Accessibility links

logo-print

ახალგაზრდულ პროგრამას დღეს


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამას დღეს

დავუთმობთ ახალი თაობის ორ ქართველ ტელეჟურნალისტს, რომლებიც ავტორები არიან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა შესახებ უნიკალური ფილმისა "მშვიდობის იმედით". მამუკა ყუფარაძისა და მიხეილ მირზიაშვილის ეს ფილმი აჩვენეს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით, ოღონდ იმ დროს, როცა ტელევიზორს თითქმის არ უყურებენ. ჩვენც მიმოვიხილეთ ერთხელ. გადაცემის პირველ ნაწილში ეკა წამალაშვილი გაგაცნობთ ჩვენი სტუმრების თვალსაზრისს ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრებისა და ურთიერთქმედების პერსპექტივაზე, ხოლო შემდეგ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ფილმის ავტორებთან. მამუკა და მიხეილი ახლახან დაბრუნდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც მათ ნამუშევარს არაერთგვაროვანი რეაქცია შეაგებეს.


ეკა წამალაშვილი:

ჩვენს გადაცემებში ზედიზედ რამდენჯერმე გვქონდა საუბარი შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით ქართველ და ოს თუ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის შედგა. ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც ასეთ ღონისძიებაში მიუღიათ მონაწილეობა და ცდილობენ რაღაცნაირად საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართველებსა და აფხაზებს შორის ომით დაკარგულ ურთიერთობათა აღდგენაში, ჩვენს გადაცემებში აღუნიშნავთ, რომ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობამ ომით დაკარგულის მშვიდობიანი გზით აღდგენის იმედი გაუღრმავათ. დღესაც აფხაზეთში და მთელ საქართველოში მშვიდობისთვის და მშვიდობის იმედით მოქმედ ადამიანებთან გვიწევს შეხვედრა. მიხეილ მირზიაშვილი და მამუკა ყუფარაძე აფხაზეთში, აფხაზი ჟურნალისტების დახმარებით, მორიგ სატელევიზიო ფილმზე მუშაობენ. ამ ფილმისთვის მათ უკვე ჰქონდათ გადაღებები სოხუმის ბაზარში, სოჭი-სოხუმის მატარებელში და აფხაზეთის სხვადასხვა სოფლებში. ბოლო წლების მანძილზე ამ ადამიანებმა მოახერხეს მოევლოთ აფაზეთის დიდი ნაწილი, გალის რაიონიდან დაწყებული, სოხუმს იქითა სოფლების ჩათვლით, შეხვედროდნენ აფხაზებს და არაერთხელ ეთქვათ მათთვის, რომ მიუხედავად ყევლაფრისა, საქართველოში არიან ადამიანები, და საკმაოდ ბევრნიც, რომლებიც აფხაზებს მტრებად არ აღიქვამენ.

[მიხეილ მირზიაშვილის ხმა]: "ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის მუშაობს, ადამიანური ღირებულებები ერთნაირი გვაქვს, მაგრამ, როდესაც უხსნი, რომ ქართველებში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აფხაზებთან მოძებნონ ნორმალური თანაცხოვრების გზები, პასუხი ასეთია: რამდენი ხართ ასეთი ადამიანები და სად ხართ? "

აფხაზების ამ შეკითხვის პასუხად, რომელიც მიხეილ მირზიაშვილმა გაიხსენა, ფილმზე "მშვიდობის იმედით" აფხაზეთიდან დევნილთა რეაქცია უნდა მოვიყვანოთ, საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილი ადამიანების პოზიტიური რეაქცია. მამუკას და მიხეილის მიერ "მშვიდობის იმედით" დანახულ აფხაზეთს მათ ნაწილში გაღიზიანება არ გამოუწვევია. ქართველ ჟურნალისტებს არც აფხაზეთში უგრძვნიათ გაღიზიანება იქ მათი გამოჩენის გამო. მამუკა ყუფარაძის თქმით:

[მამუკა ყუფარაძის ხმა] "წუთის გაცნობილმა აფხაზებმა, რომლებსაც ახსოვთ ქართველები, - მეზობლები, მეგობრები, - დაგვპატიჟეს სახლში. გაგვაცნეს შვილები, ცოლი, უთხრეს: " აი, ესენი არიან ქართველები". სუფრა გაშალეს და ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ საბურავის გახეთქაც ქართველების მიერ ჩადებული ნაღმის აფეთქება ჰგონიათ, უფრო და უფრო მეტ დაინტერესებას ავლენენ ქართველების მიმართ. "

ამის დადასტურებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ, მამუკასა და მიხეილის მსგავსად, აფხაზი ჟურნალისტებიც აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოზე ფილმის გადაღებას. ასეთ ფილს, თუ ის შეიქმნება, აფხაზეთის ტელევიზიით, ალბათ, არ გადასცემენ, მაგრამ აფხაზეთში გარკვეული წრეები ხომ მაინც ნახავენ. როგორც მამუკა და მიხეილი ამბობენ, პრობლემა სწორედ ის არის, რომ სოხუმის რეჟიმისა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ძალისხმევით, აფხაზებს სისტემატურად მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ ქართველები ძლიერდებიან და აფხაზებთან ანგარიშსწორებას აპირებენ. ეს ადამიანები მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ, პენსიას დაახლოებით 2 ლარის ტოლფასს იღებენ და, დამოუკიდებლობის ნაცვლად, იზოლაციაში ცხოვრობენ ილუზიით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ. "აფხაზეთში მოგზაურობამ საბჭოთა რეალობა გაგვახსენა, დრო, როცა ადამიანებს არ ჰქონდათ წარმოდგენა, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის იქით, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ იმიტომ, რომ კომუნიზმს აშენებდნენ," - გვითხრა მამუკა ყუფარაძემ. მას და მიხეილ მირზიაშვილს, ისევე როგორც ბევრ მათ თანამოაზრეს, აფხაზებს შორის დამკვიდრებული ილუზიის გაფანტვის გზად მათთან კავშირის გაღრმავება მიაჩნიათ, ასევე, ქართველებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება, მათ შორის, გალის რაიონის ზედა ზოლის სოფლებში, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობენ და სადაც მეზობლებს - ქართველებსა და აფხაზებს - არაერთხელ დაუცვიათ ერთმანეთი შეიარაღებული ბანდფორმირებების შემოტევისგან.

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა ყუფარაძესა და მიხეილ მირზიაშვილთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG