის სტუდენტმა თამარ ჩიტაძემ. ვოკალისტების კონკურსში გაიმარჯვეს ნიკოლოზ ლაგვილავამ, ქეთევან ქემოკლიძემ და შავლეგ მაჭავარიანმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სიმებიან და სასულე ინსტრუმენტების კონკურსშიც. სპეციალისტები კონკურსის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ და ამტკიცებენ, რომ მუსიკალურ სამყაროში საქართველოს ისევ არა აქვს პრობლემები. ამიტომაცაა, ალბათ, რომ რესპუბლიკური კონკურსის დასრულებისთანავე თბილისში ახალგაზრდა პიანისტთა, ახლა უკვე საერთაშორისო, კონკურსი გაიხსნა. ამ კონკურსებს მუსიკოსთა განსხვავებული ჯგუფები ატარებენ.

პატარაა საქართველო, მაგრამ ფესტივალების, კონკურსების, ისევე როგორც პარტიების, ტელევიზიების, არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი ჩვენში დღითიდღე იზრდება. და თუ პოლიტიკური პარტიები იძულებულები არიან, არჩევნების წინ მაინც იფიქრონ გაერთიანებაზე, კულტურის მუშაკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აწუხებთ, ამიტომ ადამიანთა პატარა ჯგუფები კვლავაც "საკუთარ" სამხატვრო დარბაზებს, თეატრებს, ორკესტრებს, ტელევიზიებს აარსებენ. ეს ტენდენცია "წვრილბურჟუაზიული" თუ "კერძომესაკუთრული" ვნებებით შეიძლება ავხსნათ, თუმცა კულტურულ-პარტიული მრავალფეროვნებით მაყურებელი აშკარად იგებს - მას არჩევანი მეტი აქვს. იგებს მთლიანად ქართული კულტურაც, რომელიც ნელ-ნელა კონკურენციის პირობებში ვითარდება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ქართული კულტურის მუშაკებს მხოლოდ გაზაფხულზე ეღვიძებათ ხოლმე. გასულ კვირას თბილისის თეატრალურ დარბაზებში, მაგალითად, პრემიერების მთელი ფეიერვერკი გაიმართა - ახალი სპექტაკლები უჩვენეს გრიბოედოვის რუსულ თეატრში, თავისუფალ თეატრში, პრემიერა მოეწყო "სამეფო უბნის თეატრში"... ოღონდ ეს უკანასკნელი პრემიერა, სწორედაც რომ, "კულტურული სეპარატიზმის" წინააღმდეგ იყო მიმართული - რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა კავკასიურმა თეატრალურმა ლაბორატორიამ წარმოადგინა თავისი პირველი პროექტი "თანამედროვე დრამატურგების პიესები", რომლის მიზანი ქართული თეატრის ჩართვაა მსოფლიო თეატრალურ პროცესებში. "რანაირად მოხდება ეს, თუ საქართველოში არ არის ფული თეატრის ასაღორძინებლად?" - იკითხავს ის, ვინც დარწმუნებულია, რომ თეატრი დღეს, პირველ რიგში, სანახაობაა, რომლის დადგმა სოლიდურ თანხას მოითხოვს. მაგრამ ამ პროექტის ერთ-ერთ ავტორს, რეჟისორ დავით საყვარელიძეს, რომელსაც, სხვათა შორის, სანახაობრივი წარმოდგენების დადგმის გამოცდილებაც აქვს (კერძოდ, ძალიან უყვარს ოპერა), მიაჩნია, რომ თანამედროვე სპექტაკლი სულაც არ ნიშნავს ძვირად ღირებულ სანახაობას. პირიქით, გაზეთ "რეზონანსის" კორესპონდენტთან საუბრისას დავით საყვარელიძე აღნიშნავს, რომ აქვს "თეატრის მიმართ ანტიბურჟუაზიული მიდგომა", ე.ი. აპირებს მცირებიუჯეტიანი წარმოდგენების დადგმას. "სამეფო უბნის თეატრში" გამართულ პრემიერაზე ლაშა ბუღაძის პიესისა "ის სკამი და, აი, ეს საწოლი" დავით საყვარელიძემ განაცხადა:

[დავით საყვარელიძის ხმა]: "ეს იქნება ერთწლიანი სეზონი, კიდევ განხორციელდება ორი სპექტაკლი და ოქტომბრისთვის ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალს... ეს არის მცირე ზომის სპექტაკლები, ე.ი. მცირებიუჯეტიანი. არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს."

წარმოდგენის დაწყების წინ "სამეფო უბნის თეატრის" ფოიეში გაიყიდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით დაბეჭდილი წიგნი, რომელშიც ეს მცირე ზომის პიესებია თავმოყრილი. სპექტაკლის დაწყების წინ ამ პიესების წაკითხვას, რა თქმა უნდა, ვერავინ მოასწრებდა. თუმცა საყვარელიძის აზრით, სასურველია, რომ მაყურებელმა წინასწარ იცოდეს, რას უნდა უყუროს.

[დავით საყვარელიძის ხმა]: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვა ადამიანი სპექტაკლზე, პიესა წაკითხული ჰქონდეს, რათა შეადაროს ავტორის ჩანაფიქრი და სპექტაკლის შესაძლებლობები."

სამწუხაროდ, პირადად მე ლაშა ბუღაძის პიესა "ის სკამი და, აი, ეს საწოლი" წაკითხული არ მქონდა, თორემ სპექტაკლის ავტორების (როგორც მწერლის, ისე რეჟისორის) პოზიციას უკეთ გავიგებდი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მეგონა, ვიხილე პიესა, რომელიც ეხება ჩვენი საზოგადოების ერთ უკურნებელ სენს - ადამიანების პირად ცხოვრებაში შეჭრის ვნებას. თავად განსაჯეთ, წარმოდგენის გმირები, ცოლი და ქმარი, რომელთა როლებს ნინო ბურდული და გიორგი ნაკაშიძე ასრულებენ, რბილად რომ ვთქვათ, "უწესოდ" ცხოვრობენ... ცოლს ჰყავს საყვარელი, რომელსაც პიესაში "ვიღაც კაცი" ჰქვია (ამ როლს თემო ნატროშვილი ასრულებს), მაგრამ ქმარი არა მარტო თვალს ხუჭავს ღალატზე, არამედ, ფაქტობრივად, მათ სარეცელსაც იყოფს. სხვათა შორის, სცენაზე უზარმაზარი ხის საწოლი დგას, რომელშიც სამი კი არა, ბარემ მეოთხეც დაეტევა. ცოტა ხანში სცენაზე ეს მეოთხეც ჩნდება - ასაკოვანი მეზობელი, რომელიც ცოლ-ქმარს "თვალს აუხელს", ან, უფრო "თანამედროვედ" თუ ვიტყვით, "ნამუსზე ააგდებს"...რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოჩვენებითი ჰარმონია დაინგრეს და ურთიერთშეთანხმება - ძალადობით დასრულდეს. მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო:

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

და ასე დამთავრდა:

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

მაგრამ, ეტყობა, ხელოვნების ნაწარმოებში ყველა იმას ხედავს, რაც აწუხებს. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს აბსურდული სანახაობა, მიზანდასახულად ხელოვნური ტექსტით, რომელიც მსახიობებს საშუალებას აძლევს შეაფასონ თავიანთი გმირები, ერთი ჩვეულებრივი "მორალისტური პიესა" ყოფილა... ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე "გაგვიშიფრა" პიესა ქართულმა მედიამ - "სპექტაკლი იმაზე, თუ რა საშინელებაა სიყალბეში ცხოვრება"... გამოდის, რომ ეს "სტალინური ტიპი", რომელსაც მარლენ ეგუტია განასახიერებს, უკბილო მეზობელი "ენკავედეს" თანამშრომლის ჩექმებში, "სიმართლის მთქმელი" ყოფილა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ავტორებიც დაეთანხმნენ ასეთ ინტერპრეტაციას, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ "ის სკამი და, აი, ეს საწოლი" - "ძლიერი ხელის" თუ "სიმართლის მთქმელის" ნოსტალგია ყოფილა. "ძლიერი ხელის" რა მოგახსენოთ, მაგრამ "სიმართლის მთქმელებს" დღევანდელ საქართველოში რა დაითვლის.

თანაც ყველას თავისი სიმართლე აქვს - თეატრებს, ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს... ფესტივალებსაც. ამ კვირაში საზეიმოდ გაიხსნა მიხეილ თუმანიშვილის თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი", რომელიც ამიერიდან არა შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე გაიმართება. 2003 წლის "გიფტის" შესახებ მე ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG